დამოუკიდებელ საქართველოში სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ „ნაცრეჟიმმა“ დახვრიტა ბევრად მეტი ადამიანი, ვიდრე იხვრიტებოდა მაშინ, როცა სიკვდილით დასჯა კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული!
რაც უფრო ახლოვდება საქართველოში საპარლამენტო არჩევნები, უკრაინაში მით უფრო შფოთავს და ბორგავს იქაური რეფორმების საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილი „მანიაკალურ მკვლელად“ გამოაცხადა.
უკრაინის მოლაქლაქე მოქალაქის პოლიტიკური კონვულსიები, რა თქმა უნდა, იმით არის გამოწვეული, რომ ყველა წინასწარი მონაცემით, მისი პარტია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს აგებს.
არადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი, რომელიც ბოლო 8 წლის განმავლობაში არჩევნების პერმანენტული წაგებით დაიღალა, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს უყურებს, როგორც უკანასკნელ შანსს საყვარელი პარტიისა და, რაც მთავარია, საყვარელი ბელადის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად.
თუმცა, წინასაარჩევნო სურათი და სოციოლოგიური კვლევების შედეგები „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველს კიდევ ერთ და, ალბათ, სამუდამო იმედგაცრუებას უქადის. ამიტომაც, ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს პარტიის ლიდერებისგან გამხნევება სჭირდება. მიშამ, გრიშამ, ნიკანდრომ და სხვა თავნაცებმა მომხრეებს რწმენა თუ არა, ილუზია მაინც უნდა შეუქმნან, რომ ყველაფერი კარგად არის, არჩევნების მოგება შეუძლიათ და ხელისუფლებაში აუცილებლად დაბრუნდებიან.
უკრაინის მოქალაქე სააკაშვილიც სწორედ ამიტომ ლაქლაქებს და „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებისთვის გულის მოსაფხან განცხადებებს ისვრის. ფხანა ხომ ქეცმა იცის და „ნაცებიც“ იფხანენ და იფხანენ პოლიტიკურად ქეციან სულსა და სხეულს.
ბიძინა ყოფილა „მანიაკალური მკვლელი“! აბა, ამაზე უფრო გულის მოსაფხანს რას გააგონებ პოლიტიკურად ქეციან საშუალო სტატისტიკურ ნაცს!
თან მარტო პოლიტიკურ ქეცსა და გულის ფხანაშიც როდია საქმე. ამგვარი განცხადებები პროპაგანდის ნაწილია, კერძოდ კი, გებელსური პროპაგანდის ხრიკი: ნაცისტური გერმანიის განათლებისა და პროპაგანდის რაიხსმინისტრი იოზეფ გებელსი რომ ამბობდა – რაც უფრო დიდ და დაუჯერებელ ტყუილს იტყვი, მასა მით უფრო ადვილად დაიჯერებსო, აი, ამას აწვება უკრაინის მოლაქლაქე მოქალაქე სააკაშვილი.
ბიძინა „მანიაკალური მკვლელი“ არისო!
მესიჯბოქსმა, რომ ბიძინა არის პუტინის აგენტი, ბიუჯეტის ქურდი და ხეების გადარგვის მანიით შეპყრობილი, სააკაშვილსა და „ნაცებს“ ვერცერთი არჩევნები ვერ მოაგებინა. არ იმუშავა ამ პროპაგანდამ და არ დაიჯერა ხალხმა ეს პატარ-პატარა ტყუილები, რის გამოც ახლა დიიდი და უსაშველო ტყუილები უნდა ითქვას.
მაგალითად, ასეთი: „ჩვენს სამშობლოს დაეპატრონა მანიაკალური მკვლელი და ეს მკვლელი ანადგურებს და კლავს ჩვენს შვილებს“.
ეს თქვა სააკაშვილმა, რომლის რეჟიმმაც საქართველოში ძალიან ბევრ მშობელს მოუკლა შვილი და ძალიან ბევრ შვილს მშობელი მოუკლა.
– ჩვენი და პირადად ჩემი მონაპოვარი იყო, რომ მშობლებს შვილების გარეთ გაშვების არ ეშინოდათ! – ესეც ასეულობით ქართული ოჯახის ძაძით შემოსავმა უკრაინის მოქალაქემ ამოილაქლაქა.
აბა, შევამოწმოთ, უკრაინის მოლაქლაქე მოქალაქე მართალს ამბობს და მართლა არ ეშინოდათ მშობლებს შვილების გარეთ გაშვების?
მოდი, ბუტა რობაქიძის მშობლებს ვკითხოთ; სანდრო გირგვლიანის დედას ვერ ვკითხავთ, რადგან იგი შვილის მკვლელ რეჟიმთან ბრძოლას შეეწირა, მაგრამ მამას ვკითხოთ; ზურა ვაზაგაშვილის მამასაც ვერ ვკითხავთ, რადგან იგი შვილის საფლავზე ააფეთქეს, მაგრამ დედას ვკითხოთ; გიორგი გამცემლიძის მშობლებს ვკითხოთ; დაო ცინდელიანის მშობლებს ვკითხოთ, რომლებსაც შვილის ცხედარი დასატირებლადაც არ ეღირსათ, რადგან სააკაშვილის რეჟიმმა ჯალათი რომან შამათავას ხელით ზღვაში ჩაძირა; პაატა ქარდავას ოჯახსაც ვკითხოთ, რომლის ცხედარიც ასევე ვერავინ დაიტირა, რადგან ისიც ზღვაში ჩაძირა სააკაშვილის რეჟიმმა იმავე შამათავას ხელით; სერგო თეთრაძის ოჯახს ვკითხოთ და ვკითხოთ როინ შავაძის ოჯახსაც; სულიკო ასათიანისა და ნიკა კვინტრაძის ოჯახებს ვკითხოთ; ნავთლუღის ავტოსადგურზე ახალაიას მიერ დახვრეტილი სამი აჭარელი ბიჭის მშობლებსაც ვკითხოთ; გურამ შარაძისა და გია კრიალაშვილის ოჯახებს ვკითხოთ და ვკითხოთ კიდევ ბევრ დედასა და მამას, ბევრ ცოლსა და შვილს, დასა და ძმას, რომლებსაც „გარეთ გაშვებული“ შვილები, ქმრები, მამები და ძმები შინ მოკლული მიუსვენეს – ზოგი პოლიციელის ტყვიით დახვრეტილი, ზოგი სპეცრაზმის მიერ დაცხრხილული, ზოგი აქციის დარბევისას ცემით მოკლული, ზოგი ციხეში წამებისა და გაუპატიურების დროს სულდალეული და ასე შემდეგ.
აი, ეს კი ნამდვილად იყო სააკაშვილის რეჟიმისა და პირადად სააკაშვილის „მონაპოვარი“.
სააკაშვილის რეჟიმს საკუთარი თავისთვის ექსკლუზიური უფლება ჰქონდა მინიჭებული, სრულიად უდანაშაულო ადამიანები პირდაპირ ქუჩაში დაეხვრიტა, ხოლო ისინი, ვისაც რამეში ადანაშაულებდა, დაეხვრიტა ყოველგვარი გამოძიების, მტკიცებულებებისა და სასამართლო განაჩენის გარეშე.
სააკაშვილმა საქართველოში სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა – არაოფიციალურად აღადგინა!
დამოუკიდებელ საქართველოში სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ ნაცრეჟიმმა დახვრიტა ბევრად მეტი ადამიანი, ვიდრე იხვრიტებოდა მაშინ, როცა სიკვდილით დასჯა კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული.
ახლა კი უკრაინის მოლაქლაქე მოქალაქეს უტიფრობა ყოფნის, რომ თქვას – ჩემი მმართველობის დროს მშობლებს შვილების გარეთ გაშვების არ ეშინოდათო!
არ ეშინოდათ კი არა, არცერთ მშობელს გარანტია არ ჰქონდა, რომ შინიდან გასულ მის შვილს სააკაშვილის პოლიცია ნარკოტიკს ან იარაღს არ ჩაუდებდა, რათა შემდეგ ოჯახთან საპროცესო გარიგებაზე ევაჭრა და დედ-მამა იძულებული გაეხადა, შვილის ციხიდან დასახსნელად სახლ-კარიც კი გაეყიდათ. სწორედ ასეთი საპროცესო შეთანხმებებით ავსებდა სააკაშვილის ხელისუფლება სახელმწიფო ბიუჯეტს და ასე გაიარა პენიტენციური სისტემა 300 ათასმა ადამიანმა, ანუ ყოველმა მეათე მოქალაქემ.
ასეთ შიშში მცხოვრებ და დამონებულ საქართველოს თვლის სააკაშვილი თავის მონაპოვრად!
სააკაშვილი საქართველოს კვლავ ასეთ შიშსა და მონობაში ცხოვრებას პირდება, თუ ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება მიეცა.
კიდევ კარგი, არასოდეს მიეცემა!
მართლაც რომ მანიაკალურ მკვლელებს ქართველმა ხალხმა განაჩენი 2012 წელს გამოუტანა და ეს განაჩენი არც 2020-ში გადაიხედება!
ჯაბუა ხუბუა