ნემსის ყუნწის ტრიუმფალური თაღი
წინასიტყვაობა
არგონავტები როცა მოვიდნენ, ჩემს ქალაქს ერქვა აია city.
ახლა თეთრ სახლში რაზე მორიგდნენ, ამას გავიგებთ მედეას მზითვით.
...ვერსაიდან რომ ვეღარ მომიდგნენ, მომიკლეს ჩემი აივნის ჩიტი, გაჩუმებისთვის ფული მომიგდეს და მოთმინების შეუნთეს ფითილს. ერთს გეფიცები, დედა მომიკვდეს, შეცვალეს ჩემი სამშობლოს მითი.
პოლიტიკოსთა ფრაზები როცა
შეიყრებიან ცაზე ღრუბლებად,
მე მეგაფონში
აღვავლენ ლოცვას:
- თავისუფლება თავისუფლებას!
გათავისუფლდით თქვენი თავისუ-
ფლებისგან! - ბრძანებს მძლავრი ტრიბუნა
და ვხედავ ქუჩას
ცოფით დანისლულს,
რომელმაც ჩემგან პირი იბრუნა.
და განწირული ქართული კითხვა:
- ევროკავშირი ახლოა, მისტერ?
- შორსაც რომ იყოს,
მომხედე, მიხავ!
იმ ღამეს მართლა აღმდგარა ქრისტე.
ქართველის გულში, ვნაღვლობ, რომ სისტე -
მატური სახე მიიღო შიშმა...
- მომხედე, მართლა აღმდგარა ქრისტე,
- ვაჟი, რომელიც ბეთლემში იშვა.
გვიგვიანებენ შესვლას ნატო-ში,
მუცოსკენ გზებიც შეუკრავთ ქისტებს,
მაინც მომძებნის
სხივი გათოშილს, -
იმ ღამეს მართლა აღმდგარა ქრისტე.
პოეტის ფიქრი დაეძებს ბილიკს,
ციდან მიწამდე,
მიწიდან ცამდე...
რომ წინაპარმა იპოვოს შვილი,
რომ შვილს თავისი წინაპრის სწამდეს.
პოეტმა იგრძნო
აღდგომა მკვდრეთით
და საკუთარი მოხაზა ნიშა, -
სტრიქონი, როგორც შადრევნის წვეთი
ააღორძინებს უდაბნოს ქვიშას.
... პირჯვარს მაშინაც ვაგნებდი უწინ,
გეთსიმანიის რომ თრთოდა ბაღი,
სუნთქავს პოეტი
და ნემსის ყუნწის
ტრიუმფალური იხსნება თაღი.