logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: აჭარაში განგაშის საფუძველი არ არის, თუმცა საყურადღებოა
- +

5 სექტემბერი. 2020. 21:12

 

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებასთან დაკავშირებით გარკვეული მატებაა აჭარაში, რადგან სწორედ ბათუმში ბევრმა დამსვენებელმა გაატარა ზაფხული.

როგორც გაბუნიამ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა, ეს პანიკის საფუძველს არ იძლევა.

ძალიან ბევრ ადამიანს ჩაუტარდა გამოკვლევა, ბულვარში, საველე ლაბორატორიის პირობებში. ასევე - 10 000-ზე მეტი ტესტი ჩატარდა სრულიად, როგორც კონტაქტებში, ასევე კლინიკურ პირობებში და აქედან, დაახლოებით, 40-50 შემთხვევა გვაქვს, რაც განგაშის საფუძველი არ არის, თუმცა საყურადღებოა.

ეს არ მიუთითებს ინფექციის ფართო გავრცელებაზე. სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს. ჩვენი მთავარი გადაწყვეტა არის - სწრაფი ტესტირება, კონტაქტების აქტიური გამოკვლევა და ნებისმიერი დამსვენებელი, ან აჭარის მცხოვრები, რომელიც თვლის, რომ კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან, ოდნავ მაინც შენიშნავს, რომ აქვს სიმპტომი, სასწრაფოდ უნდა მივიდეს სამედიცინო დაწესებულებაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, დღეს გავრცელების პირობებში, ჩაკეტვის და მსგავსი მკაცრი ზომების საჭიროება არ არის.

მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ ითანამშრომლოს და ეჭვის შემთხვევაში მივიდეს ტესტის ჩასატარებლად, რაც ჩაკეტვას აგვაცილებს.

ზაფხულის განმავლობაში, რაღაცნაირად დაივიწყეს წესები და ხალხმრავლობაც იყო კაფეებში, ბარებში, ამის მოწმეები ვიყავით. არ უნდა დაგვავიწყდეს ის წესები, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას თქმით, ასევე ვრცელდება ცნობები, რომ ღამის გასართობ ადგილებში არ იცავენ წესებს და არც პირადი დაცვის საშუალებებისთვის მიუმართავთ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, რამ გამოიწვია „დონაში“ ამდენი კონტაქტის გაჩენა, ამაზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

წესი უნდა იყოს ყველასთვის წესი, რომ შემდეგი აფეთქებები ავიცილოთ თავიდან“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 621 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 302-ს შეადგენს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner