„თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგიკულ შემთხვევასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია“, – ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
სუს-ი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილი ავტომობილების მეშვეობით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ შესაძლო თვალთვალთან დაკავშირებით. უწყების განცხადებით, „აღნიშნული ცრუ ვერსიების გავრცელების უკან დგანან პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფები და კონკრეტული მედიასაშუალებები“.
სუს-ში განმარტავენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავტომობილების გადაადგილება აღნიშნულ მარშრუტზე ხორციელდება ყოველდღიურად, რაც, უწყების თქმით, უკავშირდება თანამშრომლების მიერ დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად და ღირსეულად შესრულებას.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ მასმედიაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილი ავტომობილების მეშვეობით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ შესაძლო თვალთვალის განხორციელებასთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, სამსახურის სახელით გვსურს თანავუგრძნოთ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ აღნიშნულ ტრაგიკულ შემთხვევასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია.
მიზანმიმართულად გავრცელებულ ყველა არასწორ ვერსიას გააჩნია აღნიშნული სამსახურის და მისი ღირსეული თანამშრომლების დისკრედიტაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანი. აღნიშნული ცრუ ვერსიების გავრცელების უკან კი დგანან პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფები და კონკრეტული მედია საშუალებები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავტომობილების გადაადგილება აღნიშნულ მარშრუტზე ხორციელდება ყოველდღიურად, რაც უკავშირდება თანამშრომლების მიერ დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად და ღირსეულად შესრულებას.
მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ ჯგუფს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოებაში არსებული ინტერესის გათვალისწინებით, დაელოდონ გამოძიების შედეგებს, რომელიც აუცილებლად მოჰფენს ნათელს საზოგადოებისთვის ყველა დღემდე უცნობ დეტალს. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი ახალგაზრდას ოჯახს“,- აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.