logo_geo
eng_logo
ლალი ეგაძე ირმა ინაშვილს: არ გაჩერდე! ეს გზა ღვთისმშობლის ტაძართან მიგვიყვანს...
- +

ავტორი ლალი ეგაძე

6 სექტემბერი. 2020. 13:17

 

 

 

რა უბედურება გვჭირს ასეთი  ჩვენს თაობას,  რომელმაც ყველაზე  ცუდ ეპოქაში იცხოვრა. აღარ ჩამოვთვლი - ომები, კუპონები, ნავთის რიგი და ა.შ...

 

მაგრამ ყველაზე დიდი ჭირი, რაც გვჭირს, უმადურობის  პანდემიაა... ყველას და ყველაფერს რომ აქვს მოდებული... ადამიანს რომ ანადგურებს...

 

საერთოდ არ მაინტერესებს არავის პოლიტიკური ცხოვრება და არც ერთი პარტია... ყველა ერთმანეთს ჰგავს და მაგიტომ...

 

მაგრამ არ შემიძლია, არ  დავაფიქსირო  ჩემი აზრი, როგორც საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქის, რომელსაც ამ ქვეყანაში ცხოვრების სურვილი აღარ აქვს და დარწმუნებული ვარ, ჩემს განწყობაზე  ბევრი ადამიანია...

 

რამდენიმე კვირის წინ ჩემი მეგობარი ირმა ინაშვილი იყო აფხაზეთში და პირველი აისბერგი გაჭრა... სანაცვლოდ წამოვიდა ზღვა  ცილისწამება  და სიბინძურის ნიაღვარი... რა გჭირთ, ადამიანებო,  რამ გაგაბოროტათ ასე?  შურმა, უტვინობამ თუ სიდებილემ?..

 

ჩვენმა საერთო  მეგობრებმა იციან, რომ ირმასთან ხშირად მქონია ცხარე კამათი, მის პოლიტიკურ პარტიაში ვიღაც და რაღაც  თუ არ მომწონებია... მაგრამ ის, რაც ირმამ გააკეთა აფხაზეთთან  მიმართებაში, რატომ თითები არ გემტვრევათ,  ვინც ამ სისულელეებს წერთ სოციალურ ქსელში და ტელევიზიებით გადმოსცემთ?.. იცით მაინც  რამე ირმას შესახებ?

 

ახლა მომისმინეთ ყურადღებით.  ირმა ინაშვილი იყო 22 წლის ჟურნალისტი, რომელმაც ჭუბერი ფეხით გადმოიარა და იქ მაშინ, იმ თოვლიან გოლგოთას გზაზე, ჯოჯოხეთი გაიარა... იქ ეტკინა ფეხები და დღემდე სტკივა... იქ, ირმას თვალწინ  რომ  შეშლილმა  დედამ გაყინული ჩვილი მკერდიდან  მოიგლიჯა   და თოვლში გადააგდო და ის ბავშვი რომ ირმამ და მისმა მეგობრებმა აიყვანეს,  უბეში გაათბეს და გააცოცხლეს, იცით, ეს ამბავი, ქაჯებო???

 

მხოლოდ ირმას  გადაღებულ კადრებს  რომ ატრიალებენ  ტელევიზიები დღემდე ომის ცხელი წერტილიდან, ან ეს თუ იცით? ან ის თუ იცით,  მისი მეგობარი ჟურნალისტი გოგონა  თვალწინ რომ აუფეთქეს... რა დღეში იყო ირმა იმ წუთებში, წარმოიდგინეთ  მაინც?  მერე ერთ  დაობებულ პურს რომ ბრილიანტებში  ცვლიდნენ და ირმა მუხლებზე ჩაჩოქილი ამას უყურებდა, იცით?

 

და უამრავი ისტორია, რომელი ერთი გავიხსენო.. ხვდებით მაინც, ამ ყველაფრის შემდეგ ენგურის ხიდზე რომ გადავიდა, რა გრძნობა იყო იმ წამს ირმას გულში?.. მუხლი უკანკალებდა თუ გული ამოვარდნას ჰქონდა, თვალზე ცრემლს მალავდა თუ ცრემლი ახრჩობდა, არ გაინტერესებთ,  ხომ?  თქვენ სექტა ხართ, ვისაც მხოლოდ ცუდი გაინტერესებთ.  ბოღმა გახრჩობთ, რადგან როცა ირმა ინაშვილი ჭუბერს ფეხით მოუყვებოდა და გზადაგზა მოხუცებს ეხმარებოდა, თქვენ დედაქვენის კაბის ქვეშ იმალებოდით და „ჰერკულესის“ ფაფას მიირთმევდით. აისბერგი გაჭრა ქალმა, ეს მოგწონთ თუ არა, არაა საინტერესო.  იმის მიუხედავად, რომ გაერთიანდეთ და ერთად იფიქროთ, როგორ დავიბრუნოთ  სამშობლო, უბედურებებს სჩადიხართ... ილანძღებით, კორტნით ადამიანს  და იხრჩობით სიბინძურის ნიაღვარში... საწყენი ის კი არაა, ნაცების თუ მევახშეთა პარტია რას ჯღაბნით, ან უსახური არასამთავრობოები... საწყენი და გულდასაწყვეტი ისაა, ირმას და ჩვენი თანამებრძოლები და ვითომ მეგობრები რომ ღადაობთ ამაზე და გიხარიათ, ვითომ პროკურატურა და აუდიტი ირმას რომ ფულებს დაუთვლის და უი, რა კარგია... კარგი არაფერი გახსოვთ? უმადურთა ბრბო და არშემდგარი ადამიანები ხართ, ვინც ამას აკეთებთ... პირადად უთხარით თუნდაც ყველაზე მწარე, თუ რამე გაწუხებთ და არ მოგწონთ... რა უბედურებაა ეს სოციალურ ქსელში ქირქილი...

 

რა სიმდაბლეა, რა გაუტანლობაა  და რა სახელი ჰქვია ამას, არ ვიცი... წამში  გაცვლილი და დახურდავებული   დროებითი ანგარებიანი ურთიერთობა?  არ ვიცი, ვერ გეტყვით...

 

ისე, ცნობისთვის,  ირმა რომ ფულს სწორად  ითვლიდა,  თქვენ კიბის ქვეშ ჯერ კიდევ მაშინ ცუდ თამაშს თამაშობდით....

 

თორემ მე პირადად  ირმამ  მასწავლა ჟურნალისტიკა... ასევე ირმას თინა თოდაძემ და ეკა ილურიძემ ასწავლეს...  ირმას ეს არაერთხელ  დაუწერია.  ჟურნალისტური მორალი, რომელსაც თქვენ ვერავინ გასწავლით... ამის აღიარებას კი მადლიერება ჰქვია ქართულად...

 

ან მევახშეთა პოლიტიკურ პარტიას რა სინდისის ძარღვი არ უწყდება, ამ განცხადებებს რომ აკეთებს?.. ხალხისთვის წართმეული სახლები რომ დააბრუნოთ, არა? და მერე დაიკმაყოფილოთ თქვენი ამბიციები და  ყვითელი   ოცნებები...

 

შალვა ნათელაშვილს განათლებული ჭკვიანი მეუღლე ჰყავს... ლექსებს წერს და ისედაც კარგი ქალბატონია...  ქალბატონო ბელა!  თქვენს მეუღლე შალიკო ნათელაშვილს პერანგს რომ   დაუუთოვებთ და ჰალსტუხს მოუჭერთ კისერზე,  ცოტა მაგრად მოქაჩეთ და დაარიგეთ სახლიდან  გასვლის წინ, ამ სისულელეებს ნუ ბჟუტურობს...  შერცხვეს იქნებ, მის პოლიტიკურ „ტარგოვიი“ წარსულს გადახედოს და ისე იბოდიალოს... სასაჩუქრე მაღაზიები მაქვს და ჩარლის თოჯინა დგას  კარებში... ხალხს მოწონს მასთან სურათების გადაღება,  გამვლელ-გამომვლელი უღიმის ჩარლის და ჩარლიც ბედნიერია და ეს ხალხიც... ამ ჩარლის ფუნქცია გაქვს უკვე, ბატონო შალვა, და ვერ ხვდებით?

 

რაც შეეხება თამარ კინწურაშვილს. ჟენია ბებოს ინდაურის სიფათით რომ გვამცნო, უფლებამოსილება უნდა შევუწყვიტოთ  „პატრიოტთა ალიანსსო“... გოგონა, დაგავიწყდა, პირველ არხზე რომ მობრძანდი და თათბირზე ბრძანე, შევარდნაძეს  ვინც  კამერის ობიექტივში ხედავდა, ის ოპერატორიც კი არ დამანახოთ აქო და მთელ სპეცჯგუფს სახლში გამოგვიგზავნე ბრძანებები?.. ის სამართლიანი იყო ხომ? მუტანტებივით რომ შემოვარდით ტელევიზიის შენობაში  იარაღებით და მე პირადად ირმა ინაშვილის მეუღლემ - ჩემმა მეგობარმა კახა კევლიშვილმა გამომათრია  ჟილეტით, უბედურება  რომ არ მომხდარიყო ამ შეტაკებაში... ეს ხალხი ხართ თქვენ, ვინც კაკანებთ და ჯალათური გზით მოხვედით ხელისუფლებაში... თამარ კინწურაშვილის არასამთავრობოს აზრი ვის აინტერესებს  ნეტა, წყალტუბოშიც აღარ გისმენენ.

 

და ასე შემდეგ... რომელი ხართ ჯანმრთელი,  ვინც ეს ფაქტი დაგმო?..  აფხაზეთს ეხება და ირმას ეყოფა იმის ძალა, როგორც გადმოიარა  ჭუბერი  მუხლჩაჩოქილმა,  დაღლილმა, ასე მუხლებდაჩოქილი  მივა ყველა ქვეყნის ლიდერთან მისი სამშობლოს გასაერთიანებლად და ამაში მხოლოდ სიდიადეა, ამაში სამშობლოს სიყვარულია, თავგანწირვაა და ამას საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი ხედავს, ისე, როგორც არის... აბა, ავადმყოფებს ირმა ვერ უშველის...

 

რაც შეეხება დავით თარხან-მოურავს... საქართველოში პირველი საბაჟო კომპიუტერიზაციის პროგრამა დათომ დანერგა და ეს ჩემი ხელით მაქვს გადაღებული... იცით?

 

დათო საქართველოს  საბაჟო დეპარტამენტის ის უფროსი იყო, რომელმაც სახლი დაკარგა მხოლოდ იმიტომ, რომ არაკორუმპირებული იყო და თქვენსავით უცხოეთში ვილებს არ მალავდა... დათომ მისი  თანხებით უანგაროდ  წაგვიყვანა კაბადოკიაში ჯერ კიდევ მაშინ და მუხლებზე მოილოცა წმინდა ადგილები.  მთელ თურქეთში სოფლებში დავდიოდით და ხვდებოდა ქართველებს,  ლაზებს. ისმენდა ისტორიებს, განიცდიდა,  მერე ცუდ ხასიათზე იყო ამ ისტორიების მოსმენის შემდეგ და საქართველოს გაერთიანებაზე და სიკეთეზე სანთლებს ჩუმად ვანთებდით...  თურქებს რომ არ დავენახეთ, რადგან იკრძალებოდა...

 

ამხელა კაცი დაუჯდომელს ზეპირად კითხულობდა ჯერ კიდევ ათი წლის წინ, იქ, კაბადოკიის ერთ მოკრძალებულ კუთხეში ღვთისმშობლის ხატთან... მერე მოხვედით ნაცები და რას უპირებდით დათოს და როგორ გადარჩა, ამას მე არ მოვყვები აქ... ეს თავად მოყვეს, თუ ამის სურვილი ექნება...  დავით  თარხან-მოურავი უგზოუკვლოდ განათლებული ადამიანია და ამიტომ მენტალური პრობლემა აქვს თქვენთან, წიგნი რომ არ გადაგიშლიათ და მუშტი-კრივით მოხვედით თავს დროზე ხელისუფლებაში...  ჰო, დამავიწყდა, თურქეთიდან რომ წამოვედით, ყველამ რაღაც ვიყიდეთ სამახსოვროდ.  დათომ ერთადერთი რამე იყიდა თურქეთში... ქართული ხანჯალი... ძალიან ძველი... ამით ყველაფერი გითხარით...

 

ახლა მივმართავ ჩემს მეგობარ ირმა ინაშვილს:  არ გაჩერდე!

 

გეყოს ძალა, ამ ძალას მხოლოდ და მხოლოდ უფალი მოგცემს. სხვისი იმედი არ გქონდეს და მოგცემს ის ხალხი, ვისაც ასე ეიმედები და სჯერა შენი... აკრიფე ნორმალური გუნდი დათოსთან ერთად და გააგრძელე  ეს გზა... ეს გზა ღვთისმშობლის ტაძართან მიგვიყვანს...

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner