აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, 2021 წლის ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს.
„ფოქს ნიუსის“ ინფორმაციით, ნობელის პრემიაზე აშშ-ის პრეზიდენტის კანდიდატურა ნორვეგიის პარლამენტის წევრმა, კრისტიან ტაიბრინგ-იედემ წარადგინა.
ნობელის მშვიდობის პრემიაზე აშშ-ის პრეზიდენტის წარდგენის საფუძველი ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა გახდა, მოლაპარაკებებში კი, შუამავლის როლს ტრამპის ადმინისტრაცია ასრულებდა.
ნორვეგიის პარლამენტის დეპუტატი, კრისტიან ტაიბრინგ-იედე ამბობს, რომ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ერებს შორის მშვიდობის მისაღწევად სხვა ნომინანტების უმრავლესობაზე ბევრი გააკეთა.
კრისტიან ტაიბრინგ-იედე, რომელიც ნორვეგიის პარლამენტში უკვე მეოთხე ვადითაა არჩეული, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ნორვეგიის დელეგაციას ხელმძღვანელობს. ნორვეგიელი კანონმდებელი ფიქრობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ახალი დინამიკა შექმნა ისეთ კონფლიქტებში, როგორიცაა, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ქაშმირის სასაზღვრო დავა, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის კონფლიქტი, ასევე ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ შესაძლებლობებთან გამკლავებაში.
ნორვეგიელმა დეპუტატმა მაღალი შეფასება მისცა ტრამპის გადაწყვეტილებას, ახლო აღმოსავლეთიდან დიდი რაოდენობის ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით.