„უსაფრთხო ინტერნეტი ბავშვებისათვის" - პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, ახალ კანონპროექტზე მუშაობა იწყება.
აღნიშნულ ინიციატივაზე საქართველოს პარლამენტში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა.
ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში აცხადებენ, რომ კანონპროექტზე „უსაფრთხო ინტერნეტი ბავშვებისათვის" მუშაობის დაწყების მიზეზი არის ის, რომ ბავშვები სულ უფრო ხშირად მოიხმარენ ინტერნეტს, რაც სარგებლობასთან ერთად ზრდის ინტერნეტთან დაკავშირებულ რისკებს, კერძოდ, ესენია - პორნოგრაფიული საიტების შეუფერხებელი წვდომა, შესაძლო ყალბი ტრანზაქციები, პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.
„ჩვენი მიზანია, დავიცვათ ბავშვები იმ რისკებისგან, რაც შეიძლება ინტერნეტის მოხმარებას მოჰყვეს. ის, რაც უკანონოა ინტერნეტის გარეთ, უკანონო უნდა იყოს ინტერნეტშიც. ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს სასჯელს ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობის და გავრცელებისთვის. არსებობს ფილტრაციის პროგრამები პროვაიდერთათვის. მათ უნდა მოეთხოვოთ ინფორმაციის მუდმივი მონიტორინგი და ნებისმიერი სახის უკანონო ინფორმაციის წაშლა მისი საზოგადოებისთვის მიწოდებამდე. სწორედ ამ მიზნით კომიტეტთან იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ევროპული სახელმწიფოების გამოცდილებიდან და ჩვენთან არსებული საკანონმდებლო ბაზის შესწავლიდან გამომდინარე, მოამზადებს პროექტს, რომელსაც წარვუდგენთ პარლამენტს. ჩვენ მოვიკვლიეთ ინფორმაცია ევროპულ სახელმწიფოებში მსგავსი პროექტების განხორციელების შესახებ. ყველა წამყვან სახელმწიფოში არსებობს რეგულაციები, რომელსაც ექვემდებარება ბავშვებისთვის უსაფრთხო ინტერნეტის მოხმარება. ვფიქრობთ, ეს საკითხი დღეს გასაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, რადგან ტექნოლოგიების განვითარებამ არ უნდა დააზარალოს ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი - ბავშვის სწორად განვითარება და მათი დაცვა არსებული რისკებისგან", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
დღეს კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც აღნიშნულ პროექტს მოამზადებს. ჯგუფში ეკონომიკის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელი და მასთან მოქმედი მომხმარებელთა უფლებების დამცველი თამთა სტეფნაძე შედიან.
პარლამენტიდან პროექტის მომზადებაში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ჩაერთვებიან. სამუშაო ჯგუფი პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელობით იმუშავებს.