logo_geo
eng_logo
ნანა დევდარიანი: ქართველი საზოგადოება „ნაცების“ რევანშს არ დაუშვებს!
- +

28 აგვისტო. 2020. 23:48

 

 

გვესაუბრება „გლობალური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი:

 

– ქალბატონო ნანა, როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო მარათონს?

 

– თუ დავაკვირდებით, ვითარება შემდეგია: „ნაცმოძრაობა“ ქვეყანას რვა წელი მართავდა, ასევე, „ქართული ოცნებაც“. ადამიანებისთვის ამ ორი მმართველობის შედარება ძნელი არ არის. საზოგადოება „ნაციონალების“ რევანშს არ დაუშვებს. მათ კარგად ნახეს, როგორ დაიწყო ამ პარტიამ მოღვაწეობა და როგორ დააგვირგვინა. ფაქტობრივად, „ნაცების“ რეჟიმი ძალადობაზე იდგა.  თუნდაც, გავიხსენოთ, რა მესიჯები ჟღერდებოდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ: ჩვენ, მივხვდით, რატომ ხართ გაბრაზებულნი და ყველაფერს გამოვასწორებთო. მაგრამ ამის მერე საკმაო დრო გავიდა და არაფერი გამოსწორებულა. ამიტომ საზოგადოებაში გაღიზიანება ძალიან მაღალია. ზოგადად, საქართველოში ასეა: ხელისუფლება ვადას რომ ასრულებს, ყოველთვის არის პრობლემები, რაც უმეტესად, შიგნიდან წარმოიშვება და ყველაზე ხშირად, ოპოზიცია, შიგნიდან იბადებოდა, ახლა ეს სურათი არ ჩანს, თუმცა, ნაწილ-ნაწილ, „ქართული ოცნებიდან“ გამოსულები თუ გამოშვებულები ოპოზიციურ ფლანგზე გადაჯგუფდნენ. დღეს, ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციაში, ზუსტად, ისევე, ვითარდება მოვლენები, როგორც სააკაშვილის ხელისუფლების დაისის დროს – სააკაშვილის მაჟორიტარები 2012 წელს „ქართულ ოცნებაში“ გადასკუპტდნენ, მათ შორის, პირდაპირ, მიშასთან ასოცირებული სახეებიც.

ახლა, რა ხდება? – გუშინ ვინც „ქართულ ოცნებაში“ იყვნენ და „ნაცმოძრაობას“ აკრიტიკებდნენ, მეტიც, უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდნენ, დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ მიუჯდნენ ერთ მაგიდასთან. ეს ყველაფერი, უკვე, ანეკდოტურ ხასიათს იღებს. ოქრუაშვილი საბურთალოზე იყრის კენჭს, სადაც მისი კონკურენტები არიან სერგეენკო და ჩარკვიანიც. ნუ, ვინ ვის ებრძვის და ვინ ვისი კალათებიდან იპარავს კვერცხებს, გაუგებარია.

 

– „გაერთიანებული ოპოზიცია“ არჩევნებამდე სამი თვით ადრე დაიშალა, მეტიც, ერთმანეთსაც დაერივნენ.

 

– ამაში მოულოდნელი არაფერი იყო – ზეთი და წყალი ერთმანეთს ხომ არ ერევა, უბრალოდ, უნდა დააცადო, რომ ზეთი ზემოდან მოიყენოს. ასე იყო მათ შემთხვევაშიც – „გაერთიანებულ ოპოზიციას“ რომ დაირქმევ და ქუჩაში ათას კაცს ვერ გამოიყვან, იქ, ლაპარაკი დამთავრებულია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რაც უკვე მართლა ანეკდოტად არის ქცეული – ხალხი იცინის, რომ დავით ბაქრაძე არის, თურმე, ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი საქართველოში.

 

– „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა, როგორი შეიძლება იყოს მათი საპარლამენტო სია. ახალ სახეებზე რას იტყვით?

 

– ზოგადად, სახელისუფლებო ძალას, რა თქმა უნდა, რესურსი ყოველთვის აქვს. მარტო ადმინისტრაციულ რესურსს არ ვგულისხმობ, არსებობს ამომრჩეველთა ნაწილი, რომელიც ყოველთვის ხელისუფლებას აძლევს ხმას.

 

– სააკაშვილმა განაცხადა ნახტომისთვის ვემზადებიო. როგორ ფიქრობთ, ივანიშვილი რას დაუპირისპირებს?

 

– რა ნახტომზეა ლაპარაკი, კარგით, რა. არ მინდა უწმაწურად გამომივიდეს, მაგრამ სააკაშვილი რასაც შეიძლებოდა უკვე ყველაფერს გადაახტა. მეორე წრეზე თუ წავა, არ ვიცი. ახლა, 2003 წელი არ არის და რევოლუციას ვერ მოაწყობს. არც აქვს სათანადო მხარდაჭერა და არც არავინ მისცემს ამის საშუალებას.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ნასხლეტები მეორე ადგილიდან ყველა შემთხვევაში გადაჩოჩდებიან.

 

– ბევრს საუბრობენ, რომ საქართველოს არჩევნებში რუსეთი ჩაერევა და სიტუაციას არევს. რეალურად, ვინ არის აქ, სიტუაციის ამრევი, ვის აწყობს დესტაბილიზაცია?

 

– იცი რა, რუსეთი ბუად ჰყავთ წარმოჩენილი. არადა, რუსული საქმე, პირველ რიგში, სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთეს, როცა ეკონომიკის ყველაზე წამყვანი სეგმენტი პირდაპირ რუსეთს გადააბარეს და ტერიტორიების 22%, უბრალოდ, აჩუქეს, ლანგრით მიართვეს. თუ ვინმეს ხელის გაშვერა უნდა, აქედან არაფერი გამოვა იმიტომ, რომ ფაქტები თავისას მეტყველებს.

 

– საერთოდ, ეს დამოკიდებულება რომ საქართველო პრორუსებად და პრო-დასავლელებად არის გაყოფილი და პრო-ქართველებს არავინ ახსენებს, რას ნიშნავს?

 

– იქამდე მივიდნენ, რომ პრო-ქართულს პრო-რუსულად ნათლავენ. თუ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ქართული ინტერესები პრო-რუსულობაზე გადის, კი ბატონო, დაე, ასე იყოს, რატომაც არა. თუ ყველაფერი ქართული რასაც ე.წ. ლიბერალები ეწინააღმდეგებიან და ეზიზღებათ, პრო-რუსულია, ადამიანები აირჩევენ ქართულს. ამას რად უნდა ლაპარაკი. საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მეთოდები ისე დაუძველდათ, ეს აღარ მუშაობს.

 

– დაძაბული ვითარებაა ბელორუსში. სანამ ეს ყველაფერი დაიწყებოდა 33 რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ბელორუსში არეულობის მოწყობას გეგმავდნენ.

 

– ლუკაშენკომ იფიქრა, რომ ყველაფერი რაც ბელორუსში მის წინააღმდეგ იქსოვება, რუსეთიდან მოდის. რუსეთი და ჩინეთი – ეს ორი ქვეყანა პირდაპირ, კატეგორიულად ეწინააღმდეგება გარედან, ქვეყანაში თავსმოხვეული ხელისუფლებების მოყვანას. მსგავს ფაქტს ვერ ნახავთ. ლუკაშენკო შეცდომაში შევიდა. აღმოჩნდა, რომ თურმე, რუსეთიდან კი არა, ეს ყველაფერი დასავლეთიდან მოდიოდა და ფერადი რევოლუციის სცენარი განვითარდა. კონკრეტულად ის ადამიანები რისთვის იმყოფებოდნენ ბელორუსში, ეს აქტუალური აღარ არის. ეს ხალხი ლუკაშენკომ გაათავისუფლა, როცა დაინახა, რომ საფრთხე რუსეთიდან არ მოდიოდა. უბრალოდ, ლუკაშენკო 27 წელია ქვეყანას მართავს და ამ წლების განმავლობაში მოახერხა ის, რომ შეინარჩუნა საწარმოები, სამუშაო ადგილები, სოციალური გარანტიები, ადამიანები ნორმალურად ცხოვრობდნენ, საქართველოსგან და იგივე, უკრაინისგან განსხვავებით, არ გამათხოვრებულან. ამიტომ, მხარდაჭერა რეალურად აქვთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ოდესმე უნდა დამთავრდეს, ლუკაშენკო სულ ხომ არ იქნება. კი ბატონო, უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, მაგრამ ბელორუსის ხელმძღვანელად ლუკაშენკოს მაგივრად მორიგი სააკაშვილი ხომ არ უნდა მოვიდეს. აი, ამაშია მთავარი პრობლემა, თორემ, ადამიანებს ცვლილებები და უკეთესობა რომ უნდათ, სრულიად გასაგებია და ამას დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება. უბრალოდ, დაუშვებელია გაუშვა ლუკაშენკო და მის ადგილას მორიგი სააკაშვილი მოიყვანო.

 

– ბელორუსის მაგალითზე, საუბრობენ, რომ ანალოგიური საქართველოშიც იგეგმება. აქ, ოპოზიცია გვეუბნება, რომ ქვეყანაში ყველაფერი ცუდად არის, ინგრევა, ხელისუფლება გაყალბებისთვის ემზადება და ა.შ. ეს შეიძლება არეულობის მოწყობის წინაპირობა გახდეს?

 

– თუ არჩევნების გაყალბების მცდელობა იქნება, მაშინ „ნაციონალები“ ხელისუფლებაში რევოლუციით ვერ მოვლენ. შეიძლება ამ გზით ის პარტია მოვიდეს, ვისაც მხარდაჭერა აქვს. თეორიულად ვამბობ. ასე რომ, ეს სცენარები დაივიწყონ.

 

– ფერადი რევოლუციების დრო წარსულს ჩაბარდა?

 

– კი, ამის დრო დამთავრებულია იმიტომ, რომ ეს ტექოლოგიები იმდენჯერ გამოიყენეს, ყველამ ზეპირად იცის შემდეგი ნაბიჯი რა უნდა იყოს. ეს გლობალისტური ძალები იქამდე მივიდნენ, რომ ახლა, უკვე, ფერადი რევოლუციების სცენარით ამერიკაში ვითარდება მოვლენები. ტრამპი იმდენად სძულთ, რომ მზად არიან ამას ქვეყანა გადააყოლონ.

 

– ამერიკაში ნოემბერში არჩევნებია, საქართველოზე რა გავლენას მოახდენს?

 

– ამერიკის არჩევნებს ჩვენზე პირდაპირი გავლენა ექნება. ვიმეორებ, ტრამპი ამბობს, რომ პატრიოტების, ასევე, სუვერენული სახელმწიფოების დრო მოვიდა, რასაც გლობალისტური ძალები გააფთრებით ეწინააღმდეგებიან. მიდის ბრძოლა ყველა ფლანგზე და ყველა იმ მეთოდოლოგიის გამოყენებით, რასაც მანამდე აშშ იყენებდა. მაგრამ აშშ-ში არა მარტო ეს ძალები არიან, არამედ ჯანსაღიც, რომელიც ტრამპს უჭერს მხარს. პროგნოზირება ძალიან რთულია, მაგრამ რა თქმა უნდა, საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა ექნება იმას აშშ-ში რა მოხდება და როგორ განვითარდება მოვლენები.

 

– რუსეთი რამდენად დათმობს ბელორუსს. ეს მისი ისტორიული ნაწილია.

 

– ისტორიას თავი დავანებოთ, რუსეთის სარაკეტო თავდაცვისთვის ბელორუსს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ბელორუსში თუ ნატომ მოიპოვა გავლენა, ეს პირდაპირ დარტყმაა რუსეთის უსაფრთხოებაზე.

 

– ზოგადად, რა უნდა დასავლეთს?

– დასავლეთს უნდა სრული და უპირობო კონტროლი საქართველოზე. მათ დემოკრატია საერთოდ არ ანაღვლებთ. ზემოთ საუდის არაბეთის მაგალითი ვახსენე და კიდევ რამდენი ქვეყნის ჩამოთვლა შეგვიძლია. დემოკრატია, როცა ამ თემებზე ლაპარაკობენ, არის პაროლი. სინამდვილეში, მათი ინტერესია საქართველო რუსეთთან აომონ და თვითონ მოგებული დარჩნენ.

 

თამარ შველიძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner