საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ "რესპუბლიკელების" პოზიციებთან დაკავშირებით გოგი თოფაძის განცხადებას არ ეთანხმება.
როგორც ვოლსკიმ გადაცემა 2030-ში განაცხადა, შესაძლოა, "რესპუბლიკელთა" გარკვეული განცხადებები ამბიციური იყოს, მაგრამ კოალიციაში "ქართულ ოცნებას" საკმაოდ ძლიერი პოზიცია უჭირავს და ეს პოზიცია კოალიციის ნებისმიერი სუბიექტისთვის გასათვალისწინებელია.
„ჩვენი მიზანია, არჩევნებზე კოალიციურ რეჟიმში კოალიციურად გავიმარჯვოთ. "რესპუბლიკელების" პოზიციებთან დაკავშირებით, გოგი თოფაძის განცხადებას არ ვეთანხმები. შესაძლოა, "რესპუბლიკელთა" გარკვეული განცხადებები ამბიციურია, მაგრამ კოალიციაში "ქართულ ოცნებას" საკმაოდ ძლიერი პოზიცია უჭირავს და ეს პოზიცია კოალიციის ნებისმიერი სუბიექტისთვის გასათვალისწინებელია,ისევე, როგორც ჩვენ უნდა ვითვალისწინებდეთ დანარჩენების მოსაზრებებს",- აღნიშნა ვოლსკიმ.
მისივე აზრით, კოალიციის წევრებს შორის ურთიერთდაპირისპირების პროცესში მორატორიუმი ყველაზე კარგი გამოსავალი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, პირობა დაირღვა.
„პროცესში გამოიკვეთა პოლიტიკური საკითხები, რომლებმაც კითხვის ნიშნები გააჩინა, რამდენად ეხმიანება გოგი თოფაძის პოზიცია 2012 წელს შემდგარ კოალიციურ შეთანხმებას. პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარებას სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ვფიქრობდით, თუმცა გარკვეული ვითარების გამო, სხდომა ვერ შედგა",- აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.