logo_geo
eng_logo
იმერეთის პოლიციამ ჭიათურის მუნიციპალიტეტში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 4 პირი
- +

30 აგვისტო. 2020. 10:46

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

 

დაკავებული არიან: 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ს., 1964 წელს დაბადებული თ.ს., ასევე, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი - 1982 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1958 წელს დაბადებული ა.ც.

 

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მიმდინარე წლის 26 ივლისს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურში ყაჩაღურად თავს დაესხნენ 1946 წელს დაბადებული რ.მ.-ს საცხოვრებელ სახლს. თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით რ.მ.-ს ფული და ოქროს სამკაულები გასტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი - ი.ს. თბილისში დააკავეს. მოგვიანებით კი პოლიციამ ბრალდებულები - თ.ს., გ.ჯ. და ა.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

 

სამართალდამცველებმა, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ოქროს სამკაულები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner