დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის წევრობის შესახებ განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით პეტიციას ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. პეტიციის ავტორის უილიამ ოლივერ ჰილის მტკიცებით, ისტორიული გადაწყვეტილების მიღების დროს მოსახლეობის აქტივობა 75 პროცენტს უნდა აღემატებოდეს.
პეტიცია, რომლის ხელმოწერა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, 24 ივნისს გამოქვეყნდა. გამოქვეყნებიდან 12 საათში დოკუმენტს 555 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.
ამას გარდა, 100 ათასზე მეტი ხელმოწერა დააგროვა პეტიციამ, რომელიც დიდი ბრიტანეთისგან ლონდონის გამოყოფას ითხოვს. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში 23 ივნისის რეფერენდუმზე ამომრჩეველთა უმრავლესობამ ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა მხარი.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ვალდებულია განიხილოს პეტიცია, რომელიც 100 ათასზე მეტ ხელმოწერას დააგროვებს.
დიდ ბრიტანეთში 23 ივნისს გამართული რეფერენდუმის შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა 51,9 პროცენტმა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმში ევროსკეპტიკოსების გამარჯვების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა გადადგომის შესახებ განაცხადა.