logo_geo
eng_logo
რეზო გაბრიაძის საიუბილეო ღონისძიება ქუთაისში გაიმართება
- +

26 ივნისი. 2016. 00:33


მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და უბრალოდ, ყველასთვის საყვარელი რეზო გაბრიაძე 80 წლის გახდა. გაბრიაძე 1936 წლის 23 ივნისს ქუთაისში დაიბადა. მწერლის იუბილის აღსანიშნად ქალაქში ამ დრომდე ღონისძიება არ გამართულა. როგორც მერიაში განმარტავენ, რეზო გაბრიაძე თავადაა წინააღმდეგი იუბილის  აღნიშვნის.  თუმცა, იგეგმება ღონისძიებები, რომელთა შეთანხმებაც ხელოვანთან ხდება. ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით აღინიშნება იუბილე, თუმცა მერიის კულტურის სამსახურის განმარტებით, ბიუჯეტში გათვალისწინებულია გაბრიაძის საიუბილეო ღონისძიების გამართვა, რომლისათვისაც 15 ათასი ლარია გათვალისწინებული. სავარაუდოდ, ღონისძიება შემოდგომაზე გაიმართება.


რეზო გაბრიაძის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს მშობლიურ ქალაქს. მან  1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება, 1967 წელს კი მოსკოვში უმაღლესი სარეჟისორო და სასცენარო კურსები.  იგი ავტორია 35-ზე მეტი ფილმის სცენარის, რომელთა შორისაა: "არაჩვეულებრივი გამოფენა", "სერენადა", "არ დაიდარდო", "ქვევრი",  "ფეოლა", "შერეკილები", "მიმინო",  "ქინძაძა" და სხვა.


მწერლობასთან ერთად მის შემოქმედებაში მხატვრობასაც დიდი როლი უჭირავს. როგორც მხატვარმა მრავალ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. მხატვრის ნამუშევრები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული, ასევე  სანქტ-პეტერბურგის თეატრალური და მუსიკალური ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.


1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა, რომელიც ყველასათვის საყვარელ ადგილად აქცია.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner