logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: საგარეჯოს არჩევნების გამოძიებით დადასტურდება, რომ ეს ყველაფერი არის აბსურდის თეატრი!
- +

1 მარტი. 2016. 23:53


საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით  საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება უშუალოდ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს ეკუთვნის.


ამის შესახებ ხიდაშელმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.


"ჩვენ ყველანაირი დოკუმენტაცია მივეცით პროკურატურას. დარწმუნებული ვარ, იქ ვერავინ ვერაფერს ნახავს და განსხვავებულ შედეგს ვერ დადებს. ჩემთვის პიროვნულად თინა ხიდაშელისთვის, როგორც ფიზიკური პირისთვის და არა თავდაცვის მინისტრის, პოლიტიკოსის, ხელისუფლების წარმომადგენლისთვის აბსოლუტური კომფორტია ის, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე დადასტურდება, რომ იქ არაფერი არ ყოფილა და ეს ყველაფერი არის ტყუილი, ცილისწამება, აბსურდის თეატრი, შეკვეთილი, დადგმული კამპანია ადამიანის წინააღმდეგ, რომლის ატანაც არ შეუძლიათ.

 

ამ გადაწყვეტილებით პროკურატურამ  მე კი არ მომაყენა ზიანი (კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მე ამით კომფორტი მაქვს შექმნილი, რადგან ზუსტად ვიცი შედეგი - ყველა დოკუმენტმა ჩემ თვალწინ გაიარა და გარდა ამისა, ყველა ადამიანს გავეჯიბრები არჩევნების პატიოსნებისადმი ერთგულებაში), მან ეჭვქვეშ დააყენა მთელი სახელმწიფო სისტემა, მთელი მანქანა, რომელიც მუშაობს არჩევნებზე, რაც ძალიან მაწუხებს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.


ხიდაშელის თქმით  საგარეჯოს არჩევნები იმდენად მარტივი საქმეა, რომ ვერნაირი მხრიდან კუდს ვერ მოაბამ.


"მე მგონია, რომ შოთაძემ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ცუდი კუთხით რომ წავიდეთ - ვთქვათ, შოთაძეს ვიღაცამ დაავალა და ჩემი დაჭერა უნდათ. იმდენად მარტივი საქმეა, რომ მაშინ ხომ უნდა სცოდნოდა, რაზე მიდიოდა. ამ საქმეს მარჯვნიდან, მარცხნიდან, წინიდან, ზემოდან - ვერსაიდან კუდს ვერ მოაბამ. ეს არის, ერთის მხრივ, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციით და, მეორეს მხრივ, უზარმაზარი ვიდეოარქივით გამაგრებული ამბავი. ვიღაცას სერიოზული მიზნები რომ ჰქონოდა, ახლა ამით თინას მოვუვლითო, მაშინ ხომ დაინტერესდებოდა წინასწარ რა დოკუმენტაცია გაგვაჩნია ჩვენ?", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner