ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კვლავ გამკაცრებულია კონტროლის პროცედურები, როგორც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების, ასევე, საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და მოქალაქეების მიმართ.
აღნიშნული კონტროლის ფარგლებში, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სომხეთის სანომრე ნიშნით, სომხეთის მოქალაქის ა.ჰ.-ს მართვის ქვეშ არსებული, სატვირთო ავტომობილის ეჭვის საფუძველზე, რენტგენო-სკანერით დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული 58 500 კოლოფი სიგარეტი (1 170 000მ ღერი) და ალკოჰოლური სასმელი (18.25 ლიტრი) აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 31 005 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.