logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ აშშ-სა და NATO-ს ღირსეული და საიმედო პარტნიორია
- +

9 სექტემბერი. 2020. 00:56

 

 

 

„საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების ღირსეული და საიმედო პარტნიორია“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ტარდება.

 

„ჩვენი გმირი ჯარისკაცები არიან ყველაზე გამორჩეულები, ღირსეული, სანდო ჯარისკაცები მთელს მსოფლიოში. არ ვაჭარბებ და რატომ - ერაყის მისია, ავღანეთის მისია, ნებისმიერი მისია დაწყებული კოსოვოს მისიიდან - ჩვენმა სამხედროებმა თავი გამოიჩინეს, როგორც ყველაზე საიმედო, ღირსეულმა და მაღალი პროფესიონალიზმით აღსავსე სამხედროებმა. ეს არის შეფასება, რომელიც მესმის ყოველთვის ჩვენი ამერიკელი, ბრიტანელი, ფრანგი, პოლონელი პარტნიორებისგან და წლევანდელი წელიც არის გამორჩეული. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ჩვენი მეგობრების დახმარებით შევძელით და 1000-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო ჩამოვიდა თავისი შეიარაღებით, ტექნიკით; ფრანგები, ბრიტანელები, პოლონელები. მინდა ჩვენს სამ მეგობარ სახელმწიფოს მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა მინისტრმა.

 

ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ქართული ჯარის ეტაპობრივ გადაიარაღებას მაღალი ტემპით ახორციელებს.

 

„ღირსეული პარტნიორი 2020“ 7 სექტემბერს გაიხსნა. საქართველო მას წელს მეხუთედ მასპინძლობს, 18 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. წელს სწავლებაში საქართველო ნატოს წევრ ოთხ ქვეყანასთან ერთად მონაწილეობს.

 

სწავლების მიზანია საქართველოს, ამერიკისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner