ფოთის საზღვაო ნავსადგურის ორ წარმომადგენელს, რომლებიც თვადაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ესწრებოდნენ, ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილის ზინაიდა გაგუას თქმით, ორივე პირი თვითიზოლაციაში რჩება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ფოთის საზღვაო ნავსადგურის ორ წარმომადგენელს ტესტირება ჩაუტარდა და მათ „კოვიდ 19“ არ დაუდასტურდათ. ისინი პრაქტიკულად არიან ჯანმრთელები, მაგრამ თვითიზოლაციაში დარჩებიან. ორივე მათგანს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება თვითიზოლაციის ვადის დამთავრებამდე 24 საათით ადრე“, – განაცხადა ზინაიდა გაგუამ.
შეგახსენებთ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქეს, რომელიც ფოთის საზღვაო ნავსადგურში ნატო-ს ჯარების წარმომადგენლებთან შეხვედრას ესწრებოდა, კორონავირუსი დაუდგინდა.