კასპში 200 სტუდენტზე გათვლილი სამსართულიანი, სრულად ადაპტირებული პროფესიული სასწავლებელი აშენდა, – შესრულებული სამუშაოები „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა და გორი-კასპის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა დაათვალიერეს.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების პროფესიული სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამები რეგიონში მოთხოვნად პროფესიებს ეფუძნება და ხელს უწყობს კვალიფიციური, სერტიფიცირებული სპეციალისტების მომზადებას, რაც მათი დასაქმების გარანტიაა.
როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა აღნიშნეს, სახელმწიფო მომავალშიც აქტიურად განაგრძობს პროფესიული განათლების ხელშეწყობას, რაც კონკურენტუნარიანი, შრომის ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული კადრების მომზადებას გულისხმობს. პროფესიული სასწავლებელი რეგიონისთვის პრიორიტეტული სოფლის მეურნეობის მიმართულებისა და მასთან დაკავშირებული დარგების – ვეტერინარიის, მექანიზაციისა და მებაღეობა-მეხილეობის სპეციალისტებს მოამზადებს. ასევე, მომზადდებიან ელექტროშედუღების, მაღალი ძაბვის ელექტროობის, ელექტროსამონტაჟო სამუშაოები სპეციალისტები, ამწის ოპერატორ-მემანქანეები და ა.შ. სასწავლებელი ორიენტირებული იქნება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე.
პროექტი, რომლის ღირებულება 3,8 მლნ ლარია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.