logo_geo
eng_logo
ვინც ახალ შთაბეჭდილებებს ეძებს, იგი მას საქართველოში იპოვის
- +

2 მარტი. 2016. 10:40


გერმანული მარკეტინგული ინტერნეტგამოცემა Go Asia Magazin" საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით „გავიცნოთ კავკასია" . ჟურნალი საქართველოს ისტორიას მიმოიხილავს და ქვეყნის კულტურისა და  ღირსშესანიშნაობების შესახებ  მოუთხრობს.

 

 

 

გერმანული გამოცემა ტურისტებს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს და აღნიშნავს, რომ  ვისაც უნდა ევროპული ყაიდის ქვეყანა აღმავლობის პერიოდში შეიგრძნოს, ვინც ეძებს მრავალფეროვნებას  და თან ცხოვრების ტემპის შენელების სურვილიც აქვს, ის საქართველოში თავს კარგად იგრძნობს.


 

გზად საქართველოში

 

 

ევროპის უშორეს კიდესთან კავკასიისა და შავი ზღვის მოსაზღვრედ მდებარეობს საქართველო - ქვეყანა სუნთქვაშემკვრელი ბუნებითა და უძველესი, ათასწლოვანი კულტურული ფესვებით. სხვადასხვა რეგიონი გასაოცარი მრავალფეროვნებით წარმოუდგება დამთვალიერებლებს -  თანამედროვე დედაქალაქ თბილისიდან, პატარა პოსტსაბჭოთა ქალაქების გავლით,  ისტორიულ სოფლებამდე: ვინც ახალ შთაბეჭდილებებს ეძებს, იგი მას აქ, საქართველოში იპოვის.



ქვეყანა დიდი ისტორიით

 

 

საქართველო მეორე ქვეყანა იყო სომხეთის შემდეგ, რომლის მმართველმაც IV საუკუნეში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ქრისტიანულ-მართლმადიდებლური ქვეყანა კავკასიაში უძველესი დროიდან არსებობს და მრავალფეროვანი ისტორია აქვს. თანამედროვე  საქართველომ 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად მოიპოვა დამოუკიდებლობა. თუმცა უახლეს ისტორიასაც უამრავი მღელვარება ახლდა, რამაც პიკს მიაღწია 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებისას. ამას შედეგად მოჰყვა ქვეყნის ნაწილების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - არაღიარებული გამოყოფა.



მიუხედავად ამისა, დიდია  სურვილი, რომ ქვეყანა პოლიტიკურად და ეკონომიკურად სტაბილური იყოს. საბჭოთა კავშირის დროს საქართველო ითვლებოდა სსრკ-ის ერთ-ერთ ყველაზე აყვავებულ და მდიდარ რეგიონად, ამავე დროს ტურიზმის ცენტრად. ეს საქმე დღესაც გრძელდება - ქართველები ფანტასტიკურად სტუმართმოყვარე ხალხია, ქვეყანა მდიდარია შთამბეჭდავი კულტურითა და მადისაღმძვრელი კერძებით.



თბილისის გაცნობა

 

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მხოლოდ რამდენიმე საათით არის დაშორებული გერმანიის აეროპორტებს. ბილეთების დროული დაჯავშნის შემთხვევაში, კავკასიაში ჩასვლა იაფად არის შესაძლებელი,  პირდაპირი რეისით ან სხვა აღმოსავლეთ ევროპის დედაქალაქში მცირეხნიანი გაჩერებით. დანიშნულების ადგილზე ჩასული, ტაქსით ნახევარ საათზე ნაკლებ დროში უკვე დედაქალაქის ცენტრში ხარ.



ვისაც თბილისში გადაადგილება უნდა, ტაქსის იძახებს. ზოგიერთი მარშრუტის დაძლევა ფეხითაც კარგად შეიძლება, მაგრამ თუ მდინარე მტკვრის გადაკვეთა გახდა საჭირო, მაშინ ტაქსი საუკეთესო არჩევანია. ამასთანავე, ერთი რამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ვინც საქართველოში ავტომობილით მგზავრობს, კარგი ნერვები უნდა ჰქონდეს, სულერთია, ვინ იქნება ეს, მძღოლი თუ უბრალო მგზავრი.



ზოგიერთი მარშრუტის გავლა სხვა გზითაც არის შესაძლებელი. მაგალითად, ნამდვილად ღირს ქალაქის საბაგიროთი - თბილისის ფუნიკულიორით გასეირნება, რომელიც 1905 წელს გაიხსნა მთაწმინდაზე, იქვეა პატარა დასასვენებელი პარკიც. სახლების სახურავების ზემოდან, „ეშმაკის ბორბლიდან" დედაქალაქის განსაკუთრებული ხედი იშლება. ასევე ღირს საბაგიროთი მგზავრობა რიყის პარკიდან მაღლა, ნარიყალას ციხემდე, რომელიც შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ციხესიმაგრეა. 2012 წლიდან შესაძლებელია როგორც III საუკუნის ნანგრევებთან, ისე „ქართლვის დედის" შთამბეჭდავ მონუმენტურ ქანდაკებასთან მოხვედრა. აქედანაც იშლება თბილისის საუკეთესო ხედები დღისითა და ღამით.



ტრანსპორტს არა აქვს მნიშვნელობა, ვისაც საქართველოს დედაქალაქის გაცნობა უნდა, ის ბევრ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლს აღმოაჩენს. აქ შეხვდებით შუა საუკუნეების ეკლესიებს,  ქალაქის ძველ ისტორიულ უბნებს, საბჭოთა პერიოდის რამდენიმე შენობას შუშისა და ფოლადის თანამედროვე ნაგებობებამდე - თბილისში ეპოქების შეგრძნებაა შესაძლებელი. ტრადიციული თუ თანამედროვე რესტორნები გვთავაზობენ მრავალფეროვან სამზარეულოს, მაღაზიებში კი ყველანაირი არჩევანია.



ღვინის აკვანი

 

 

ის, ვინც საქართველოს სტუმრობისას მხოლოდ თბილისით შემოიფარგლება, ბევრს დაკარგავს. იქვე, დედაქალაქის მახლობლად მდებარეობს, მაგალითად, ღვინის მეურნეობა „შატო მუხრანი". ღვინო საქართველოში?! დიახ! ქვეყანა ჯერ კიდევ კომუნისტური დროიდან ითვლებოდა საბჭოთა კავშირის ღვინის მარნად. ღვინის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საქართველო მევენახეობის ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა. კლიმატური და გეოლოგიური პირობები იდეალურია, აქ უკვე ათასწლეულებია ვენახების გაშენებას მისდევენ.



სსრკ-ის დაშლის შემდეგაც შეინარჩუნა ღვინომ საქართველოს მნიშვნელოვანი საექსპორტო საქონლის სტატუსი, რომლის მთავარი მომხმარებელი რუსეთია. თუმცა, 2008 წელს, რუსული ემბარგოს შემდეგ, ქვეყანა გასაღების ახალ ბაზრებს ეძებს, მათ შორის, დასავლეთ ევროპაშიც.

ავტობანით თითქმის 40 წუთის სავალზე,  თბილისიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს ნამდვილი საგანძური: „შატო მუხრანის" ღვინის მეურნეობა. პატარა სასახლე შთამბეჭდავი კამაროვანი სარდაფებით, რომელიც 1873 წლიდან არსებობს, გარშემორტყმულია ფრანგული სტილის პარკით. ეს არის რამდენიმე ჰექტრზე გაშენებული ღვინის მეურნეობის ცენტრი. 2007 წლიდან აქ უახლესი სტანდარტების მიხედვით აწარმოებენ უმაღლესი ხარისხის ღვინოებს, რომლებსაც შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ ასეთივე ხარისხის ევროპულ ღვინოებს.



ღირსშესანიშნაობების თვალსაზრისითაც შეუძლია საქართველოს კონკურენცია გაუწიოს სხვა ქვეყნებს! ქვეყნის გაცნობა შესაძლებელია როგორც დაქირავებული, ისე  საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თუმცა, უკანასკნელი ვარიანტისთვის, საკმარისი  დრო და დიდი მოთმინებაა საჭირო.

 

მცხეთა: ანტიკური დედაქალაქი

 

 

თბილისიდან ჩრდილოეთით, სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრის დაშორებით,  მდებარეობს მცხეთა. ის საქართველოს უძველესი დედაქალაქია, უფრო ზუსტად კი, ყოფილი იბერიის სამეფოს დედაქალაქი და მდებარეობს პირდაპირ აბრეშუმის გზაზე. აქ ბევრი ღირსშესანიშნაობა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.



შუა საუკუნეების სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, რომელიც მე-11 საუკუნით თარიღდება, სრულიად განსაკუთრებული ფენომენია. გრძნობ ეკლესიისა და თავდაცვითი ნაგებობის ნაზავს, და ეს მართლაც ასეა. იმ დროს, როცა შიგნით საოცრად ლამაზი ფრესკები და ბარელიეფები ბიბლიურ პერსონაჟებს ეთაყვანებიან, საკათედრო ტაძარი გარშემორტყმულია ხუთმეტრიანი სიმაღლის ქვისა და აგურის კედლებით, რომელთა ბოლო სართული აღჭურვილია ქონგურებითა და გასასვლელებით, რომლებიც თავდაცვის მიზნით გამოიყენებოდა.



უფლისციხე: უძველესი დასახლებული ადგილი

 

 

საქართველო კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი დასახლების ადგილია. იმისათვის, რომ თავად დარწმუნდეთ ამაში, უმჯობესია, ეწვიოთ კლდეში ნაკვეთ ქალაქს - უფლისციხეს. ის  არის საქართველოში უძველესი ნასახლარი. კომპლექსის  ცენტრალური ნაწილი სავარაუდოდ უკვე ძვ. წ. მე-16-15 საუკენეებში გამოიყენებოდა საცხოვრებლად. მართლაც შთამბეჭდავი ადგილია!



რასაკვირველია, მრავალმა საუკუნემ კვალი დაატყო მას - ნგრევა, მიწისძვრები, ძარცვა და ბუნებრივი დაშლა ნათლად ატყვია კლდეში ნაკვეთ ქალაქს. ის ტერიტორია, რომლის დათვალიერებაც შესაძლებელია და რომელიც 1957 წელს არქეოლოგებმა გაასუფთავეს, არის შიდა ქალაქი, თავდაპირველი დასახლებული ტერიტორიის რეალური ფართობის მხოლოდ მცირე ნაწილი. მიუხედავად ამისა, დიდ შთაბეჭდილებას ახდენს  წარსულის ეს უტყვი მოწმე, რომელმაც 3000 წელზე მეტ  ხანს გაუძლო ისტორიის ქარტეხილებს.



გორი: სტალინის დაბადების ადგილი

 

 

მხოლოდ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს გორი. გორი დიქტატორ იოსებ სტალინის დაბადების ადგილია. სტალინის 17-მეტრიანი ძეგლი 1952 წლიდან იდგა აქ, ქალაქის ცენტრში, მუნიციპალიტეტის წინ. საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2010 წელს ის ააღებინა. მას შემდეგ ის ინახება, თუმცა ზოგიერთები კვლავ გამოდიან მისი ხელახლა აღმართვის ინიციატივით, ამჯერად სტალინის მუზეუმის ბაღში.



მუზეუმის შიგნით წარმოდგენილია სტალინის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდის ამსახველი არტეფაქტები და დოკუმენტები. უსიამოვნოა ის, რომ აქ დახატულია ძლიერი, არაჩვეულებრივი ქართველის სურათი, ხოლო მის დანაშაულსა და სტალინიზმის ჩრდილოვან მხარეებზე არაფერი მიანიშნებს.

 

სათაფლია: დინოზავრის ნაკვალევი და კარსტული მღვიმეები

 

 

სათაფლიის ნაკრძალი დასავლეთ საქართველოში  ამავე სახელობის მთაზე, ჩამქრალ ვულკანზე მდებარეობს. მილიონი წლის წინ ამ მთასთან ზღვის ყურე იყო და ამ უძველეს დროში აქ დინოზავრები ბინადრობდნენ. მათი ნაკვალევის ნახვა დღესაც შეიძლება. ამიტომ ნაკრძალის ბევრ აბრაზე ასეთ წარწერას შეხვდებით: „იურული პერიოდის პარკი".



ნაკრძალთან ერთად, სათაფლიის დიდ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს კარსტული მღვიმეები. აქ შესაძლებელია უზარმაზარი სტალაგმიტებისა და სტალაქტიტების ნახვა. ამ ყველაფრის გულია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ე.წ. გულის დარბაზი, სადაც  არის გულის ფორმის უზარმაზარი ქვა. ითვლება, რომ ის 30 მილიონი წლისაა.


ქუთაისი: მონასტრებით გარშემორტყმული ქალაქი

 

 

ქუთაისი საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქია. 2012 წლიდან აქ საქართველოს პარლამენტი მდებარეობს. ქალაქის ღირსშენიშნაობებს განეკუთვნება შუა საუკუნეების იერსახე, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე საკათედრო ტაძრები და ახალაშენებული პარლამენტის შენობა. შთამბეჭდავია, ასევე, ქუთაისის გარშემო არსებული  ეკლესია-მონასტრები.



მოწამეთას მონასტერი, რომელიც მომლოცველთა საყვარელი ადგილია, ულამაზეს ციცაბო ფერდობზე მდებარეობს. სახელწოდება „მოწამეების მონასტერს" ნიშნავს. სამონასტრო კომპლექსს სხვებთან ერთად მიეკუთვნება ასევე სამლოცველო და სამრეკლო. როგორც ამბობენ, აქ დასვენებული წმინდა ნაწილები სასწაულებს ახდენენ, ამისათვის კი საჭიროა ვიწრო გასასვლელის ჩოქით გავლა.



კიდევ ერთი საოცარი მონასტერია გელათი, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია და იმავდროულად იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობას განეკუთვნება. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდის ძლევამოსილი გუმბათოვანი ეკლესია მოზაიკითა და ფრესკებით.



ცოტა უჩვეულო და თავგადასავლებით სავსე აღმოჩნდა მატარებლით მგზავრობა ქუთაისიდან უკან, დედაქალაქში - დახლოებით 240 კმ-ის გასავლელად მატარებელს ექვსი საათი დასჭირდა.



ქართული სამზარეულო და სუფრის ტრადიცია

 

 

მდიდარი ქართული სამზარეულო თითოეული სტუმრის მეხსიერებაში კარგ მოგონებად რჩება. ქვეყნის რესტორნების მრავალფეროვანი მენიუები ყოველ საღამოს გვეპატიჟება სხვადასხვა კულინარიული შედევრების დასაგემოვნებლად.



თუ რამდენიმე მეგობარი ერთად მოიყრის თავს, არსებობს კარგი ქართული ტრადიცია სუფრაზე  გრძელი სადღეგრძელოების თქმისა, რომლებიც ძირითადად ცხოვრების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, როგორიცაა თავისუფლება, ოჯახი, ჯანმრთელობა და ტრადიციები. ამ ყველაფერის შთაგონების წყარო, რასაკვირველია, ფანტასტიკური ქართული ღვინოა.



მოკლედ: ვისაც უნდა, ევროპული ყაიდის ქვეყანა აღმავლობის პერიოდში შეიგრძნოს, ვინც ეძებს მრავალფეროვნებას  და თან ცხოვრების ტემპის შენელების სურვილიც აქვს, ის საქართველოში თავს კარგად იგრძნობს. ამ ქვეყანაში ნამდვილად ღირს მოგზაურობა!



http://goasia.travelstory.io/den-kaukasus-erleben/


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner