logo_geo
eng_logo
მსჯავრდებულის უფლების დარღვევის შესახებ, პროკურატურის დადგენილება განაჩენის გადასინჯვის საფუძველი ხდება
- +

26 ივნისი. 2016. 03:44


ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენების გადასინჯვის საფუძვლები ფართოვდება - პროკურატურის დადგენილება, საქმის წარმოების პროცესში მსჯავრდებულის უფლების დარღვევის შესახებ, განაჩენის გადასინჯვის საფუძველი ხდება.


პარლამენტმა დღეს, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექში" შესატანი ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვით, პროკურორის დადგენილება, მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი რომელიმე უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, განიხილება როგორც ახლად გამოვლენილი გარემოება. ეს კი განაჩენის გადასინჯვის საფუძველი იქნება.


კანონპროექტით პროკურატურას ეძლევა ახალი საპროცესო მექანიზმი, სააპელაციო სასამართლოს მიმართოს და საქმის გადასინჯვა მოითხოვოს.


საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში მომზადდა, რომელშიც პარლამენტის წევრებთან ერთად, მთავარი პროკურატურის, უზენაესი სასამართლოსა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული.

 

"ბოლო წლებში განვითარებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელებისას, ადგილი ჰქონდა ცალკეული პირების უფლებების ხელყოფის ფაქტებს. ამასთან, კონკრეტულ ფაქტებზე არსებული განაჩენები აფერხებს ცალსახად დარღვეული უფლებების აღდგენის პროცესს. გამოძიებით დადგენილია სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი არაერთი დანაშაულის (ქონების დათმობის მიზნით ფიზიკური თუ ფსიქიკური იძულების, ცეცხლსასროლი იარაღისა თუ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ ჩადების) ფაქტი, თუმცა დიდი დროის გავლის გამო მტკიცებულებათა მოპოვების შეუძლებლობის და ასევე ისეთი ფაქტორების არსებობის გამო, როგორიცაა: საბუთების დაკარგვა ან განადგურება, გარდაცვალება, დაზარალებულის პოზიციის შეცვლა, დაზარალებულთან შერიგება და .. ხშირად ვერ ხერხდება დანაშაულის ჩამდენი კონკრეტული პირების გამოვლენა. აქედან გამომდინარე, ვერ ხერხდება სამართალწარმოების პროცესში დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ საქმეების სასამართლოში წარმართვა და განაჩენით მათი ქმედებების შეფასება. თავის მხრივ, "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" მოქმედი რედაქცია, შეუძლებელს ხდის მართლმსაჯულებაში არსებული აშკარა ხარვეზების აღმოფხვრას. სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ახალი განაჩენის არარსებობის პირობებში, იმსჯელოს პირის ცალსახად შელახული უფლების აღდგენაზე", - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში, რომელიც დღეს პარლამენტმა 70-ხმით, ერთხმად დაამტკიცა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner