საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით პრტია „მრეწველების" ლიდერის, გოგი თოფაძის განცხადებები მეზობელი ქვეყნის იდეოლოგიის გატარებას ემსახურება.
როგორც ხიდაშელმა გადაცემაში „არჩევანი" აღნიშნა, „ამ კამპანიის უკან დგანან ძალები, მაგრამ ეს ძალები მეზობელ სახელმწიფოში უნდა ვეძებოთ."
„ეს კოალიციის საწინააღმდეგო სისტემური კამპანიაა, ეს გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი კოალიციის საწინააღმდეგო მოქმედებებია. როგორ შეიძლება ბიძინა ივანიშვილი იდგეს ამ ყველაფრის უკან?! გოგი თოფაძეს არ აურჩევია "რესპუბლიკური პარტია" კოალიციის დამფუძნებელ სუბიექტად და გოგი თოფაძე ჰორიზონტზეც კი არ არსებობდა, როდესაც კოალიცია იქმნებოდა. მან თავად თქვა, რაღაც ბიზნესის პრობლემები მქონდა და ვერ შევუერთდი თავიდანო. სინამდვილეში ეს ასე არ იყო და ის არავის დაუპატიჟია, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, გოგი თოფაძის ოცნება არ ყოფილა თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი ყოფილიყო, ან გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ან ის მთავრობა ყოფილიყო, რომელიც დღეს ჰყავს საქართველოს. ეს მისი გადაწყვეტილებები არ არის, ის ერთი ჩვეულებრივი დეპუტატია, რომელსაც აქვს ერთი ჩვეულებრივი ხმა საქართველოს პარლამენტში და ამ ხმას აძლევდა უმრავლესობის გადაწყვეტილებებს.
ეს არის კამპანიური გადაწყვეტილება და ამის უკან დგანან ძალები, მაგრამ ეს ძალები კოალიციაში არ უნდა ვეძებოთ, ეს ძალები ჩვენ მეზობელ ქვეყანაში უნდა ვეძებოთ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.