logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ომის შემდეგ რომ გამოსულიყო ჰიტლერი მოებოდიშებინა, დაახლოებით იგივეა, ამ ბოროტი მასხარის ბოდიში
- +

9 სექტემბერი. 2020. 02:59

 

 

 

„ომის შემდეგ რომ გამოსულიყო ჰიტლერი და ეთქვა, ბოდიში აღარ გავიმეორებ. დაახლოებით იგივეა, რომ შევადაროთ ამ ბოროტი მასხარის ბოდიში“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

 

ღარიბაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობა“ და მათი ბელადი მალავდნენ კვლევების შედეგებს და ამის მაგალითად თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება მოიშველია.

 

„ბოლო დღეებში რასაც ვისმენთ, ეს არის აღიარებათა კასკადი. სხვათაშორის, გუშინ მოვისმინე ერთ-ერთ ტელევიზიაზე იყო ვითომ მათი ოპოზიციონერის, ბოკერიას მეუღლე, ქალბატონი ჩერგოლეიშვილი და ამბობდა, რომ გვარამიამ, რომელიც სახეა მთელი ამ გარყვნილი და ბინძური, მტრული ძალის, გვარამიამ გააყალბა კვლევის შედეგები და დამალა სააკაშვილის დაბალი რეიტინგი 2016 წელს. ეს არის პირდაპირი აღიარება, რომ „ნაცმოძრაობა“ და მათი ბელადი მალავდნენ და მალავენ კვლევებს. ეს არის აღიარება და დადასტურება ფაქტისა, რასაც ჩვენ ამ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ დამკვეთი შეიძლება ყოფილიყო NDI და სხვა, მაგრამ შემსრულებელი იყო მათივე ორგანიზაცია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

თავდაცვის მინისტრმა სააკაშვილის ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს დიდი ტყუილი და ეშმაკის აღსარება უწოდა.

 

„რაც შეეხება სააკაშვილის დიდ ტყუილს. რატომ არის დიდი ტყუილი - მანამდე პატარა ტყუილი იყო, რომ ის მოდიოდა საქართველოში. რისი ჩამომსვლელია ეს ადამიანი?! პრეზიდენტი იყო, რომ გაიქცა აქედან, რადგან ეშინოდა ჩამოსვლის. რისი ეშინოდა - საკუთარი ბინძური დანაშაულებების. უამრავი დანაშაულებების, რომელიც მან ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა. ახლა მორიგი დიდი ტყუილი, რომ სააკაშვილი წარმოგვიჩინეს, როგორც მომნანიებელი. რეალურად ეს არის ეშმაკის აღსარება. ვითომ ბოდიში. რა ბოდიში?! ბოდიში კი არა ის უნდა ჩამოვიდეს და მოიხადოს სასჯელი საქართველოში იმისთვის, რაც მან გააკეთა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მისივე თქმით, ყველაზე დიდი დანაშაული, რაც სააკაშვილმა ჩაიდინა, საკუთარი ტერიტორიების გაყიდვა და მტრისთვის ჩაბარებაა.

 

„რუსის ჯარი ქვეყნიდან გასული იყო 2005 წელს. ამ ბოროტმა მასხარამ მოახერხა ის, რომ გასვლის დღიდან სამ წელიწადში რუსული ჯარი შემოიყვანა და დააკანონა ოკუპაცია. აფხაზეთსა და ცხინვალში სრულყოფილი ბაზა ააშენებინა რუსის ჯარს და ეს გვევლინება პროდასავლურად, პროამერიკელად, რომელიც არის ყველაზე გამორჩეული ავანტიურისტი, რუსული ხელისუფლების პოლიტიკის გამტარებელი, იქნება საქართველო თუ უკრაინა. მეტ ინფორმაციას გეტყვით, რაც არის დადასტურებული ფატებით. ფარულად არის უკვე დაპირისპირებული ზელენსკისთან. მანამდე მოგეხსენებათ, როგორც მოიქცა პოროშენკოსთან. შეეფარა მას და შემდეგ დაუწყო ბრძოლა. შემდეგ გამოაგდეს პანჩურით და თმებით ითრიეს. ახლაც იგივე გააკეთა და იგივე ბედი მოელის. გამოაგდებენ დღე-დღეზე. ვერ ამბობს, როდის ჩამოვა, რადგან იცის, რომ საქართველოში ვერ ჩამოვა“, - დასძინა ღარიბაშვილმა.

 

მისივე თქმით, მეორე დიდი ტყუილი და მოსახლეობის შეურაცხყოფაა, როდესაც ოპონენტები სააკაშვილის პრემიერად წარდგენაზე საუბრობენ.

 

„მეორე დიდი ტყუილი და შეურაცხყოფაა ჩვენი მოსახლეობის, რომ გამოდიან და იძახიან, პრემიერად წარადგინეს. როგორ უნდა წარადგინო?! ადამიანი არის უკრაინის მოქალაქე. საკუთარი ნებით დათმო საქართველოს მოქალაქეობა. კაცი, რომელიც ცხრა წელი იყო საქართველოს პრეზიდენტი და დღეს ვითომ წარადგინეს პრემიერად. როგორ? კანონს დაარღვევენ, თუ ფეხქვეშ გათელავენ, როგორც მანამდე აკეთებდნენ. ეს ხომ ჩვენი მოსახლეობის შეურაცხყოფაა. ჩვენ არ გვავიწყდება ის, რაც გააკეთა: ტერიტორიების დაკარგვა, კოდორი ჩაბარება, აფხაზეთისა და ოსეთის ოკუპაციის დაკანონება. 300 ათასი ქართველი გაასამართლა ამ ვითო დემოკრატმა, რეალურად კი ფსევდოპროდასავლელმა. ასევე ბიზნესის ტერორი. ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელიც ამ კაცმა დაგვიტოვა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

ამასთან, თავდაცვის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის ბოლო ვიდეომიმართვა გაიხსენა და იგი ჰიტლერს შეადარა.

 

„ომის შემდეგ რომ გამოსულიყო ჰიტლერი და ეთქვა ბოდიში, აღარ გავიმეორებ. დაახლოებით იგივეა, რომ შევადაროთ, ამ ბოროტი მასხარის ბოდიში როგორ ჟღერს ჩვენთვის, პასუხისმგებლიანი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner