„ვფიქრობ, რომ მსგავსი არჩევნები და წინაასაარჩევნო მდგომარეობა საქართველოს უახლოეს ისტორიაში არ ყოფილა. არასრული 50 დღეა დარჩენილი არჩევნებამდე და ოპოზიციას უმრავლეს ოლქებში არ ჰყავს წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ასევე არ ვიცით მათი პარტიული სიები, არ ვიცით მათი საარჩევნო პროგრამები“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა გია ცაგარეიშვილმა „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისი თქმით, მას მსგავსი რამ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში არ ახსენდება.
„ურთიერთგარჩევაში მიილია უკანასკნელმა 6-მა თვემ. ეს კეთილშობილური მოწოდება და დევიზი „ძალა ერთობაშია“ თვალსა და ხელს შუა შემოადნათ ამ ადამიანებს, რომლებიც ყოველ ერთ ადგილზე ვაჭრობენ არა თავის, დამოუკიდებელ სიაში, არამედ მიხეილ სააკაშვილის ხელდასმულ სიაში და შესციცინებენ ამ ადამიანს თვალებში და ფიქრობენ, რომ ამით გარკვეულწილ უპირატესობას მოიპოვებენ იმისთვის, რომ 1,2,3,4 ადგილი მოიპოვონ არ ვიცი, რომელ ათეულში. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ ამორფული ერთობა, დეზორიენტირებული ოპოზიცია, რომლისგანაც არავითარი სახის სიახლე არ მოდის. ვერ ვხედავთ ახალ სახეებს, იდეებსა და შეხედულებებს“,- განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
მისივე თქმით, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ არჩევნები იქნება ორპოლუსიანი.
„მაგრამ ეს პოლუსი ოპოზიციის მხარეს არჩევნებიდან არჩევნებამდე, თვალსა და ხელს შუა დნება, უფერულდება და ფერმკთალი ხდება. მე ვფიქრობ, რომ თუ ავიღებთ ბოლო წლებსა და არჩევნებს, ოპოზიცია ყველაზე მტკივნეულ მარცხს მიიღებს. ეს ყველაფერი გაფორმდება 31 ოქტომბერს. არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე ოლქში მეორე ტური ჩატარდეს. ვფიქრობ, რომ ეს კარგიც კია, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ ფორმალობა“,- აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.