ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი გადაცემა „მემკვიდრეობის" დღევანდელ თემას აანონსებს. გადაცემა „ობიექტივის" ეთერში დღეს გავა.
„დღეს, მედია-კავშირ „ობიექტივის" ეთერში, გადაცემა "მემკვიდრეობის" საშუალებით მაყურებელს და მსმენელს კიდევ ერთხელ შევახსენებ იმ საფრთხის შესახებ, რომელიც ჩვენ ყველას გვექმნება „არემჯი გოლდის" თავაშვებული, დანაშაულებრივი საქმიანობის გამო.
გადაცემის სტუმრები იქნებიან: ფიზიკის ინსტიტუტიდან ალექსანდრე ღონღაძე და მურაზ მარტიაშვილი, სოფელ დიდი დმანისიდან; ის ამ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად დმანისის რაიონიდან სპეციალურად ჩამოდის.
ვინაიდან ბოლნისში რბილი ჰავა და ნაყოფიერი ნიადაგია, იქაურ მოსახლეობას მოსავალი წელიწადში სამჯერ მოჰყავს. იქ მოწეულს აქ მივირთმევთ. ასე ხვდება მძიმე მეტალები ჩვენს ორგანიზმში, ჩვენი შვილების ორგანიზმში. მეც თქვენსავით ქვემო ქართლიდან ჩამოტანილ მწვანილს, კარტოფილს, კიტრს, პომიდორს, ისპანახს ვყიდულობ და მივირთმევ. ვიცი, რომ საწამლავს ვჭამ, მაგრამ სხვანაირად როგორ მოვიქცე, ეგ უკვე აღარ ვიცი. ჩვენ კიდევ არა გვიშავს რა და გაითვალისწინეთ, რომ ავადდება მომავალი თაობა.
გადაცემის დასაწისში გავუშვებ წუთ-ნახევრიანს ვიდეოს, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას - ალბათ, გახსოვთ, რომ 21 ივნისს საქართველოს მთავარ პროკურატურაში წარვადგინე დოკუმენტები, სამხილები, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორ დავით ლორთქიფანიძეს. მთავარ პროკურატურაში სამხილების ჩაბარების ფაქტი ტელევიზიებმა მეტ-ნაკლები სიზუსტით გააშუქეს. ვიდეო, რომელსაც დღევანდელ ეთერში გავუშვებთ, იმდღევანდელია, ეს არის შავი მასალა, 21 ივნისს გადაღებული და მისი მოწოდებისთვის მადლობას ვუხდი ჟურნალისტებს", - წერს მიქიაშვილი.