აგვისტო რუსი „დიპლომატებისთვის“ საკმაოდ ცუდი თვე აღმოჩნდა. ჯაშუშობის ბრალდებით, ბოლო 30 დღეში, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი ჯერ ნორვეგიამ, შემდეგ კი ავსტრიამ გააძევა.
19 აგვისტოს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება გაასაჯაროვა. საინტერესოა, რომ მანამდე ოსლოში რუსეთის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ნორვეგიის მოქალაქე დააკავეს. ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, დაკავებული რესტორანში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელს შეხვდა და ნორვეგიის ფუნდამენტური ინტერესების დამაზიანებელი ინფორმაცია გადასცა. ის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა, რომელიც განახლებადი ენერგიის, ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში მსოფლიოში უმსხვილესი ტექნიკური კონსულტანტია. ნორვეგიული მედიის ინფორმაციით, საქმე ინდუსტრიულ ჯაშუშობას ეხება.
ნორვეგიის შემდეგ რამდენიმე დღეში რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება ავსტრიამაც მოსთხოვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ რუსეთის წარმომადგენლის ქცევა არ შეესაბამებოდა ვენის კონვენციის პრინციპებს.
დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის ვენის კონვენცია მასპინძელ სახელმწიფოს უფლებას აძლევს, ნებისმიერ დროს და მიზეზების ახსნის გარეშე, პირი დიპლომატიური პერსონალიდან პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს. პერსონა ნონ გრატას სტატუსი არის ერთადერთი მექანიზმი, რომელიც ავტომატურად ქვეყნიდან გაძევებას იწვევს და ის იცავს მასპინძელ ქვეყანას უცხოელი დიპლომატების მიერ ჩადენილი კანონდარღვევებისგან. დიპლომატების გაძევება უკიდურეს ზომად ითვლება და ძირითადად ჯაშუშურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული. ეს არის სწორედ „საქმიანობა, რომელიც არ შეესაბამება დიპლომატის სტატუსს“.
ავსტრიული მედია წერს, რომ საქმე ეკონომიკურ შპიონაჟს ეხება. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ წლების განმავლობაში რუსეთი ავსტრიის მაღალტექნოლოგიურ კომპანიაში დასაქმებული ავსტრიელის საშუალებით სადაზვერვო ინფორმაციას იღებდა, სწორედ ამ ამბავშია გარეული გაძევებული რუსი დიპლომატი. საინტერესოა, რომ 2018 წელს ავსტრიამ უარი თქვა შეერთებოდა ევროკავშირის ქვეყნებს, როცა ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის შემდეგ მათ რუსი დიპლომატები გააძევეს. როგორც ჩანს, კრემლმა ამჯერად ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა.
მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადს თუ გავიხსენებთ, აღმოვაჩენთ, რომ 24 იანვარს ბულგარეთმა ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. 5 ივნისს რუსი დიპლომატებს ქვეყნის დატოვება ჩეხეთმაც მოსთხოვა. პრეზიდენტ ბაბიჩის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში „რიცინის“ შეტანის ისტორიასთან იყო დაკავშირებული. როგორც ამბობდნენ, ამ ნივთიერებით ანტირუსული განწყობების მქონე პრაღის მერის მოწამვლა იყო ჩაფიქრებული. 8 აგვისტოს სლოვაკეთმა შპიონაჟის გამო ქვეყნიდან სამი რუსი დიპლომატი გააძევა.
როგორც ჩანს „КГБ“-ს მემკვიდრე საიდუმლო სამსახურს ასაკი შეეპარა. „ФСБ“-ს მზაკვრულ ჩანაფიქრებს სულ უფრო ოპერატიულად ეხდება ფარდა და ახლა ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, კიდევ რომელი ქვეყნიდან გაუშვებენ ვითომ რუს დიპლომატებს უკან, მშობლიურ „ლუბიანკაზე“.
გენადი გაბელია