logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: არც ჩამოეთრევა, არც ჩამოშავდება და არც ჩამობნელდება!
- +

6 სექტემბერი. 2020. 21:47

 

 

ჯერ: ჩამოვეთრევიო! მერე: არ ჩამოვეთრევიო!

 

არასრული 7 წელია გასული მას შემდეგ, რაც საქართველოდან სააკაშვილის გაქცევა „ასავალ-დასავალმა“ თავის მრავალრიცხოვან მკითხველს ასე ახარა: „წაეთრა! წაშავდა! წაბნელდა!“

 

ამ არასრული 7 წლის განმავლობაში სააკაშვილმა 70–ჯერ მაინც გამოცადა, რომ დღეს თუ არა, ხვალ ჩამოეთრეოდა, ჩამოშავდებოდა და ჩამობნელდებოდა!

 

გაქცეული „ნაცბელადი“ ხან ზღვის გადმოცურვით იმუქრებოდა და ხან – ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრით, მაგრამ სააკაშვილის სექტანტი მომხრეები, რომლებიც „მამაძაღლმა არქიფომ“ კოლექტიურ „სპირიდონა სულანჯიად“ გადააქცია, ყოველ ჯერზე პირში ჩალაგამოვლებული რჩებოდნენ.

 

როგორც სეთურის ჭაში ჩაკიდებული „იმედის გამკეთებელი“ ზებო არ რეკავდა ზარს, ისე არსად ჩანდა „ნაცსექტის“ მამამარჩენალი, რომელ არს მიხეილ, მიხო, მიშა, მიშიკო... პოლიქრონიონ!

 

და აი, 2020 წლის 27 აგვისტოს სააკავშილმა კიდევ ერთხელ განაცხადა – გამოვეთრევიო!

 

ბუნებრივია, „ნაცბელადს“ ეს სიტყვა – „ჩამოვეთრევი!“ – არ უხმარია, მაგრამ თქვა – „მე ვბრუნდები!“ – რაც „ასავალ-დასავალისა“ და ქართველი ხალხის ენაზე ითარგმნება, როგორც „მე ჩამოვეთრევი!“

 

დიდი არგენტინელი მწერალი ხოსე ლუის ბორხესი წერდა, რომ მხატვრულ ლიტერატურაში ოთხად ოთხი სიუჟეტი არსებობს, რომელსაც ვერცერთი ნაწარმოები გვერდს ვერ აუვლის: სიუჟეტ~ი ალყაშემორტყმულ ქალაქზე, რომელიც ბოლოს უსათუოდ დაეცემა; სიუჟეტი მოგზაურობასა და განძის ძიებაზე; სიუჟეტი შინ დაბრუნებაზე და სიუჟეტი ღმერთის სიკვდილზე.

 

აი, სწორედ ასე, საქართველოში დაბრუნების შესახებ სააკაშვილის ნებისმიერი განცხადება, როგორი ლამაზი და მაღალფარდოვანი ფრაზებითაც არ უნდა იყოს გაწყობილი, საბოლოო ჯამში, დაიყვანება სამად სამ სიტყვამდე: ჩამოთრევა, ჩამოშავება, ჩამობნელება!

 

და სააკაშვილმა თქვა: მე ჩამოვეთრევი!

 

მან „ფეისბუქში“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ქართელ ხალხს ბოდიშიც მოუხადა – ხელისუფლებაში ყოფნის დროს მძიმე შეცდომები დავუშვი, მაგრამ ღმერთია მოწამე, ჩემი ხალხისთვის ყველაფერი საუკეთესო მინდოდაო!

 

აქ აშკარაა, რომ გაქცეულმა ნაცხელმწიფემ სასიკვდილოდ გადადებულ მეფე გიორგის წაჰბაძა, რომელიც „დიდოსტატის მარჯვენაში“ პიპას უკანასკნელ აღსარებასავით ეუბნება – ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, ლოთიცა და გულზვიადიც, მაგრამ ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატიაო!

 

თუმცა, სააკაშვილი მეფე გიორგი არ არის და როცა ამბობს – მძიმე შეცდომები დავუშვი, თუმცა, ჩემი ხალხისთვის ყველაფერი საუკეთესო მინდოდაო, უბრალოდ, ფარისევლობს!

 

ჯერ ერთი, რაც სააკაშვილმა ხელისუფლებაში ყოფნის 9 წლის განმავლობაში აკეთა, იმას „მძიმე შეცდომები“ კი არა, მძიმე დანაშაულები ჰქვია და მას საკუთარი ხალხისთვის სიკეთე რომ ნდომოდა, იმ მძიმე დანაშაულებს არ ჩაიდენდა.

 

ახლა კი ისე გამოდის, რომ სააკაშვილი გვეუბნება: ჩემი პრეზიდენტობა ეკლესიების ნგრევითა და მრევლის დარბევით რომ დავიწყე, ქვეყანაში ტოტალური ტერორი რომ გავაჩაღე, ფარული თვალთვალი და მიყურადება სახელმწიფოს მართვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად რომ ვაქციე, სიკვდილის ესკადრონები რომ შევქმენი და ქუჩაში უდანაშაულო ახალგაზრდები დავხოცე, სასამართლო, პროკურატურა და პოლიცია პარტიულ ქვედანაყოფებად რომ გადავაკეთე, მედია ჯიბეში რომ ჩავისვი და თავისუფალ სიტყვას დედა ვუტირე, ბიზნესს რომ ვატერორებდი და ხალხს კერძო საკუთრებას ვახევდი, ციხეები უდანაშაულო ხალხით რომ გავავსე და 300 ათასი მოქალაქე პრობაციონერად ვაქციე, პატიმრებს რომ ვაწამებდი და ვაუპატიურებდი, 7 ნოემბერსა და 26 მაისს რომ სისხლში გაბანავეთ და ცემაში მოკლულები მაღაზიის სახურავებზე შეგალაგეთ, ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებდი, რომ თქვენთვის ყველაფერი საუკეთესო მინდოდაო!

 

გაიგეთ, რაში ყოფილა საქმე? სააკავშილი საქართველოს რუსულ პროვოკაციაში რომ ითრევდა და ახალგორსა და კოდორის ხეობას აბარებდა, მაშინაც, თურმე, ქართველ ხალხზე ფიქრობდა და აღარ იცოდა, კიდევ რა სიკეთე გაეკეთებინა ჩვენთვის.

 

– იმის გამო, რაც ბოლომდე ვერ გავაკეთე, მინდა ყველას საჯაროდ ბოდიში მოგიხადოთ! – სიტყვა-სიტყვით ასე თქვა სააკაშვილმა.

 

ე.ი. ბოდიში რომ ბოლომდე ვერ გაგჟუჟეთ და თქვენი სახსენებელი ვერ ამოვძირკვეო! მარტო 300 ათასი კაცი კი არ უნდა დამეჭირა, უკლებლივ ყველასთვის ვირის აბანოში უნდა მეკრა თავიო! რაც დავხოცე, ორი იმდენი უნდა დამეხოცაო! რაც ვაწამე და გავაუპატიურე, ხუთი იმდენი უნდა მეწამებინა და გამეუპატიურებინაო! 7 ნოემბერს მარტო კი არ უნდა მეცემეთ, სათითაოდ უნდა გამეკოჭეთ და მტკვარში გადამეყარეთო! 26 მაისს მარტო „თავისუფლების მეტროსთან“ მდებარე პატარა მაღაზიის სახურავზე კი არ უნდა დამელაგებინა გვამები, მთელი თბილისის მაღაზიებსა და სუპერმარკეტების, რესტორნებისა და დუქნების სახურავები თქვენი გვამებით უნდა აომეფინაო! ეკლესია მარტო გლდანში კი არ უნდა დამერბია, სიონისა და სამების საკათედრო ტაძრებიც შტურმით უნდა ამეღოო!

 

– რაც დაგაკელით, არ უნდა დამეკლო და მერე ვნახავდი, ხელისუფლებიდან ჩემი გამგდები ვინღა დარჩებოდით! – აი, ამას, მხოლოდ ამას და სხვას არაფერს ნიშნავს სააკაშვილის სიტყვები – ბოდიშს გიხდით იმისთვის, რაც ვერ გავაკეთეო!

 

ერთი სიტყვით, სააკაშვილი საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს კი არ ნანობს, არამედ იმ დანაშაულებზე წყდება გული, რომელთა ჩადენაც ვერ მოასწრო! სააკაშვილი საკუთარ შეცდომად თვლის არა იმას, რომ ქართველი ხალხის ღირსებასა და თავისუფლებას გადაუარა, არამედ იმას, რომ ქართველი ხალხის ღირსებასა და თავისუფლებას მთლად ბოლომდე ვერ გადაუარა!

 

სხვათაშორის, იმავეს ნანობს და განიცდის სააკაშვილის პარტია – „ნაცმოძრაობაც“, რომელსაც ერთ–ერთ წინასაარჩევნო ლოზუნგად აურჩევია: „კიდევ გავაკეთებთ!“

 

დიახ, ფეისბუკში „ნაცების“ ოფიციალურ გვერდზე რომ შეხვალ, ე.წ. ჰეშთეგით წერია: „არჩევნები2020“; „რატომ ჩვენ“; „იმიტომ, რომ კიდევ გავაკეთებთ“.

 

ანუ კიდევ დაგიჭერთ, კიდევ გაწამებთ, კიდევ გაგაუპატიურებთ, კიდევ დაგარბევთ, კიდევ წაგართმევთ, კიდევ დაგხოცავთო!

 

იქიდან სააკაშვილი ხომ გვეუბნება – ბოდიში, რომ ბოლომდე ვერ მოგსპეთო, მაგრამ აქედან „ნაცები“ გვაიმედებენ – არა უშავს, კიდევ მოვალთ და ბოლომდე მოგხედავთო!

 

რა გინდა, ასეთი გულწრფელი დაპირება არცერთ საარჩევნო სუბიექტს არასოდეს გაუცია.

 

პარტიების უმეტესობა ამომრჩეველს ისეთ დაპირებებს აძლევს, რომელთა შესრულების თავიც არა აქვს, ნპაციონალური მოძრაობა კი მხოლოდ იმას გვპირდება, რისი შემსრულებელიც ნაღდად არის – კიდევ გიტირებთ დედას, კიდევ ამოგხდით სულს, კიდევ მოვითხოვთ ორ-ორ გვამს, რაც გვიკეთებია, კიდევ გავაკეთებთო!

 

პირადად სააკაშვილს რაც შეეხება, მან პირობის დარღვევისა და სიტყვის გატეხის თავისივე რეკორდი დაამხო, როცა წინა დღეს ნათქვამი – ჩამოვეთრევიო, მეორე დღესვე წყალს გაატანა და განაცხადა ? აღარ ჩამოვეთრევიო!

 

დიახ, 28 აგვისტოს სააკავშილმა, როგორც უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ, კიევში ყაზახი პოლიტიკოსების, ბიზნესმენებისა და ჟურნალისტების დელეგაციას უმასპინძლა და განაცხადა – საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩავერთვები, მაგრამ უკრაინიდან არსად წასვლას არ ვაპირებ, რადგან აქ რეფორმები უნდა გავატარო და ამაში ყაზახი სტუმრების მიერ ნაჩუქარი მათრახიც დამეხმარებაო!

 

ეჰ, უკვე მერამდენედ გააწბილა საკუთარი „სულანჯიების სექტა“ მამა-მარჩენალმა, რომელ არს მიხეილ, მიხო, მიშა, მიშიკო... პოლიქრონიონ!

 

ღმერთო, მერამდენედ უნდა ჩაცვივდნენ ფლუსტრაციაში კოლექტიური „მაყვალა კოორდინატორები“ და „რა დროშა მოგვცა მიშამა“ ბებოები!

 

ქართველი ხალხის დიდი ნაწილი კი დარწმუნებული იყო, რომ სააკაშვილი არც ამჯერად ჩამოეთრეოდა, რადგან მას საქართველოში ციხის გაპრიალებული საკნის მეტი არაფერი ელოდება.

 

სადა აქვს სააკაშვილს იმის პოლიტიკური და პიროვნული სიმამაცე, იმის მორალური სიმტკიცე და სულიერი მზაობა, რომ თუნდაც ისეთ ციხეში ჩაჯდეს, სადაც არც წამება ემუქრება და არც ცოცხებით გაუპატიურება. კაცმა საქართველოს მოქალაქეობა დათმო იმის გამო, რომ ოდესაში გუბერნატორის სკამზე დამჯდარიყო და ახლა საქართველოში ციხეში ჩასაჯდომად ჩამოვა?

ნაცებო, თქვე საწყალო „სულანჯიებო“, როდისღა უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი ბელადი ბრძოლისა და იდეის გამო ციხეში ჩამჯდომი კაცი არ არის, იგი განცხრომისა და ფუფუნების კაცია, თქვენს თავსაც და მთელ საქართველოსაც კიევის ფეშენებელური აგარაკი და ფლორიდის პენტჰაუსი რომ ურჩევნია.

 

ასე რომ, არ ჩამოეთრევა, არა!

 

არც ჩამოშავდება და არც ჩამობნელდება!

 

სამაგიეროდ, როგორც მშიერ ძაღლს ძვალს გადაუგდებენ, სააკაშვილმაც ასე გადმოუგდო საკუთარ სექტას აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად უკრაინის საინვესტიციო ოფისის ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე, რომელიც 30 აგვისტოს ბათუმში ჩამოწანწალდა, რამდენიმე საათით ადრე კი „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვა გაავრცელა – ვისაც ეგონა, რომ უკრაინაში დაკავებული მაღალი თანამდებობის გამო საქართველოზე ხელს ჩავიქნევდი, ძალიანაც შემცდარა, მოვდივარ, რათა რუსული ოცნება ერთად მოვიშოროთო!

 

მოკლედ, უკრაინიდან სააკაშვილის მაგივრად ვარშალომიძე ჩამოწანწალდა და ნაცსექტას ის დაემართა, რაც ინტერნეტის საშუალებით სხვადასხვა პროდუქტის გამომწერებს მოსდით ხოლმე, როცა შეკვეთილი საქონლის მაგივრად სულ სხვა რაღაცას იღებენ და მერე თავში ხელებს იშენენ – რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდაო!

 

ნაცებმა შეუკვეთეს სააკაშვილი და ჩამოუვიდათ ვარშალომიძე, რომელიც აჭარაში კორუფციის, ნეპოტიზმისა და კლანური მმართველობის სახე-სიმბოლოა, ციხეში კი მარტო იმიტომ არ ზის, რომ საქართველოს ხელისუფლებას თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა სთხოვა თუ მოსთხოვა, არ დაეჭირათ!

 

დიახ, ვარშალომიძე არამარტო სააკაშვილის, არამედ ერდოღანის ხელისბიჭიც არის, რომელმაც ნახევარი აჭარა ეკონომიკურად და იდეოლოგიურად თურქეთს ჩააბარა!

 

ქართველი ხალხი კი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე ჩამოწანწალებულ ვარშალომიძესაც, ჩამოსათრევ სააკაშვილსაც და მთელ ნაცსექტას ბითუმად ჩააბარებს პოლიტიკური ნაგვის გადამმუშავებელ ქარხანაში!

 

ოღონდ, მთავარია, იმ გადამუშავებული ნაცნაგვიდან „ქართული ოცნება“ არ მივიღოთ!

 

ჯაბა ხუბუა

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner