„Reuters"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სლოვაკეთის ულტრამემარჯვენე სახალხო პარტიის წარმომადგენლების ინიციატივით, ევროკავშირის წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით, ქვეყანაში პეტიცია მზადდება.
„გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, ბრიუსელის დიქტატურას გაემიჯნონ. ისინი მიხვდნენ, რომ ევროკავშირში დარჩენა მუდმივ შევიწროებას ნიშნავს. ეს მშვენიერი დროა იმისთვის, რომ სლოვაკეთმაც დატოვოს ევროპული „ტიტანიკი", რომელიც ფსკერისკეს მიემართება. სწორედ ამიტომ, 27 ივნისს დავიწყებთ ჩვენს კიდევ ერთი საარჩევნო დაპირების ასრულებას - დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, სლოვაკეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე", - განაცხადა პარტიის ლიდერმა მარიან კოტლებამ.
ცნობისთვის, რეფერენდუმის ჩასატარებლად, სლოვაკეთის კანონმდებლობის მიხედვით, საჭიროა 350 ათასი ხელმოწერა.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 52%-მა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, თუმცა დიდ ბრიტანეთში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი რეფერენდუმის ხელახლა ჩატარებას ითხოვს. მათ რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების შესახებ პეტიციას უკვე მოაწერეს ხელი.
ბერლინში ევროკავშირის დამფუძნებელი 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც გერმანიის, ბელგიის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდებისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე იმსჯელებენ.