აფხაზეთიდან კონტრაბანდული სიგარეტის გადმოტანის მცდელობისას ენგურში 4 ქალბატონი დაიხრჩო.
ეს რაც გახმაურდა და რაც ვიცით, თორემ მსგავსი შემთხვევები სხვაც ბევრი ყოფილა.
მიუხედავად იმისა, რომ, კანონის შესაბამისად, კონტრაბანდას მკაცრად ებრძვიან, როგორც სამეგრელოში, ასევე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზეც, აფხაზეთიდან შემოღწეული სხვადასხვა სახის კონტრაბანდული პროდუქცია უხვად იყიდება.
კონტრაბანდაო, კი ვამბობთ, მაგრამ, ქართული სახელმწიფოს იურიდიული და სამართლებრივი დოკუმენტების მიხედვით, აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა, გამომდინარე აქედან, საკუთარი ტერიტორიიდან შემოტანილი პროდუქცია არ შეიძლება იყოს კონტრაბანდა, მაგრამ არის.
ასეთია ქართული რეალობის ორმაგი სტანდარტი, ორმაგი მიდგომა - აფხაზეთი საქართველოა, მაგრამ იქ წარმოებული და შემდგომ ენგურს აქით გადმოტანილი საქონელი - კონტრაბანდა.
იგივე სტანდარტი ვრცელდება ადამიანებზეც - აქედან იქით გადასული და იქიდან აქეთ გადმოსული ადამიანებიც „კონტრაბანდად“ ითვლებიან და შესაბამის დასჯას და სანქციებს ექვემდებარებიან.
28 გრძელი წელიწადია ეს ამბავი გრძელდება.
ამ 28 წლის განმავლობაში მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში არაფერი შეცვლილა.
ორივე მხარეს რაღაცნაირი სადომაზოხისტური ურთიერთობები ჩამოყალიბდა ერთმანეთის მიმართ და თითქოს ერთიც და მეორეც იმდენად შეეჩვია ამ მდგომარეობას და იმდენად შეიტკბო, რომ არაფრის შეცვლა არ სურთ.
ხანდახან ქართული მხარე დაიყრის თავზე ნაცარს, თვალზე ცრემლს მოიყენებს და სენტიმენტალურ მონოლოგს იწყებს: - ძმებო, აფხაზებო, ძმები ვართ ჩვენ, ერთმანეთზე უკეთესი, აბა, ვინ გვყავს? შევრიგდეთ, ძმებო აფხაზებო, იქიდან კი - ძმები კი არა, იდიტე ვი ნა ხ…ო, - გვპასუხობენ.
ჩვენ ვითომ არ გაგვიგონია და ისევ ძმები ვართ და ძმები ვართო, -ვიმეორებთ, ისინი კი ისევ - იდიტე ვი ნა ხ…ო, - გამოსცრიან კბილებში.
იმდენი პატივისცემა მაინც იქონიონ და აფხაზურად მაინც შემოგვაგინონ, ან ქართულად, თუნდაც მეგრულად, მაგრამ არა, მაინცდამაინც რუსულად გვიბრუნებენ ხურდას, ალბათ იმიტომ, რომ რუსებს გააგებინონ, რა ვაჟკაცები არიან, როგორი უშიშრები არიან და როგორ არ უყვართ და როგორ სძულთ ქართველები.
სხვის ზურგს ამოფარებულნი რომ გვაგინებთ, ეგაა თქვენი ვაჟკაცობა და კავკასიელობა, აფხაზებო? ყოველთვის არ გეყოლებათ ეგ ზურგი და ძალიან მაინტერესებს, მერე რას იზამთ, მერე როგორ მოიქცევით?
აგერ ახლახან ხატი შეუწირავს ქალბატონ ირმას ილორისთვის და ეგ ხატი უკან უნდა დაგიბრუნოთო, შემოუთვლიათ აფხაზებს.
კაცმა ძმა დაგიძახოს და შენ იდი ნა ხ…ო, უთხრა, პატიება გთხოვოს და ზურგი შეაქციო, ხატი გაჩუქოს და უკან მიუგდო - რომელ ქრისტიანობაში წერია ეს და რით შეიძლება ამის გამართლება?
ერთადერთი ახსნა აქვს ამას - როცა მსგავს რაღაცას აკეთებ, ყურმოჭრილი მონა ხარ და პატრონს გინდა ერთგულება დაუმტკიცო.
კი მაგრამ, მონობის გამო იბრძოდით და მონობის გადასაგდებად არ ღვრიდით სისხლს, აფხაზებო?
- გუბურაში დახრჩობას ოკეანეში დახრჩობა გვირჩევნიაო, - ასეთი ფრთიანი ფრაზა ისროლეს ვიღაც-ვიღაცებმა 90-იან წლებში.
საქართველო გუბურა იყო თქვენთვის, სადაც მხრებს ფართოდ ვერ შლიდით და თქვენს დიდ კულტურას, თქვენ უკიდეგანო შემოქმედებით პოტენციალს სათანადო სივრცე და გასაქანი არ ჰქონდა?
კი მაგრამ, საქართველოსთან და ქართველებთან თანაცხოვრების დროს ჩაეყარა საფუძველი აფხაზურ მწერლობას, აფხაზურ თეატრს, აფხაზურ უნივერსიტეტს და ამდენი რამ ამ პატარა გუბურაში როგორ მოახერხეთ, თუ ქართველები გჩაგრავდნენ, გავიწროებდნენ, განვითარების საშუალებას არ გაძლევდნენ?
ახლა როგორ გრძნობთ თავს, იმ დიდ და მღვრიე ოკეანეში?
როგორც ამბობენ, აფხაზეთში აფხაზ მოსახლეობას რაოდენობრივად უკვე გაუსწრო სომხურმა მოსახლეობამ, რომლის წარმომადგენლებიც სომხური სიჯიუტით ამტკიცებენ, რომ აფხაზეთი უძველესი, ძირძველი სომხური მიწაა, სადაც უხსოვარი დროიდან სომხები ცხოვრობდნენ.
ხომ იცით სომხების ამბავი, აფხაზებო, თვითონ გამოიგონებენ რაღაცას, თვითონ შეთხზავენ ისტორიას, მერე კი თავიანთ მიერვე გამოგონილს და შეთხზულს ისე მტკიცედ და მყარად იჯერებენ, როგორც სინამდვილეს, როგორც ფაქტს და რაც უნდა უმტკიცო, ვერ გადაარწმუნებ და ვერ გადაათქმევინებ.
ასე რომ, ადვილი შესაძლებელია, დროთა განმავლობაში, აფხაზეთის ტერიტორიაზე ახალი სომხური სახელმწიფო შეიქმნას, დიდი არმენიის ნაწილი, მისი ფილიალი და ფორპოსტი, რომელიც ისე გადაგყლაპავთ და ისე მოგინელებთ, გონს მოსვლას ვერ მოასწრებთ.
იძახეთ მერე, გუბურაში ბაყაყურით ჭყუმპალაობას მაინც ოკეანეში დახრჩობა გვერჩივნაო.
დრო გავა და სასტიკი რეალობა მიგახვედრებთ, რომ გარდა ქართველისა, არავინ დაგიდგებათ გვერდით, არავინ შეგიბრალებთ, არავინ დაგინდობთ, ქართველი კი არ გაგწირავთ და იცით, რატომ?
იმიტომ რომ, ქართველმა დანამდვილებით იცის, რომ მისი ძმა ხართ, მისი სისხლით და ხორცით ნათესავი ხართ. იცის, რომ იშვიათია აფხაზი, რომლის ძარღვებშიც ქართული სისხლი არ ჩქეფდეს.
თუნდაც ამიტომ ვერ გაგიმეტებთ ქართველი კაცი ბოლომდე, თქვენ კი, თქვენ რატომ დაგავიწყდათ ეს ყველაფერი, თქვენ რატომ მოგვიგლიჯეთ გულიდან, თქვენ რატომ გადაუსვით ხაზი ყველაფერს - ძმობას, ნათესაობას, ნათელ-მირონს, მეგობრობას, მეზობლობას?
ამ 28 წლის განმავლობაში არ შემხვედრია თუნდაც ერთი დევნილი ქართველი, რომელსაც აუგად ეხსენებინოს აფხაზი, სიძულვილი ან აგრესია გამოეხატოს მათ მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარა და მშობლიური სახლ-კარიდან აყრილი, დღესაც ჯოჯოხეთში ცხოვრობს.
მაინც რა არის ნამდვილი მიზეზი იმ გაკერპებისა, რასაც თქვენ, აფხაზები, იმწამსვე იჩენთ, როგორც კი სიტყვა შერიგებაზე ჩამოვარდება?
ხანდახან ვფიქრობ, შეიძლება შერიგება გულის სიღრმეში გინდათ კიდევაც, მაგრამ იმ ცოდვების, იმ შეცდომების, იმ სისასტიკის გამო, რაც ამ ძმათამკვლელ ომში სხვებთან ერთად თქვენც ჩაიდინეთ, პასუხისმგებლობის გეშინიათ და ამ შიშს რეალური საფუძველი აქვს.
თქვენ იმ ცოდვების და იმ დანაშაულების მძევლები ხართ, რომლებიც ჩაიდინეთ თუ ჩაგადენინეს, რომელთა თანამონაწილე გაგხადეს და ამიტომაც ყრუ კედლის აღმართვა გადაწყვიტეთ, რათა იმ კედელს ამოეფაროთ, იმ კედლის იქით დაიმალოთ, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი - ადრე თუ გვიან ყველა კედელი ინგრევა და ყველა თავისი წარსულის პირისპირ რჩება მარტო, შიშველი და დაუცველი.
- ჯერ ბოდიში მოგვიხადეთ, ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარეთ და შერიგებაზე მერე ვილაპარაკოთო, - ამბობენ აფხაზები.
ჩვენ მოგიხადოთ ბოდიში? თქვენ დაიწყეთ ეს უბედურება, თქვენ მოაწყვეთ პროვოკაციების სერიები და ბოდიში მხოლოდ ჩვენ უნდა მოვიხადოთ და თქვენ არა?
რაც შეეხება დამოუკიდებლობას, ძალიან ღრმად ცდებით, თუ გგონიათ, რომ თქვენ, აფხაზეთის მოსახლეობის მხოლოდ ოცმა პროცენტმა რადგან თქვით, ამიტომ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო გახდებით.
თქვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ფიქციაა, ქიმერაა, მირაჟია, რომელიც ვერასოდეს ვერ იქცევა რეალობად, სანამ აფხაზეთში არ დაბრუნდება ის სამასი ათასი ადამიანი, თქვენ რომ იქიდან ცეცხლით და მახვილით გამოყარეთ.
აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხი მათი გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად, ოღონდ მათ გარეშე არავითარ შემთხვევაში.
ჯერ დავაბრუნოთ ის სამასი ათასი კაცი თავის მიწა-წყალზე და დამოუკიდებლობაზე მერე ვილაპარაკოთ.
ერთმა აფხაზმა კაცმა, მწერალმა და პუბლიცისტმა, როცა გაიგო, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის ომი დაიწყო, სამარე გათხარა და შიგ ჩაწვა - აფხაზეთი დაიღუპა და მეც მასთან ერთად უნდა დავიმარხოო.
- გიჟია და ყურადღება არ მიაქციოთო, - თქვეს ვიღაც-ვიღაცებმა და ცოცხლად დამარხულის სამარეს გარშემო ფიცრის ღობე შემოაკრეს - თავისუფლებისთვის მებრძოლთა გმირულ-ჰეროიკულ აღტყინებაზე უარყოფითად რომ არ ემოქმედა.
დრო გავიდა და დამტკიცდა, რომ ის აფხაზი გიჟი კი არა, აბსოლუტურად ნორმალური ადამიანი იყო, რომელსაც სულმა და ხორცმა წინასწარ უგრძნო, რა უბედურება ელოდა მის მშობლიურ აფხაზეთს.
ჩვენ არა მარტო ერთი, არამედ ძალიან ბევრი შესანიშნავი აფხაზი ვიცით, რომლებმაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაწყებისთანავე დატოვეს აფხაზეთი და მონაწილეობა არ მიიღეს ამ სასტიკ და უაზრო დაპირისპირებაში.
ჩვენ უამრავი დიდებული აფხაზი ვიცით, რომლებიც ომის დროს საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ქართველებს და მათთვის დამიზნებულ ტყვიას მკერდს უშვერდნენ.
ჩვენ უამრავი ბრწყინვალე აფხაზი ვიცით, რომლებმაც ამ ომის დროს ვაჟკაცობის, ადამიანურობის, კაცთმოყვარეობის, რაინდობის საოცარი მაგალითები აჩვენეს.
აი, ისინი არიან ნამდვილი აფხაზები, აფხაზეთის ნამდვილი პატრიოტები, აფხაზი კაცის ღირსებისა და სახელის გადამრჩენები.
აი, ისინი არიან ნამდვილი აფხაზები და არა ისინი, სხვის ზურგს ამოფარებულნი მუშტებს რომ გვიღერებენ და „ნა ხ...“-ზე რომ გვაგზავნიან.
როგორც ზემოთ ვთქვი, ამ წერილის პათოსი სწორედ ამგვარი და ამნაირი ვაი-აფხაზების წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა, არავის ეგონოს, ის ვაი-ქართველები არ მახსოვდეს, რომლებსაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გაღვივებაში ლომის წილი აქვთ შეტანილი.
- თქვენი ბრალია ყველაფერი. ომი ქართველებმა დაიწყეთო, - გვსაყვედურობენ აფხაზები და ამ საყვედურში თითქოს არის სიმართლის მარცვალი, თუმცა, იმ წინა ისტორიას თუ ჩავუღრმავდებით და ობიექტურად გავაანალიზებთ, რაც ქართულ-აფხაზურ დაპირისპირებას უძღოდა წინ, შეიძლება გამაოგნებელ დასკვნამდე მივიდეთ - ეს არ ყოფილა ქართველთა და აფხაზთა ომი, ეს იყო საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ვერაგული და მზაკვრული ომი, ხოლო ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ამ ომის ფრაგმენტი და ნაწილია.
აბა, გავიხსენოთ, რა მოხდა მანამ, სანამ კიტოვანის „განმათავისუფლებელი“ არმია აფხაზეთში შევიდოდა.
რა მოხდა და, ჯერ თბილისში რუსთაველის პროსპექტი გადაწვეს, კანონიერი გზით არჩეული ხელისუფლება დაამხეს, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნიდან განდევნეს, მერე სამეგრელოს გადაუარეს ხუთჯერ და მხოლოდ ამის შემდეგ მიადგნენ აფხაზეთს.
ასე რომ, მთლად ზუსტი არ არის, უფრო სწორად, სინამდვილისგან ძალიან შორს დგას მოსაზრება, რომ აფხაზეთში ომი საქართველომ დაიწყო.
თუ ეს ასეა, მაშინ ამ საქართველოს რომელმა საქართველომ დაუწყო ომი და რომელმა საქართველომ დაგვატეხა თავს ამდენი უბედურება?
აი, ეს არის ის საკითხი, რომელზეც ქართველებმა და აფხაზებმა ძალიან გახსნილად, ღიად და გულწრფელად უნდა ილაპარაკონ და თუ ეს მოხდება, მაშინ აუცილებლად მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ეს ომი თანაბრად იყო მიმართული როგორც ქართველების, ასევე აფხაზების წინააღმდეგაც.
ეს ომი სხვებმა დაიწყეს, მაგრამ ის ჩვენ, ქართველებმა და აფხაზებმა, უნდა დავამთავროთ.
აფხაზეთზე და აფხაზებზე ენისმოჩლექით საუბარს მიჩვეული საზოგადოების ყურს შეიძლება ამ წერილის ტონი ცოტათი მკვახე და ხისტი მოეჩვენოს, მაგრამ გულწრფელი სიყვარულით და სითბოთი საუბარი, როგორც ჩანს, ვიღაც-ვიღაცებს ჩვენი სისუსტის და უნიათობის მიმანიშნებელი ჰგონია, ამიტომაც, იქნებ სჯობდეს, სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს, თუნდაც ეს სიმართლე ძალიან მწარე იყოს.
მწარე სიმართლე მგონია ის, რომ აფხაზებს საქართველოს და ქართველების გარეშე გადარჩენა ძალიან გაუჭირდებათ.
p.s. რაც უფრო მალე მიხვდებიან აფხაზები ამას, მით უფრო კარგი მათთვის.
ადრე თუ გვიან, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ვშიშობ, რომ იქ შეიძლება აფხაზები არ დაგვხვდნენ…
რაც შეეხება აფხაზურ სიგარეტს თუ აფხაზეთში წარმოებულ სხვა სახის პროდუქციას, რომელიც ენგურს აქეთ კონტრაბანდად ითვლება, ხელისუფლებას ვურჩევდი: გაუხსენით ჩაკეტილი საზღვრები აფხაზურ პროდუქციას, მიეცით საშუალება აფხაზეთის მოსახლეობას, თავისუფლად და დაუბრკოლებლად გადმოიტანონ ენგურს აქეთ მათ მიერ წარმოებული პროდუქცია. აფხაზები დავიბრუნოთო, რომ ვამბობთ, თუ მართლა გვინდა მათი დაბრუნება, განა ეს არ არის ერთ-ერთი გზა აფხაზებთან პირდაპირი და უშუალო კონტაქტების დამყარებისა?
28 წელია მოძველებული კლიშეებით, ერთი და იგივე მობეზრებული და არაფრის მთქმელი ფრაზებით ველაპარაკებით აფხაზებს და ვერა და ვერ გადავერთეთ ურთიერთობის ახალ ფორმაზე, ახალ პოლიტიკურ ენაზე და ამიტომაც ვტრიალებთ მოჯადოებულ წრეზე. ვინ დაგვაბა ნაგაზებივით ჩვენ, ქართველები და აფხაზები და ვინ გვაიძულებს, ერთმანეთს ვუღრინოთ, კბილები ვუღრჭიალოთ და ერთმანეთის დასაგლეჯად სულ ერთმანეთისკენ ვიწეოდეთ.
მაქვს გონივრული ჭვი, რომ მხოლოდ რუსები არ არიან ისინი, ვისაც ჩვენი ასეთი მდგომარებოა ხელს აძლევთ და რუსებთან ერთად სხვა ძალებზეც ვართ მიბმული მოკლე ჯაჭვით. ეს ის ძალებია, რომლებიც მეგობრობას კი გვეფიცებიან და თითქოს მეგობრებად გვთვლიან მაგრამ სინამდვილეში, რუსების კანჭებზე დაგეშილ მყეფარე ნაგაზად ვჭირდებით!
ვახტანგ ხარჩილავა