logo_geo
eng_logo
,,ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლები საკუთარი კომპანიის წინააღმდეგ თაღლითურ კორუფციულ სქემაში ამხილეს
- +

5 სექტემბერი. 2020. 15:44

 

 

ვინ არის ლევან აბრამიშვილი და რა გზით მიითვისა მოსახლეობისთვის გამოყოფილი თანხა

 

რამდენიმე დღის წინ „ჯორჯიან მანგანეზმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მასთან თანამშრომლობით სამართალდამცავებმა კომპანიისადმინის ტრაციული და სხვადასხვა საწარმოო რგოლის ხელმძღვანელი და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ის პირები გამოავლინეს, რომლებიც მას მნიშვნელოვან მატერიალურ და ფინანსურ ზიანს აყენებდნენ, დიდი ოდენობით თანხები მიითვისეს და არამიზნობრივად გაფლანგეს.

 

ამ საქმეებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ შპს „ჯორჯიან მანგანეზის" ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის კომერციული სამსახურის კოორდინატორი, ბუღალტერ-მესაწყობე, ამწეს მემანქანე, მძღოლი, გამამდიდრებელი ფაბრიკა 29-ის უფროსი და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი მოქალაქე.

 

ასევე, „ჯორჯიან მანგანეზის" განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ დაზარალებული მოსახლეობისათვის გამოყოფილი საკომპენსაციო დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის მოსახლეობასა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, რომელიც იმავდროულად იკავებდა შპს „ჯორჯიან მანგანეზის" მოსახლეობაზე მიყენებული ზარალებისგან მსაზღვრელი კომისიის თავმჯდომარის პოზიციას.

 

კომპანიას გამოვლენილი საქმეების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია, რადგან აღნიშნული ფაქტები კვლავ გამოძიების პროცესშია, თუმცა „რეპორტიორი“ დაინტერესდა თემით და რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გაარკვია.

 

მაინც რა დანაშაულებებისთვის ამხილეს კომპანიის ზედა და შუა რგოლის თანამშრომლები, რა ფინანსურ მაქინაციებთან გვაქვს საქმე და  რა ოდენობის ზიანი მიადგა საქართველოში უმსხვილეს სამთო-მეტალურგიულ კომპანიას?

 

ერთ-ერთი ფაქტი, რომლის გარკვევაც „რეპორტიორმა“ შეძლო, 2011-2015 წლის ეპიზოდს ასახავს.

 

მაქინაციური სქემა

 

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება -გამოყენების ფაქტებზე ,,ჯორჯიან მანგანეზმა“ საკუთარი თანამშრომლები: ზარალის განმსაზღვრელი კომისიის უფროსი - ლევან აბრამიშვილი და ამავე კომპანიის მარქშეიდერი - რაფიელ ჩიხელიძე ამხილეს.

 

,,რეპორტიორის“  ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ,,ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლებმა სოლიდური თანხის მისაღებად საკუთარი თანამდებობა ბოროტად  არაერთხელ გამოიყენეს.

 

 

 

 

 სქემა კი ასეთი იყო: ,,ჯორჯიან მარგანეზი“ განიხილავდა 2005-2011 წლებში სამთო სამუშაოების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის გაცემის საკითხს. სოლიდური კომპენსაციები კომპანიამ სხვადასხვა წლებში ასეთ არაერთ ოჯახზე გასცა, თუმცა იყო შემთხვევებიც, როდესაც  „ჯორჯიან მანგანეზი“ თანხას ერთი და იგივე ოჯახს რამდენიმეჯერ უხდიდა.... ამის თავი და თავი სწორედ კომპანიის ზარალის განმსაზღვრელი კომისიის თავმჯდომარე - ლევან აბრამიშვილი  აღმოჩნდა. აბრამიშვილი წლების განმავლობაში „ჯორჯიან მანგანეზის“ სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ყოფილი დირექტორის, აკაკი გურჯიძის მარჯვენა ხელი იყო.  რაც შეეხება გურჯიძეს, ის კომპანიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლს 20 წელი ხელმძღვანელობდა, ჭიათურელები ხშირად მას „ბელადსაც“ უწოდებდნენ, რადგან რეგიონში ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა. სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორის პოსტი კი შარშან, მაისის ცნობილი მოვლენების დროს დაატოვებინეს, როდესაც ჭიათურელი მაღაროელებისა და მთელი ქალაქის მასობრივი გაფიცვები დაიწყო.  აქციის მონაწილეები სხვა მოთხოვნებთან ერთად გურჯიძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდნენ.

 

როგორც „რეპორტიორმა“ გაარკვია, დღეს გამოძიებული საქმეების დიდი ნაწილი სწორედ სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში გურჯიძის ხელმძღვანელ პოსტზე ყოფნის პერიოდს უკავშირდება და  სისხლის სამართლის საქმეებიც მისი  ახლო გარემოცვის წევრებზეა აღძრული, როგორც უკვე ავღნიშნეთ, მათ შორის არის ლევან აბრამიშვილიც.

 

ხელმძღვანელობდა რა ზარალების ანაზღაურების კომისიას, ის წინასწარ ურიგდებოდა ადგილობრივ მოსახლეობას, მათ კომპენსაციის მიღებას ჰპირდებოდა და სანაცვლოდ ე.წ „ატკატს“ იღებდა. 

 

ერთ-ერთი ასეთი დაზარალებული, ჭიათურის სოფელ რგანში მცხოვრები მატურინ სამხარაძე აღმოჩნდა, რომელმაც 2011 წელს კომპანიას განცხადებით მიმართა და ზარალის ანაზღაურება მოსთხოვა. სამხარაძე აცხადებდა, რომ მისი საცხოვრებელი სახლი, ღობე და მრავალწლიანი ნარგავები სერიოზულად დაზიანდა. კომპანიამ მისი საკითხი განიხილა და 2013 წელს მატურინ სამხარაძეს ზარალი, დაახლოებით, 31 ათასი ლარით აუნაზღაურა.

 

ზუსტად 4 წლის შემდეგ, სავარაუდოდ, მატურინ სამხარაძე ,,ჯორჯიან მარგანეზის“ ზარალის ანაზღაურების კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბრამიშვილმა „დააკვალიანა“ და ზარალის ანაზღაურების კიდევ ერთხელ მიღების შანსი „გაუჩინა“. ამისათვის მატურინ სამხარაძემ 2017 წელს საკუთარ ქალიშვილს, დარეჯან სამხარაძე-თაბაგარს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გაუფორმა საკუთარი 855 კვ.მ. ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი.  ამავე წელს, ლევან აბრამიშვილმა სამხარაძეებისთვის ზარალის ანაზღაურება ,,ჯორჯიან მანგანეზისგან“ კიდევ ერთხელ მოითხოვა და ამჯერად, კომპანიას, დაახლოებით, 51 500 ლარი გადაახდევინა.

 

როგორც „რეპორტიორმა“ გაარკვია, სამხარაძეებისთვის მომზადებულ ზარალის ანაზღაურების დოკუმენტებში კომპანიის მარქშეიდერის, ჩიხელიძის შედგენილი მიმართვებიც ფიგურირებს, რომელმაც ორივე შემთხვევაში დაადასტურა ოჯახისთვის მიყენებული ზარალი და მიზანშეწონილად მიიჩნია მათთვის კომპენსაციის გაცემა. ჩიხელიძე აცხადებდა, რომ სამხარაძეების სახლი მიწისქვეშა სამუშაოების შედეგად იყო დაზიანებული.

 

ამასთან, 2013 წელს, როდესაც სამხარაძეებმა „ჯორჯიან მანგანეზისგან“ ზარალის ანაზღაურების კომპენსაცია პირველად მიიღეს, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, კომპანიის მიმართ სამომავლოდ პრეტენზია აღარ უნდა გამოეხატათ, რაც, ამ შემთხვევაში, არ მოხდა.

 

საბოლოოდ, სამხარაძეებმა, კომპანიის ზარალის ანაზღაურების კომისიის თავმჯდომარისა და მარკშეიდერის შედგენილი დოკუმენტის საფუძველზე, ჯამში 81 900 ლარამდე მიიღეს.

 

 

,,რეპორტიორმა“ დარეჯან სამხარაძე-თაბაგარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოინახულა, რომელმაც განაცხადა, რომ ლევან აბრამიშვილს პირადად არ იცნობს და არც მისი მუშაობის თაღლითური სქემის შესახებ ჰქონდა გაგონილი. თქვა ისიც, რომ მათი სახლი სავალალო მდგომარეობაშია და გამაგრებას არ ექვემდებარება, რადგან სახლის ქვეშ მაღარო გადის, ხოლო 84 წლის მამამისი მძიმე ავადმყოფია და მასთან საუბარი შეუძლებელია. თუმცა  ,,რეპორტიორმა“ სოფელ რგანში, სამხარაძეების მეზობელიც ჩაწერა, რომელიც გამოგვიტყდა, რომ მისთვის ცნობილია, მატურინ სამხარაძემ კომპანიისგან როგორ მიიღო 2-ჯერ კომპენსაცია და ძალზე სურდა თავადაც მეორეჯერ მიეღო დახმარება ,,ჯორჯიან მანგანეზისგან“, რადგან ერთხელ უკვე მიღებული აქვს თანხა 23 555 ლარის ოდენობით, თუმცა თვალის მკურნალობას მოახმარა და სახლის რეაბილიტაციას აღარ ეყო.

 

სამხარაძეების მეზობელმა ისიც გაგვანდო, რომ მისთვის ცნობილი იყო იმ სხვა მეზობელთა ვინაობაც, რომლებმაც ლევან აბრამიშვილთან გარიგებით, „ჯორჯიან მარგანეზისგან“ კომპენსაცია ორჯერ და სამჯერაც მიიღეს.

 

როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია იმ არაერთი მძიმე დანაშაულის, რაც კომპანიის შიგნით წლების განმავლობაში ხდებოდა.

 

„ჯორჯიან მანგანეზი“ საკუთარ განცხადებაში წერს, რომ სამართალდამცველებთან აქტიურად თანამშრომლობს და გამოძიებაც რამდენიმე მიმართულებით, არაერთი პირის მიმართ  მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული, სამართლებრივი პასუხისმგებლობა სხვა პირებსაც დაეკისროთ.

 

საბოლოო ჯამში,  კომპანიამ სოლიდური თანხა იზარალა და იმედია, გამოძიება დამნაშავეებს გამოავლენს. რეალურად, როდესაც საქმე გვაქვს, ისეთ მსხვილ კომპანიასთან, რომლის პროდუქციის წილი ქვეყნის მთლიან ექსპორტში - 6%-ია, საქართველოში სიდიდით მეოთხე კომპანიაა და  7500-მდე სამუშაო ადგილს ქმნის, როდესაც საქმე გვაქვს ასეთ სტრატეგიულ ობიექტზე, რომელზეც პრაქტიკულად ქვეყნის ეკონომიკა დგას, მსგავსი დანაშაული აუცილებლად უნდა იყოს მკაცრად დასჯადი. 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner