აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას. თორნიკე რიჟვაძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობის, შესაბამისი აღჭურვილობისა და მზაობის შესახებ.
„რესპუბლიკური საავადმყოფო მუშაობს სრული დატვირთვით. აქ ხდება როგორც ცხელების ცენტრის ფუნქციონირება, ასევე კოვიდ-ინფიცირებულების შესაბამისი მკურნალობა. აღჭურვილობა სრულად არის მობილიზებული, რომ გაზრდილი რისკების ფონზე ადეკვატურად მოახდინოს რეაგირება. დღეიდან უკვე ამოქმედდა ახალი პროტოკოლი, რომლის საფუძველზეც მსუბუქი სიმპტომების და სხვა თანმდევი ქრონიკული დაავადებების არქონის შემთხვევაში კოვიდ-ინფიცირებულებს შეუძლიათ მკურნალობა გაიარონ სასტუმროებში, ექიმების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. დღეს უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში იკრძალება ყველა სახის სარიტუალო ღონისძიება და თავშეყრა. შესაბამისად, კონტროლი გამკაცრდება ყველა მიმართულებით, ჩვენ ახლა გვმართებს, რომ ეს მომატებული რისკები ვმართოთ ეფექტურად და ძალიან მალე შევძლოთ დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
საკოორდინაციო შტაბის გადაწყვეტილებით დღეიდან ამოქმედდება სასტუმროს კარანტინში პაციენტების მკურნალობა. 18-დან 65 წლამდე ადამიანები, რომლებსაც აქვთ დადასტურებული კორონავირუსი და, ამავდროულად, არ აქვთ არანაირი თანმხლები ქრონიკული დაავადება, უსიმპტომობის შემთხვევაში მკურნალობას გაივლიან სასტუმროების ქსელში.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან 18 პაციენტი გადაყვანილია სასტუმროს კარანტინში, შესაბამისი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში 112 პაციენტი გადის მკურნალობას.