24 ივნისს, რუსთაველის თეატრში, სტუდენტური ნაშრომების ეროვნული კონკურსის „"ჩემი რუსთაველი“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს პრიზები გადასცეს გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში ნილს სკოტმა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და საქართველოში შვედეთის საელჩოს წარმომადგენელმა ჰელენა სანჩომ.
კონკურსში გამარჯვებული 4 სტუდენტი დაჯილდოვდა პრიზებით და შესაძლებლობა ექნებათ, მოკლევადიანი სამუშაო პრაქტიკა გაიარონ საჯარო უწყებებსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გენდერული თანასწორობის პროექტში.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
2016 წელს საქართველო შოთა რუსთაველის 850-ე წლისთავს აღნიშნავს. სტუნდენტური ნაშრომების კონკურსის მიზანია კიდევ ერთხელ გააცოცხლოს რუსთაველის ჰუმანური, პროგრესული და თანამედროვე იდეები. კონკურსის მონაწილეებმა ახლებურად გაიაზრეს ერთიანობისა და თანასწორობის, მათ შორის გენდერული თანასწორობის იდეა, რომელიც ჯერ კიდევ რუსთაველის დროს განაპირობებდა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სიძლიერეს და სახელმწიფოს ეფექტიან მმართველობას.
საკონკურსო თემებზე - "ორი სამეფო ოჯახი, ორი ისტორია - თანასწორობის იდეა ინდოეთსა და არაბეთში", "პიროვნება, როგოც მთავარი ღირებულება "ვეფხისტყაოსანში", "ავთანდილი და ფატმანი - გზა უარყოფიდან პატივისცემამდე" და "ქალისა და კაცის მეგობრობა "ვეფხისტყაოსანში" - 34 ნამუშევარი შეიქმნა, რომელიც ორი სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის და რუსთველოლოგთა საზოგადოების ერთობლივმა ჟიურიმ შეაფასა. შეფასებისას გათვალისწინებული იყო ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა: საკითხის ორიგინალური გააზრება, პრობლემის ხედვა კონტექსტში, ანალიზი და არგუმენტირება და წერის კულტურა.