პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის ბაქიბუქი საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით წმინდა წყლის საარჩევნო პიარაქციაა, რომლითაც იგი საარჩევნო ხმების მაქსიმალურად მობილიზებას ცდილობს:
– სააკაშვილი დღემდე პუტინის ერთგული ლეკვია, რომელსაც მხარს ამერიკელი ნეოკონსერვატორებიც უჭერენ! ეს გახლავთ მაკკეინის დაჯგუფება, რომელიც დღეს პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის და ძალიან ბევრი მომხრე ჰყავს სახელმწიფო დეპარტამენტში, დაზვერვის სამსახურებში, „იუსაიდში“ და ა.შ. სწორედ ეს ხალხი აიძულებს პრეზიდენტ პოროშენკოსა და პრეზიდენტ ზელენსკის სააკაშვილისთვის ახალ-ახალი თანამდებობის შექმნას. სააკაშვილის ეკონომიკის მინისტრი ირაკლი რეხვიაშვილი, რომელიც დარგს მთელი რვა თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ბუდაპეშტში სოროსის ფონდის მთავარი მენეჯერი იყო. სოროსელი გახლდათ კახა ლომაიაც, ხოლო კახა ბენდუქიძე პირდაპირ კრემლიდან გამოგვიგზავნეს. მოკლედ, სააკაშვილის ხელისუფლება პუტინურ-სოროსული იყო!
– დავიჯეროთ, სოროსი სულ იმაზე ფიქრობს, რომ სააკაშვილს უკრაინაში რაღაც თანამდებობა ჰქონდეს?
– თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სოროსს უკრაინაში ძალიან დიდი ფინანსური ინტერესები აქვს, მაშინ გასაკვირი არაფერია. ცნობისთვის, სოროსმა უკრაინაში უკვე შეისყიდა რამდენიმე ბანკის შენობა და ამზადებს ფინანსურ აქტივებს, რათა ხელში ჩაიგდოს უკრაინის მთავარი სიმდიდრე – შავი მიწა, ხოლო უკრაინის რადამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 2021 წლის 1 ივლისიდან მიწების გაყიდვა ჯერ ფიზიკურ პირებზე, ხოლო 2024 წლიდან იურიდიულ პირებზეც იწყება. უკრაინელი ანალიტიკოსები უკვე პირდაპირ წერენ, რომ სოროსის გეგმებში უკრაინაში 8 მილიონი ჰექტარი მიწის შეძენაა. აი, ასეთი ბიზნესების ლობირებისთვის სჭირდებათ ბნელ ძალებს სააკაშვილი, რომელსაც ევროპაში სერიოზული პოლიტიკოსები არც ელაპარაკებიან. ერთადერთი, ვისთანაც სააკაშვილს მიესვლებოდა, საირუშ ვოლსკი და დონალდ ტუსკია – ნეოლიბერალები, რომლებიც არჩევნებში უკვე დამარცხდნენ.
– მაინც რა რესურსი აქვს სააკაშვილს საქართველოში ჩამოსასვლელად?
– სააკაშვილს საქართველოში ჩამოსასვლელად არც რესურსი აქვს და არც სურვილი! მისი განცხადება, რომ საქართველოში ჩამოვა, წმინდა წყლის საარჩევნო პიარტექნოლოგიაა და დარწმუნებული ვარ, ის საქართველოსკენ ნაბიჯსაც არ გადმოდგამს. მისასალმებელია საქართველოს ხელისუფლების ადეკვატური განცხადება იმის შესახებ, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ფეხს შემოდგამს, დაიჭერენ! სააკაშვილი ისეთი მხდალი არსებაა, გამორიცხულია, ციხეში ჩაჯდეს... საქვეყნოდ ცნობილია, როგორ დამალა ის გრიშა ქობალიამ თავისი ტელევიზიის ტუალეტში მაშინ, როცა ზუგდიდში ბადრი ზარანდიასა და მის დაჯგუფებასთან დაპირისპირება მოუვიდა. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ჩხუბის დროს სააკაშვილი მაგიდის ქვეშაც კი შეძვრა... აღარაფერს ვამბობ გორში აგვისტოს ომის დროს გადაღებულ სამარცხვინო კადრებზე, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიარა. სააკაშვილი „მაგარი“ მაშინ იყო, როცა „ვარდების რევოლუციის“ მოწყობაში ცალკე პუტინი ეხმარებოდა და ცალკე – ამერიკელი ნეოკონსერვატორები ჯონ მაკკეინისა და ბუშის მეთაურობით! სააკაშვილი ამ ბაქიბუქით ცდილობს საარჩევნო ხმების მაქსიმალურ მობილიზებას, რათა ყველაზე მეტი ხმა თავისმა ნაცმოძრაობამ მიიღოს და არა ბოკერიას, ვაშაძის ან ზურაბ-გირჩის ნაცმოძრაობამ!
– თქვენ გჯერათ, რომ ბოკერია სააკაშვილი არ არის?
– ბოკერიასა და სააკაშვილს ურთიერთობაში მართლაც აქვთ პრობლემები, რადგან ბოკერიამ 2016 წელს სააკაშვილს ჯერ პარტია გაუყო და შემდეგ – ფრაქცია... მაგრამ, თუ დადგა ისეთი რეალობა, რომ ხელისუფლებაში მოსასვლელად მათი გაერთიანება გახდა საჭირო, ისინი უსათუოდ გაერთიანდებიან!
– ვანო მერაბიშვილი სააკაშვილის არცერთმა კლასტერმა არ გაიკარა, რატომ?
– იმიტომ, რომ ვანო მერაბიშვილი ძალიან ტოქსიკური და უსარგებლო ფიგურაა! მას პარტიისთვის არავითარი სარგებლობის მოტანა არ შეუძლია, რადგან ძალიან გასვრილი, სისხლიანი და კომპრომეტირებულია.
– მერაბიშვილზე უფრო სახელგატეხილებიც არიან „ნაცმოძრაობაში“, მაგრამ იხტიბარს არ იტეხენ და მორალს გვიკითხავენ!
– ეს მათი შიდა საქმეა და ვერ გეტყვით, რას მოიმოქმედებენ, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში ლიბერალური პლატფორმა საერთო ჯამში ამომრჩევლის მხოლოდ 15 პროცენტს მოიცავს.
– ამას რის საფუძველზე აცხადებთ?
– ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოში, რომელსაც ვერ დავასახელებ, გამაცნეს მათ მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები, რომლითაც დასტურდება, რომ „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი მხოლოდ 7 პროცენტია! კვლევის თანახმად, ასევე დადგინდა, რომ ლიბერალურ ფრონტზე, რომლის ამომრჩეველიც მხოლოდ 15 პროცენტია. ჩაკვეხებულია უამრავი პარტია და მათ შორის ძალიან დიდი კონკურენციაა. მოგეხსენებათ, დასავლეთი მხოლოდ ლიბერასტებს აფინანსებს და ამიტომაც ამტვრევენ ეს პარტიები ერთმანეთს თავ-პირს...
– მოდით, ბელარუსში შექმნილ ვითარებაზეც ვიმსჯელოთ ? ლუკაშენკოს ამხობენ თუ ტოვებენ?
– ვფიქრობ, დასავლეთი ბელარუსში ძალიან ცუდ და გაუაზრებელ თამაშს თამაშობს, რადგან ლუკაშენკოს პირდაპირ რუსეთისკენ ერეკება. არადა, ბელარუსი აქამდე ნამდვილად სუვერენული სახელმწიფო იყო... დასავლეთი ლუკაშენკოს იმდენად ასუსტებს, რომ აიძულებს, ძალაუფლების შესანარჩუნებლად სწორედ პუტინს სთხოვოს დახმარება. ამას პუტინისგან აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი მოთხოვნები და ულტიმატუმი.
– იქნება თუ არა საქართველოში არეულობა არჩევნების წინ?
– არეულობა აუცილებლად იქნება! სანდო და კონფიდენციალური კვლევებით დასტურდება, რომ „ნაცმოძრაობა“ არჩევნებში ნებისმიერ ვარიანტში მარცხდება. აქედან გამომდინარე, მათ დარჩენილი აქვთ ერთადერთი გზა – არიონ მონასტერი, რათა იქნებ რევოლუციისა და გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოვიდნენ! წვრილ-წვრილი, ექვს კაციანი პარტიები, ცხადია, მათ მხარს აუბამენ, რათა მერე ხელისუფლებას პარლამენტში ადგილებისთვის ევაჭრონ. ამ დანაშაულებრივ დაჯგუფებას სწორედ ეს განზრახვა აქვს, მაგრამ მათ ორი რამ ავიწყდებათ – არ გააჩნიათ არანაირი რესურსი და საქართველოში არ არის 2003 წელი! ქვეყანას ჰყავს სამართალდამცავი სტრუქტურა, საკვანძო თანამდებობებზე დანიშნულია სანდო ხალხი და ყველაზე მთავარი – გიორგი გახარია გამოჩნდა, როგორც უსერიოზულესი ლიდერი!
დიტო ჩუბინიძე