logo_geo
eng_logo
რა მოუვიდა გურამ შარაძეს ბუდაპეშტში, ქართველი კაცის იმიჯის დაცვისას
- +

26 ივნისი. 2016. 13:53



აკადემიკოს გურამ შარაძეს ბავშვობაში თურმე ფრინველებზე ნადირობა ჰყვარებია, ოღონდ - კაკანათით; როცა გარეთ ბარდნიდა, ის ფანჯრიდან უდარაჯებდა მსხვერპლს. თუმცა "წარმატებულ" მონადირეს მხოლოდ ერთხელ გაუმართლა: ყინვით შეწუხებული ბეღურა, დაყრილ ნამცეცებს მიეტანა და მახეში გაება. მერე, მომავალი პარლამენტარი რამდენიმე კვირა ფრთამოტეხილ ჩიტს უვლიდა. ბატონი გურამის თქმით, ეს იყო უკანასკნელი მცდელობა მისი მხრიდან ვინმეზე ძალადობის განხორციელებისა.


- მახსოვს, ამბობდით - სკოლაში და უნივერსიტეტში "გამოუსწორებელი" ფრიადოსანი ვიყავიო. რა ნიშანზე შეაფასებთ თქვენს აკადემიურ მოსწრებას პარლამენტში?


- სასწავლებლებში ჩემს მუშაობას პროფესორ-მასწავლებლები აფასებდნენ, პარლამენტში ამის გამკეთებლი არავინ არის. ყალბი თავმდაბლობა რომ არ გამომივიდეს, ვიტყვი: "ოროსანი" პარლამენტარი რომ ვყოფილიყავი, ქართველი ხალხი წინა მოწვევის შემდეგ აღარ ამირჩევდა.


- როგორ ფიქრობთ - მალე დადგება დრო, როცა ახალგაზრდებს ჰკითხავენ: თქვენი მამა ან ბაბუა "მოქკავშირის" წევრი ხომ არ იყოო? - ისინი კი უპასუხებენ: შვილები მამის ცოდვებზე პასუხს არ აგებენო...


- საბედნიეროდ, ჩემს შთამომავლობას ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ მოუწევს, რადგან "მოქალაქეთა კავშირს" არასოდეს გავკარებივარ. ისე კი, ამორალობად მიმაჩნია, იმ ხალხისგან მმართველი პარტიის ლანძღვა-გინება, ვინც მისი მეშვეობით მიაღწია კეთილდღეობას. მე ამ მოვლენას ეთიკურ-ზნეობრივ სკლეროზს დავარქმევდი. გონებრივი სკლეროზი თანაგრძნობას იწვევს, მაგრამ ზნეობრივი გულმავიწყობა უმადურობის მაჩვენებელია, როდესაც ადამიანს ჰგონია - თუ თვითონ "დაივიწყებს" წარსულს, საზოგადოებაც სკლეროზით დაავადდება.


- თქვენი ოპონენტები ამბობენ, გვარზეც ეტყობა, როგორი "მშვიდობის მტრედიც" ბრძანდებაო...


- (იცინის) მათ ჩემი გვარის წარმოშობის ისტორია არ იციან. შარაძე ერთ-ერთი უძველესი ტაო-კლარჯული გვარია. რაც შეეხება ფუძეს - ნიკო მარი წერდა, რომ "შარა" ნიშნავს არა გზას ან შარას, ოპონენტები და ჟურნალისტები რომ მკენწლავენ, არამედ ჭირნახულს, ბარაქას. ასე რომ, შარიანი სულაც არ ვარ.


- ისეთ "აჟიტირებულ" სიტუაციებში ხვდებით ხოლმე, მიკვირს, თქვენს გენეტიკაში შარი ბარაქას რომ ნიშნავს...


- ყველა ხარხარებს, როცა ამას ვამბობ, მაგრამ ჩემსავით დამთბობი, უპრეტენზიო და ბუნჩულა კაცი ქვეყანაზე არ მეგულება. არის შემთხვევები, როცა ტოლსტოის თქმისა არ იყოს, "გაჩუმება არ შემიძლია" - ხანდახან ჩემნაირ მოკვდავებსაც არა აქვთ დუმილის უფლება.


- ახლა კიდევ, საფრანგეთის ელჩი დაგიპირისპირდათ...


- ჰოო, გამომიხტა. გრიგოლ რობაქიძემ თქვა: "საქართველოს ქართველებზე დიდი მტრები არ ჰყოლია". ქართველები ასეთი ბედოვლათები რომ არ ვიყოთ, ქალბატონი მიუსო, ორბელიანების ბაღში საელჩოს აშენებას გაბედავდა?! ჩვენს ელჩს საფრანგეთში, ბულონის ტყეში, ვინმე მისცემს ამის უფლებას?! მე როცა ვამბობ, ალექსანდრეს ბაღი კულტურული ძეგლია-მეთქი, - სასამართლოს, საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოაქვს. მიუსო ამბობს, რომ ყველაფერი კანონიერად აქვს შესყიდული. მთელი ცინიზმიც იმაშია, რომ საქართველოში ყველაფერი უკანონო, დაკანონებულია და ყველაფერი კანონიერი, უკანონოდაა მონათლული.


- რამდენიმე წლის წინ, ამერიკის საელჩოს დაუპირისპირდით, ახლა ფრანგები გადაიკიდეთ. რა იცით, მომავალში ხელისუფლებაში ვინ მოვა? იქნებ, როგორც ოპოზიციონერს, დევნა დაგიწყონ და მაშინ რომელი ქვეყანა შეგიფარებთ?


- ნებისმიერი ზეწოლის შემთხვევაში, მე საქართველოში დავრჩები და აქ მოვკვდები, რადგან სხვაგან გაქცევის უფლება არ მაქვს.


- მერიის თავზე აღმართული დროშის გამო, თქვენსა და მიხეილ სააკაშვილს შორის სერიოზული დაპირისპირება წარმოიშვა. ხვალ რომ ის ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს, რას იზამთ?


- სააკაშვილის პრეზიდენტობამ შარაძეს რა უნდა დააკლოს?! მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის პრეზიდენტი ვერ გახდება. ამ ბავშვს ტყუილად აბრიყვებენ. თქვენი ჟურნალის საშუალებით, როგორც მისმა გულშემატკივარმა, მინდა ვუთხრა, რომ თავი დაანებოს უპერსპექტივო საქმეებზე ოცნებას, რადგან ახალგაზრდა კაცია და დაუფიქრებლობის გამო, გადაიჩეხება...


- ძველი ანეკდოტი: "ბავშვი მამას ეკითხება: ვეფხვის გეშინია? - არა. - ლომის? არა. ბავშვი ჩაფიქრდა და ბოლოს, თავისი მიხვედრილობის თვითონვე გაუკვირდა: ააა! შენ მარტო ჩემი დედიკოსი გეშინია..." თქვენს ოჯახში როგორ არის ამ მხრივ საქმე?


- ბევრ ოჯახში მეუღლე და ქალი არის რისხვა იმ მნიშვნელობით, რომ ის უნახავს ბევრ საიდუმლოს თავის მეორე ნახევარს. ამ საიდუმლოს გაცემის შიშით კი, მამაკაცები ძალიან უტყვნი არიან და არა მეტყველნი...


- თქვენ ამ მხრივ კარგად გაქვთ საქმე?


- კარგად, რადგან უკანონო გზით შემოსული თანხა არასოდეს მქონია. ეს კი ჩემი ოჯახის ბიუჯეტზე არცთუ ისე სასიამოვნოდ აისახება. სულ ტყუილად არის გავრცელებული შეხედულება, რომ მამაკაცებს ეშინიათ, ცოლებმა საყვარლების შესახებ გაუგონ, რადგან ბევრ ქართველ ქალს ეამაყება, რომ მისი მეუღლე სხვა ქალბატონებს მოსწონდათ, რჩეული კი, თვითონ აღმოჩნდა... ჩემი მეუღლე იმდენად არ არის ეჭვიანი, რომ ხანდახან მისი ზედმეტი ნდობა მაღიზიანებს კიდეც.


- ამბობთ - დამატებითი შემოსავალი არასოდეს მქონიაო. მეუღლესთან ამის გამო პრობლემები არ გიჩნდებათ ხოლმე?


- ჩემი მეუღლე არაფერს ითხოვს. მან მთლიანად ოჯახსა და შვილებს მიუძღვნა საკუთარი თავი. ბუნებაში არც კი მეგულება მეორე ქალი, რომელიც ასეთი დამთმობი იქნება. სიმართლე გითხრათ, არც მომწონს მისი ამგვარი ხასიათი. მინდა, რომ ხანდახან პრეტენზია ჰქონდეს და რამე მოითხოვოს, მაგრამ ამას ვერ მივაღწიე. გინდათ, რომ რომანტიკულ სიბრტყეში გადამიყვანოთ?..


- მე მგონი, არსად გადაყვანა აღარ გჭირდებათ, იმდენად ამაღელვებლად საუბრობთ თქვენს მეუღლეზე. ალბათ შეყვარებულობის ამბებსაც მოგვიყვებით...


- მე და ჩემი მეუღლე - ნათელა გახარია, თანაკურსელები ვიყავით. დანახვის პირველ დღეებში შემიყვარდა, მაგრამ ის სრულ იგნორირებას მიკეთებდა. ამიტომ, უნივერსიტეტში მასთან ურთიერთობას რომ ვერ ვახერხებდი, ეზოიანი სახლი ჰქონდა და მისი ჭიშკრის სახელურს ყოველ დილით ვარდების თაიგულით ვამკობდი. პირველიდან ბოლო კურსამდე უიმედოდ შეყვარებული, მეგობრებს ძალიან ვებრალებოდი და ყველა თანამიგრძნობდა. ბოლო წელს, როცა სახელმწიფო გამოცდები ჩავაბარეთ და ჩვენი გზები საბოლოოდ უნდა გაყრილიყო, მივედი და თვითმკვლელობით დავემუქრე. დაღლილი და ნანერვიულები, შინ წავედი და დავიძინე. გარიჟრაჟი იქნებოდა, როცა ნათელამ თავისი და ჩემი მეგობრის თანხლებით, შინ მომაკითხა. როგორც ჩანს, იმდენად გულწრფელი ვიყავი და ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდა ჩემი მუქარა, რომ შეეშინდა. მივხვდი, განიცდიდა ჩემს სიცოცხლეს. იმ დილით ჩვენს ურთიერთობაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა.


- თქვენზე ამბობენ, ძალიან პედანტურიაო.


- სრული სიმართლეა, თუმცა, ჩინოვნიკი არასოდეს ვყოფილვარ. მომთხოვნი კი, პირველ რიგში, ჩემი თავის მიმართ ვარ. დეპუტატები დაადებენ თავს და პარლამენტში ჯინსებით მოდიან; ზოგს ღიპი უჩანს, გადაღეღილი "მაიკები..." შეიძლება, პოლიტიკოსი ასე გამოცხადდეს სამსახურში? ჩემი პედანტურობა იმაშიც ვლინდება, რომ მოუწესრიგებელ ოთახსა თუ კაბინეტში მუშაობა არ შემიძლია. ასეთი ვარ და რა ვქნა?!


- ერთი, ის ამბავი მოგვიყევით, ბუდაპეშტში ქართველი მამაკაცის იმიჯის დაცვა ძვირად რომ დაგიჯდათ.


- მინდა გითხრათ, რომ 30 წლამდე ალკოჰოლის, სიგარეტისა და ყავის გემო არც ვიცოდი. უკვე ცოლიც მყავდა და შვილიც, როცა მეგობარმა, ლაიოშ ტარდმა უნგრეთში დამპატიჟა და ჩემს საპატივცემულოდ ვახშამი მოაწყო. იგი არისტოკრატიული ოჯახის წარმომადგენელი იყო და წვეულებაზე ბუდაპეშტის წარჩინებული საზოგადოება მოვიდა. მასპინძელმა მითხრა: თავი არ მომჭრა, ქართველ მამაკაცებზე ბუდაპეშტელ ქალბატონებს წარმოდგენა არ დააკარგვინო - კონიაკიც დალიე და სიგარეტიც მოსწიეო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, თავმომწონედ წარმოვთქვი სადღეგრძელო და ჭიქა გამოვცალე. მერე სიგარეტიც გავაბოლე, თუმცა ნაფაზი ვერ დავარტყი, ცხვირიდან კვამლს მაინც ვუშვებდი. ახლა ბუდაპეშტური, ნახშირივით შავი ყავა მომიტანეს. ვატყობ, რომ რაღაც ვერაა კარგად ჩემი საქმე. ვიგრძენი, რომ ფერი წამივიდა და მშველელისთვის დაძახებაც კი ვერ მოვახერხე, ისე დავეცი უგონოდ იატაკზე. საბედნიეროდ, სუფრის წევრები ვერ მიხვდნენ, რა იყო ჩემი ავად გახდომის მიზეზი.


- ე.ი. დიდი მსმელის იმიჯი დღესაც არ გექნებათ...


- ბევრს ეგონა, ვერ ვსვამდი და ამით კისერი წაიტეხეს. მე მთვრალი არავის ვუნახივარ, მაგრამ სუფრაზე კახური რქაწითელი უნდა მომიტანონ და ისე დავასრულებ ქეიფს, რომ ნასვამობაც კი არ შემეტყობა.


- აბა, კარგი თამადაც იქნებით.


- საოცარი და არაჩვეულებრივი. საახლობლო წრეში თითქმის შეუცვლელ თამადად ვითვლები. თუმცა, დიდი დემოკრატიულობით არ გამოვირჩევი, რადგან დისციპლინა მიყვარს. სუფრის წევრებს წარმოთქმული სადღეგრძელო უნდა ესმოდეთ.


- ბატონო გურამ, სასწაულების თუ გჯერათ?


- მე და ჩემი მეუღლე პირველ შვილს ველოდებოდით, როცა ნათელამ ღამით გამაღვიძა და მითხრა: სიზმარში კაბენის ღვთისმშობელი გამომეცხადა და მითხრა: შვილები შეგეძინებათ და თამარის შვილების სახელები დაარქვითო. საძიებელში ვნახე და მართლაც აღმოჩნდა თამარის მიერ აშენებული, კაბენის ღვთისმშობლის ეკლესია. შვილებს ლაშა, გიორგი და რუსუდანი დავარქვი. მაგრამ მოგეხსენებათ, ლაშა-გიორგი ერთ ადამიანს ერქვა.. მე კი ის შუაზე გავყავი და ორ ვაჟიშვილს "გავუნაწილე". დღესაც საშინლად განვიცდი ამას და ვფიქრობ - იქნებ, ლაშა სწორედ ამისთვის წამართვა ღმერთმა?..


- თქვენი იმპულსური ხასიათიდან გამომდინარე, თუ შეგიძლიათ, ცალკეულ უსამართლობებზე თვალის დახუჭვა?


- სამწუხაროდ, ბევრ რამეზე ვხუჭავ თვალს და პირში წყალს ვიგუბებ. ხშირად, ამას შეგნებულად ვაკეთებ, რომ გული არ გამისკდეს და ბოლომდე არ დავკარგო ადამიანების რწმენა. ოღონდ, ეს ზნეობრივ კომპრომისად არ ჩამითვალოთ. ყველაფრის დანახვა და გაგონება დღევანდელ საქართველოში ფიზიკურ განადგურებამდე მიიყვანს ადამიანს.


ხათუნა მაღრაძე

„გზა", 12 დეკემბერი, 2002


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner