„დღეს ჩემთვის ძალიან მძიმე დღეა. საქმე ბოლომდე მივიყვანეთ, რაც ჩემი მეუღლის რეაბილიტაციას ნიშნავს",- ამის შესახებ გადაცემა 2030-ში პლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლემ, ნანა თეთრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პროკურატურის დადგენილება არის დოკუმენტი, რომლითაც დამტკიცდა, რომ სერგო თეთრაზე უდანაშაულო იყო.
„ამის მიუხედავად, მრჩება გაუნელებელი ტკივილი, რომ უდანაშაულო ადამიანი მოკლეს",-აღნიშნა ნანა თეთრაძემ.
სერგო თეთრაძის მეუღლის ინფორმაციით, სასამართლო სხდომაზე, ოთხ ბრალდებულს შორის, მეუღლე მხოლოდ ჭაღარა თმით იცნო, შორიდანაც ეტყობოდა, რომ ნაცემი იყო და ჯან-ღონით სავსე ადამიანი ძლივს მოძრაობდა.
„საქმეში ბრალდებულმა ლონდარიძემ ერთ-ერთ სხდომაზე თქვა, რომ სერგო თეთრაძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მუქარით აიძულებდნენ. მან ზეწოლას ვერ გაუძლო და, როგორც თავად განაცხადა, შეთავაზებულ სიაში თვალებდახუჭულმა თითით მიანიშნა ერთ-ერთ გვარზე, რომელიც სერგო თეთრაძე აღმოჩნდა",-განაცხადა ნანა თეთრაძემ 2030-ში და აღნიშნა: "ოჯახზე მუქარა მუდმივად ხორციელდებოდა და ჩემმა მეუღლემ ადვოკატის საშუალებით თხოვნა გადმომცა, რომ მის საქმეზე განგაში არ ამეტეხა. იყო უამრავი ზარი, ანონიმური წერილი. ახლაც კი, გასულ წელს, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანა ნადარეიშვილი ჩემი შვილით დამემუქრა. მაშინ, როცა უნდა გამოვსულიყავი და სიმართლე მეთქვა, მეგის ქარდავასგან წერილი მივიღე, სადაც ეწერა, რომ ის უდანაშაულოა და ჩვენი ოჯახის მიმართ -კეთილგანწყობილი. ეს იყო მინიშნება, რომ გავჩერებულიყავი"
მისივე თქმით, პირველ განცხადებებში ყველა იმ პირის დასჯას ითხოვდა, ვინც ამ საქმის ორგანიზატორი იყო ან მასში მონაწილეობდა.
"მოსამართლე გოგინაშვილსა და პროკურორ ქევხიშვილს რომ გულგრილობა არ გამოეჩინათ, შეიძლებოდა, დღეს სერგო თეთრაძე ცოცხალი ყოფილიყო. მართალია, ჩემს მეუღლეს აღარაფერი ეშველება, მაგრამ აუცილებლად უნდა გაჩნდეს პრეცედენტი, რომ ქვეყანაში ასეთი რამ აღარასოდეს მოხდეს. პროკურატურის დადგენილებით სერგო თეთრაძე რეაბილიტირებულია, მაგრამ ეს საბუთი ჩვენი ტკივილის საპირწონე არ არის, რადგან მუდმივად ამ ტკივილით ცხოვრება მოგვიწევს. ჩემი მეუღლე სახელმწიფო უწყებაში გარდაიცვალა და ალბათ, მორალური კონპენსაციის საკითხზეც ვიფიქრებ",- აღნიშნა ნანა თეთრაძემ გადაცემა 2030-ში.