აფხაზეთის ომის ვეტერანის მალხაზ თოფურიას ინფორმაციით, ომის ვეტერანი გიორგი ხვიჩია გარდაიცვალა.
„გიორგი ხვიჩია აღარაა. ლამაზი თბილისელი ბიჭი. ყველასათვის საყვარელი და კეთილშობილი, ვინც კი მას იცნობდა, მიუხედავად უამრავი იარისა და სოხუმში დატოვებული ცალი თვალისა, მტერიც არ ზიზღებია არასოდეს. უკრაინელების ვალი გვაქვსო, აიჩემა... ვერ გადავათქმევინეთ.
არ იყო გიორგა ის კაცი ზურგში გაჩერებულიყო, არც ის ადამიანი რაიმეს საშოვნელად წასულიყო, მიუხედავად არადალხინებული ცხოვრებისა, არც ზნეობა მისცემდა საშვალებას, „უკრაინაში ჩაბუდებული" ნაციონალური მოძრაობის პრივილეგიებით ესარგებლა და მათთან ემეგობრა... ის უბრალოდ ერთი ჯარისკაცი იყო, რომელსაც მხოლოდ ღმერთისა და კაცობის სწამდა. იქაც მძიმედ დაიჭრა. ძლივს ააწყვეს... უკრაინელმა თანამებრძოლებმა თბილისში გამოამგზავრეს, 1 კვირაც არ გაჩერებულა; რამდენიმე ძველი, სამხედრო ფორმა მქონდა... გამომართვა, იქ მაგრად გვიჭირს, ბიჭებს გავახარებო. ეს შარშან იყო, მართლა ვერ დავიჯერებდი, რომ ბოლოჯერ ვხედავდი.
ვეღარ გაუძლო მისმა ორგანიზმმა ამდენს... გული გაუჩერდა 45 წლის ასაკში.
ხვალ გიორგას ჩამოასვენებენ სამშობლოში", - წერს თოფურია.