logo_geo
eng_logo
„განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭება საქართველოს ურთიერთობას დიდ ბრიტანეთთან, NATO-ს ფორმატში“
- +

25 ივნისი. 2016. 14:24


დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობამ ხმა  ქვეყნის  ევროკავშირიდან გასვლას მისცა, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მსოფლიო პოლიტიკაზე. როგორ აისახება ბრიტანული  რეფერენდუმის შედეგები საქართველოზე, ამის შესახებ „ფოსტალიონს" ექსკლუზიურად „საქართველოს განვითარების ლაბორატორი" დირექტორი ირაკლი გოგავა ესაუბრა.



ირაკლი გოგავა: -2017 წელს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა უნდა გამხდარიყო და დიდი ალბათობით ეს აღარ მოხდება. მიზეზი კი გუშინდელი რეფერენდუმია. ამ გადაწყვეტილებას ექნება მოკლევადიანი და გრძელვადიანი შედეგები. მათ შორის, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკაზეც, რომელშიც ჩვენ ვმონაწილეობთ და მოლდოვასთან ერთად ამ პროცესის ლიდერები ვართ.



-რეფერენდუმის გადაწყვეტილების აღსრულებას გარკვეული სამუშაოები და დრო სჭირდება, რამდენ ხანს შეიძლება ეს პროცესი გაგრძელდეს?



-რეფერენდუმის ნების აღსრულებას ახალი პრემიერი დაიწყებს. მოქმედმა პრემიერმა ქემერონმა გააკეთა განცხადება, რომ ის სამ თვეში გადადგება, რადგან სწორედ ის იყო ქვეყნის ევროკავშირში დარჩენის მთავარი აპოლოგეტი, უმრავლესობამ კი მის არჩევანს მხარი არ დაუჭირა. გასვლის პროცედურები დაიწყება ახალი პრემიერის მეთაურობით სექტემბერში და სავარაუდოდ, რამდენიმე წელს გასტანს. ცხადია, უკვე დღეიდან ბრიტანეთის პოზიციები ევროკავშირში და პანევროპულ სტრუქტურებში შედარებით შესუსტდება.ბრიტანეთის და ევროკავშირის ურთიერთობები ფორმალურად შესაძლოა იყოს იმავე ფორმის, რაც საქართველოს აქვს ანუ ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, ან სპეციალურად მოიგონონ ახალი ფორმატი ექსკლუზიურად ბრიტანეთისთვის. ამაზე მსჯელობა წლის ბოლოდან დაიწყება.



-და რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს საქართველოზე?



-საქართველო, დიდი ბრიტანეთის სახით, კარგავს სერიოზულ მხარდამჭერ ხმას ევროკავშირში, რომელიც ბალტიისპირეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად უკომპრომისოდ იცავდა საქართველოს ინტერესებს, განსაკუთრებით რუსეთის აგრესიისგან. ევროკავშირი ერთიან ენერგეტიკულ პოლიტიკას აწარმოებს და წევრი ქვეყნები ერთიანი პოზიციით გამოდიან მილსადენების, გაზსადენების და სხვა სახის ენერგეტიკულ პროექტებზე. მით უმეტეს, რომ ბრიტანეთი წარმოადგენს ენერგეტიკული სფეროს ისეთ გიგანტს, როგორიცაა „British  Petroleum". ამ საკითხებში კი ბრიტანეთი უპირობოდ უჭერდა მხარს საქართველოზე გამავალ ენერგოსატრანზიტო მარშრუტებს, რამდენიმე მათი უშუალო მონაწილეობით განხორციელდა კიდეც (ბაქო-სუფსა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი). ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ ენერგეტიკულ საკითხებში წონა გერმანიას, საფრანგეთს და იტალიას მოემატებათ, რომლებიც არაერთგზის არიან „შემჩნეულნი"" მოსკოვთან ეკონომიკურ და აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ ფლირტში. ეს კი პოტენციური ენერგოდერეფნების საქართველოზე გატარების ალბათობას ამცირებს, რაც პირდაპირ წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევას.



-რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამ ახალ რეალობაში?



-ბრიტანეთში უმალვე მოხდება ორმხრივ ურთიერთობებზე გადასვლა და სხვა ქვეყნებმაც ამას მხარი უნდა აუბან, მათ შორის, საქართველომაც, განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭება საქართველოს ურთიერთობას დიდ ბრიტანეთთან ნატო-ს ფორმატში.



-რეფერენდუმის ნების აღსრულების შემთხვევაში, როგორი იქნება ურთიერთობები ბრიტანეთსა ევროკავშირის სხვა ქვეყნებს შორის?



-დიდ ბრიტანეთს და ევროკავშირს შორის უდავოდ წარმოიქმნება ურთიერთობების სპეციალური მექანიზმი, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ მექანიზმმა მიაღწიოს ეფექტურობის ისეთ დონეს, როგორიც დღეს არსებობს ევროკავშირის ჩარჩოებში. ევროკავშირის დეკადენსს რაც შეეხება, არ ველი, რომ ამას ადგილი ექნება. დიდი ბრიტანეთი დარჩება ევროპის განუყოფელ ნაწილად, უბრალოდ ბევრ საკითხზე მას თავისი აზრი ექნება, რომელიც ასევე ხშირად შესაძლოა დაემთხვეს ბრიუსელში მიღებულ გადაწყვეტილებებს. ისლანდია, ნორვეგია და შვეიცარია სულაც არ არიან ევროკავშირის წევრები, მაგრამ ისინი ევროპის ორგანულ ნაწილს წარმოადგენენ და უმრავლეს შემთხვევაში იზიარებენ ევროკავშირის პოლიტიკურ კურსს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner