საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კაჭარავამ სანაკრებო და საკლუბო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ თავად მორაგბემ სოციალურ ქსელში დაწერა.
„გამარჯობა! დადგა დღე, რომელიც ჩემთვის ძალიან ემოციურია! დღე, როდესაც ჩემი რაგბის კარიერა დასრულდა – როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც მუდმივად გვერდში მედგნენ, როგორც წარმატებულ, ასევე ყველაზე მძიმე პერიოდშიც. მადლობა ჩემს ოჯახის წევრებს და მეგობრებს ხელშეწყობისთვის!
მადლობა რაგბის ფედერაციის ყველა თანამშრომელს ვინც წლების მანძილზე თავისი შრომით, ერთი აგურის დადებით მაინც შეიტანა წვლილი რაგბის განვითარებაში.
მადლობა კლუბ „ყოჩებს“, მის პრეზიდენტს გუგა გეგენავას, მადლობა მწვრთნელებს!
განსაკუთრებული მადლობა ნუგზარ მალაღურაძეს, მისი მწვრთნელობის პერიოდში მოხდა ჩემი ძირითადი ფასეულობების ჩამოყალიბება.
მეამაყება, რომ მრავალი წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდის, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი ვიყავი. მადლობა ეროვნული ნაკრების ყველა მოთამაშეს, ვის გვერდშიც მითამაშია.
მადლობა რაგბის, მადლობა საქართველოს, იმისთვის, რომ მენდო, იმისთვის, რომ მომცა შანსი, მისი წარმატებისთვის მებრძოლა.
რაგბიმ ბევრად მეტი მომცა, ვიდრე მე დავუბრუნე!
მე ყოველთვის მორაგბედ და მორაგბეების გულშემატკივრად დავრჩები….
თქვენს გვერდში ვიქნები, ბიჭებო, რითიც და როგორც შემეძლება….
წარმატებას ვუსურვებ ქართულ რაგბის!
რაგბი ჩვენი თამაშია!
მადლობა!“ - წერს დავით კაჭარავა.
დავით კაჭარავა საქართველოს ნაკრების ღირსებას 2006 წლიდან იცავდა, ამ პერიოდში მან 122 შეხვედრა ჩაატარა და ნაკრებს 125 ქულა მოუტანა.