სიღნაღში, ქართული პროდუქციის ყოველწლიური ფესტივალი ,,გურმანი 2016" მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, სპეციალურად მოწყობილ დახლებზე, გამოფენილია ქართული წარმოების მაღალხარისხიანი პროდუქცია, რომლის დათვალიერების და დეგუსტაციის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ეძლევა.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორი, პიარ და ივენთების კომპანია ,,ტრიფექტას" წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული ფესტივალის ძირითადი მიზანია ქართული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაცია და გაყიდვების გაზრდა. ადგილობრივი წარმოების პროდუქციის-ღვინის, ლუდის, მინერალური წყლის, ყველის, ხილის ჩირების წარმოჩენა და უცხოელი ინვესტორებისთვის შეთავაზება.
,,ღონისძიების უმთავრესი მიზანია, პოპულარიზაცია გავუწიოთ მცირე მეწარმეებს. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ცნობილი კომპანიები, როგორიცაა ,,ნატახტარი", ,,ბორჯომი", ,,თელიანი ველი" და სხვა, მეორე წელია, მონაწილეობს ფერმერთა ასოციაცია. ჩვენ გვინდა, რომ ამ ფესტივალის საშუალებით, ის ფერმერები, ვინც მაღალხარისხიან პროდუქციას აწარმოებენ, უფრო მეტად გაიცნოს საზოგადოებამ და მათი პროდუქცია შევთავაზოთ უცხოელ ტურისტებს", -აღნიშნა ღონისძიების ორგანიზატორმა, კომპანია ,,ტრიფექტას" წარმომადგენელმა, ნინო ყურაშვილმა.
ქართული პროდუქციის ფესტივალი ,,გურმანი 2016" სიღნაღში, დღის ბოლომდე გაგრძელდება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია, ფერმერთა ასოციაცია და მოძრაობა KAR.GE.