გპი-ს სტუდენტი ვარ. მივდივარ დიდუბის პანთეონის წინ. ვიფიქრე, შევალ დასათვალიერებლად-მეთქი. შევედი. არავინაა. მარტო საფლავები... შთამბეჭდავი აღმოჩნდა ჩემთვის რამდენიმე საფლავზე არსებული ძეგლი. ერთ საფლავთან კაცი დავინახე ხელში ქუდით. საფლავი ნატო ვაჩნაძის იყო... მეც გავჩერდი. დაიხურა ამ კაცმა ქუდი და დაიძრა გასასვლელისკენ. დამამახსოვრდა ეს კაცი. მასთან მეორე შეხვედრა წიგნის მაღაზიაში მოხდა. ვიცანი. მესამედ აფხაზეთის ომის ტრაგიკულად დამთავრების დღეს „იმელიდან“ გამომავალი დავინახე... თავისებური მიხვრა-მოხვრით სიარული იცოდა. ცუდი შედარება, მაგრამ ფიცხელა რომ მიდის „წუნა და წრუწუნაში“. რაღაც ყარაჩოღულად. მოიხედა ჩემკენ და მომესალმა, ქუდიც მოიხადა. გამომელაპარაკა, გვარი მკითხა, ოთარის ვინ ხარო, წიგნზე ვმუშაობდი და სახლში მივდივარო. მე ვახსენებ, რამდენიმე წლის წინ გნახეთ დიდუბის პანთეონში-მეთქი. შემომხედა. ნატო ვაჩნაძის საფლავთან იდექით-მეთქი. სიმბოლური საფლავია. მხოლოდ ხელის მტევანი არის დაკრძალული, ბრასლეტით ამოიცნესო. კარგად ვიცნობდიო, კინემატოგრაფიის მინისტრობისასო. მასთან საუბარი ძალიან საინტერესო იყო. უამრავი საინტერესო ამბავი მომიყვა. დროც უცბად გავიდა. ფეხით მივაცილე სახლამდე. „ბიგ ბენთან“ დავემშვიდობე. ტელეფონი ჩაიწერა ჩემი. თქვენი თაობა სულ სხვა მოცემულობაში ცხოვრებას ითხოვს. სიმართლის გზა შეიძლება მოლიპული აღმოჩნდეს, მოცემულობა ყურადსაღებიაო...
რამდენიმე დღის შემდეგ ტიმოთეს ბუკინისტურ მაღაზიაში შემოვიდა. მიესალმა ტიმოთეს. ისიც ფეხზე წამოუდგა. ორჯონიკიძის თხზულებათა ორტომეული იყიდა და მეც გამიმძღვარა. სახლამდე კითხვებს ვუსვამდი. სახლთან რომ მივედით, შემიპატიჟა სახლში. ქალიშვილს, რომელმაც კარი გაუღო, ჩემი თავი გააცნო, შემიყვანა თავის სამუშაო ოთახში. იქ თავისი გამოცემული ალბომები მანახა: „დავით გურამიშვილი“, „შუშანიკის წამება“, ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება“, ერთი წიგნი გამოვეცით: ვადბოლსკის ავტორობით „გერალდიკური სიმბოლიკა“ და ტირაჟი გამინადგურესო, ერთიც კი არ მაქვსო. ახლა მსურს შენთან ერთად ვივახშმოო. მადა არ მაქვს და თუ უარს არ მეტყვი, შენთან ერთად სიამოვნებით ვივახშმებო. უხერხულობა მომეხსნა. ქალიშვილმა სუფრა გააწყო და მამას თქვენობით მიმართა: სუფრა მზადაა, ბატონო მამა. ეს იყო ერთადერთი ასეთი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, როცა მამას შვილი ასე მიუმართავს. რამდენიმე დღეში ეს წიგნი მოვიპოვე და მივუტანე. გაიხარა. როცა გარდაიცვალა, დაკრძალვიდან წამოსულს ჯაბა იოსელიანი შემხვდა „ივერიის“ მოპირდაპირედ, რუსთაველზე, წიგნის გამოწერის მაღაზიის გვერდით, ანტიკვარულ მაღაზიაში შედიოდა. თუმცა, ეს სხვა ამბავია... მაგრამ ერთი მახსოვს, იმ საღამოს სახლში რომ მივედი, მამამ მითხრა: ჯაბა ციხეშიაო. გამიკვირდა. აქ იმიტომ ვყვები, რომ მინდა ხაზი გავუსვა: მისი დაკრძალვის დღეს ჯაბა დაიჭირეს. დაკრძალვის პროცესიაც საინტერესო იყო ყველა მის ამბებს იხსენებდა: ეს იყო ბატონი ოთარ ეგაძე.
ოთარ ეგაძესთან ერთად. მისი მოყოლილი ამბავი #1
1965 წლის 4 ივლისს მოსკოვში სსრკ ნაკრები შეხვდა ბრაზილიის ნაკრებს. ამ მატჩში პელეს წინააღმდეგ ქართველებიც თამაშობდნენ. მეკარეც კავაზაშვილი იყო. 3:0 წააგო საბჭოთა ნაკრებმა. 6 ივლისს გაფართოებული პლენუმი ყოფილა პარტმოღვაწეთა. ამ პლენუმზე სიტყვით გამოვიდა ზაკვოს ხელმძღვანელი რუსი გენერალი. მიწაში ჩაუდია საქართველოს პარტიული აქტივი. პიროვნების კულტსაც გადაწვდა და დაუქადნია: აღარ გყავთ სტალინი და შეიგნეთო. სიჩუმე დარბაზში. ყველა თავდახრილი იჯდა. კბილებში ცრიდა შეურაცხყოფისა და უსუსურობის განცდაო. დაამთავრა თუ არა სიტყვა გენერალმა, შემდეგი მოხსენება ოთარ ეგაძის უნდა ყოფილიყო. დაასახელეს მისი გვარი. გავედიო, თემა ჩემი მოხსენებისა სხვა იყო, ვიდრე პარტაქტივის შეფასებაო. გადავხედე დარბაზს და ყველა მიყურებდა, მივხვდი, ჩემგან ელოდნენ, არადა, მძიმე იყო მაშინ ზაკვოს ხელმძღვანელთან კამათი. მისი კი არ მეშინოდა, ჩვენი პარტაქტივის, რომელიც მის მაამებლად მე დამსჯიდაო.
და ასე დაუწყია: ჩვენ ორი დღის წინ ფეხბურთის მატჩი ვიხილეთ, სადაც საბჭოთა გუნდი სასტიკად დამარცხდაო. და რატომ დამარცხდა? რა არის მთავარი მიზეზი გუნდის დამარცხებისა? სიჩუმე დარბაზში. ვეკითხები ბატონ გენერალს, ვეკითხები მთელ ჩვენს პარტიულ აქტივს! სიჩუმე დარბაზში. ყველა ფიქრობს, რომ პელე არ ჰყავს სსრკ-ს, მაგრამ ვინ იტყვის! ეგაძე აგრძელებს: თამაშის დაწყებამდე ვიცოდი, რა შედეგი იქნებოდაო. საიდან? საიდან და თამაშის დაწყებამდე ბრაზილიელებმა იმღერეს საკუთარი ჰიმნი, რეალურად იმღერეს, სიტყვებით, ჩვენები კი პირს აცმაცუნებდნენ, ვითომ ამბობდნენ ტექსტს, რატომ? იმიტომ რომ დღემდე არ არის ჰიმნის ტექსტი დამტკიცებულიო. ქვეყანა, რომელსაც ჰიმნის ტექსტი არ აქვს, ის ვერ მოიგებსო. მოგვეცით ტექსტი და ჩვენც გვექნება მიღწევები, წინააღმდეგ შემთხვევაში ძველი ტექსტით ვიმოქმედებთო. საქმე იმაშია, რომ ჰიმნში სტალინი იყო მოხსენიებული და შემდგომ აკრძალეს. ახალი კი არ იყო დამტკიცებული. დარბაზში ტაშის გრიალი ატყდა. გენერალი დროზე ადრე წასულა. მომიყვა ბატონი ოთარი და თვალები აუწყლიანდა. ბევრი სხვაც მოყვა... ეს მერე“, - წერს ლევან თაქთაქიშვილი.
შეხვედრები ოთარ ეგაძესთან #2
ეს მოხდა 29 დეკემბერს 1994 წელს. მას შევხვდი პეტრიაშვილის ქუჩაზე. მის სახლამდე ერთად ვიარეთ. მაინტერესებს მიხეილ ვადბოლსკის წიგნის ჰერალდიკური სიმბოლიკის ამბავი. ვკითხე და დაიძაბა. ჩაიცინა და მკითხა: საიდან იცი ეს წიგნიო? 9 წლის ვიყავი, მამას ეს წიგნი რომ ათხოვეს. მას აკლდა გვერდები. მამამ მანახა და დანანებით მითხრა: ფურცლები ამოუჭრიათო, თავადური გვარების ისტორიები იყოო. მათ შორის ჩვენი გვარიო. დამამახსოვრდა. გზაზე არ მითხრა არაფერი. ალბათ ფიქრობდა, ვუთხრა თუ არაო. მეც აღარ ვკითხე. მერიდებოდა. სახლში რომ ავედით, კვლავ დავუსვი კითხვა. ოდნავ შეცვლილი ფორმით. დაიწყო: მიხეილ ვადბოლსკის ომის პერიოდიდან ვიცნობდი, აგიტ პლაკატებს გვიხატავდა, ზოგჯერ ღამეს გაათენებდა და დილას უკვე ქუჩაში იყო გაკრულიო. ინტელიგენტი იყო. როცა გამომცემლობაში დავიწყე მუშაობა, დავუბეჭდე ეს აგიტპლაკატები ალბომში „ხიშტით და კალმით“. ერთ დღეს გამოსაცემად მომზადებული წიგნი მომიტანა, მთელი ჩემი ცხოვრება ვაგროვებდი ქართულ ჰერალდიკურ ნიშნებს ძველ ისტორიულ ძეგლებზე, საფლავებზე, ხელნაწერებზეო. მომეწონა. ქაღალდი მქონდა, 140 ტონა, აქედან 80 ტონა მარტო ცარცის. დავიტოვე, მოვამზადეთ და გამოვეცით ორ ენაზე ტექსტით. ეს იყო უნიკალური წიგნი მაშინ. ჰერალდიკის თვალსაზრისით და ქართულ გვართა ისტორიით დაინტერესებულთათვის. წიგნს დამატების სახით ჰქონდა ცნობები საგვარეულო გერბების ტარების უფლების მქონე ქართული გვარების შესახებ. გვ. 37-46. ეს ქართული ტექსტი და რუსული ტექსტი გვ. 81-90.
მეგონა, ხალხი კარგად მიიღებდა ამ გამოცემას. მივიღე ის, რომ წიგნის აკინძვის პერიოდში მიბარებენ ცკ-ში.
გავარკვიე, რომ მაშინდელი ცენტრალური კომიტეტის მდივანი იდეოლოგიაში გადარეულია. ეს ტირაჟი უნდა განადგურდეს. მივედი ამ მდივანთან. მთელი საუბრის შედეგი ის იყო, რომ მეორე დღეს ჩემს სამსახურში მან გამოგზავნა ქალები და მთელი ტირაჟი ამოჭრეს. მერე ნაწილი განადგურდა. მაღაზიებში ამოჭრილი გაიყიდა.
ერთი სიტყვით, ბატონი ოთარი ყველაფერს მომიყვა ვადბოლსკის წიგნის ისტორიაზე, მაგრამ არ ამბობს იმ ცენტრალურ იდეოლოგზე, რომლის ბრძანებითაც ეს ვანდალიზმი მოხდა. სახლში რომ მივედი, ამ შეხვედრის ამბავი ჩავიწერე რვეულში, მამას მოვუყევი, პირდაპირ მითხრა: ჟიული შარტავაა! ერთი კვირის თავზე მივადექი ბატონ ოთარს სახლში. პირდაპირ ვუთხარი: ამ ჟიული შარტავას არ შეეცოდა ეს წიგნი-მეთქი? გამომხედა და მივხვდი, რომ რაღაც უნდა აფეთქებულიყო: კარიერისტი იყო, კარიერისტი. მის კარიერას არაფერი არ უნდა გადაღობოდა. გააცამტვერებდა. მეც კარიერისტი ვიყავი, მაგრამ რაღაც არსებობს კარიერის გარდა. თითქოს ვიღაც მეუბნებოდა - ეს შენი გასაკეთებელიაო. ბეწვის ხიდზე სიარული არ შეიძლება, მაგრამ თუ გინდოდა საქმის გაკეთება, უნდა გაგერისკა. ასეთი ცხოვრებით იცხოვრა და ბოლოს ნამდვილი გმირობით დაასრულა სიცოცხლე. მისი აღსასრული ვინც არ უნდა ქექოს, ერთ ხინჯს ვერ უპოვნის შარტავას, გმირი და გმირობა. ბევრი მინახავს, მთელი ცხოვრება ეროვნულ საქმეების კეთებაშია და ბოლოს ნიორივით აყროლდება. მას კი პარტიული დემაგოგობიდან გმირობამდე გზა ჰქონდაო. გარშემო გუნდრუკის მკმეველები??? - ასე მიწერია და ვერ გავიგე.
აქ თავდება ჩემი ჩანაწერი ვადბოლსკის წიგნზე.
შეხვედრები ოთარ ეგაძესთან. #3
ვზივარ მის კაბინეტში. მასთან საუბარი კომფორტულია. წიგნის თაროზე სურათია შემოდებული მასზე ორი მომღიმარი ახალგაზრდა კაცის სახით. დავაკვირდი. ჩემი ბიჭები არიანო. იქვე ქალბატონის ფოტოა. ჩემი მეუღლეაო. ისინი ჩემთან არიანო. ხმაგაბზარული მეუბნება. ახლა გადავიდეთ საქმეზე რა გვაინტერესებს მე რა ვუთხრა, მე არ მაქვს შეკითხვა. უფრო სწორედ, ხომ არ ვეტყვი, რომ ყველაფერი მაინტერესებს მეთქი. რამდენიმე წამში თვითონ წამოიწყო 1944 წელს დამნიშნეს საქართველოს ხელოვნების მინისტრად, ხო, მაშინ კულტურის მინისტრი საბჭოთა კავშირში არ არსებობდა, სახკომსაბჭოსთან იყო ხელოვნების სამმართველო, მის უფროსად დამნიშნეს. დამნიშნეს და მეც ჩავატარე თბილისში ამიერკავკასიის მუსიკის დეკადა. თბილისში ჩამოვიდნენ სომხები და აზერბაიჯანელები. კანდიდ ჩარკვიანმა მითხრა, რომ ადგილი არ იქნებოდა სასტუმროებში( სასტუმროები ომიდან ევაკუირებული ჯარისკაცებით იყო სავსე)აზერბაიჯანელები ვაგონებში უნდა დაებინავებინათ, სომხები კი ფუნიკულიორზე, სადაც ფეჩები დაუდგეს და იქ უნდა დაეძინათ.. აზერბაიჯანის პირველმა მდივანმა შემოუთვალა მოსკოვს, თბილისი არ არის მზად დეკადისათვის და ბაქოში ჩავატაროთო. რის შემდეგაც ჩარკვიანმა გამოიყვანა ჯარისკაცები სასტუმროებიდან და იქ დააბინავეს დეკადის მონაწილეები. ყველაფერი კარგად აეწყო. მეც გავუგზავნე მოწვევა უცხოელ სტუმრებს, სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს, მათ შორის ამერიკის ელჩს ჰარიმანს. მაშინ რკინიგზის ხაზი აფხაზეთიდან არ მოქმედებდა და მხოლოდ ბაქოს გავლით შეიძლებოდა მოსკოვიდან ჩამოსვლა. ბაქოს გავლით ამერიკის ელჩის ჩამოსვლა კი მოსკოვს არ სურდა. ამიტომ მოლოტოვმა ავადმყოფობა მოიმიზეზა, როცა ჰარიმანი მივიდა მასთან თანხმობის მისაღებად. შემდგომ კი უთხრეს, რომ დეკადის ძირითადი ნაწილი უკვე ჩატარდა და არ ღირსო. უცხოურ პრესაში დაიწერა, რომ საქართველო რუსეთის კოლონიაა და ჰარიმანს არ აძლევენ უფლებას თბილისში ჩასვლისო, როდესაც საქართველოს ერთ-ერთი მინისტრი მოწვევას უგზავნისო. მოლოტოვმა ჩარკვიანს დაურეკა და უთხრა - „კტო ეგაძე მნოგო ვზიალ ნა სებიაო“...
დეკადის დახურვიდან მესამე თვეს გამანთავისუფლეს. რამდენიმე წელში კი კინემატოგრაფია ჩამაბარეს. ბოლოს ჟურნალ საბჭოთა ხელოვნებაში .შემდგომ გამომცემლობა ხელოვნებაში. ყველგან ბოლო კურიოზული იყო საბჭოთა ხელოვნებაში დავბეჭდე სტატია ლენინი და მუსიკა. მიშა კვესელავამ(კგბ-ს ხაზით იყო) მიჩივლა და სამჯერ დამიბარეს ცკ-ში. ბოლოს მითხრეს რაღაც მიუღებელი არის შენს სტატიაშიო. რა მეთქი შენ თვითონაც კარგად იციო. ბუნტავშიკად მთვლიდნენ.
და მართლა რაიმე იყო ანტი თქვენს სტატიაში ვკითხე. გაიცინა და ჩაილაპარაკა არც არაფერი ნორმალურ ქვეყანაში. და დააყოლა იყო მისაღები დეკაბრისტთა ლექსები და სიმღერები, მაგრამ ასე დამოუკიდებლად ვერ დაბეჭდავდი. რუსეთის გინება იყო. გავდა ეს გინება საბჭოთა სისტემის მოწინააღმდეგეთა ხმას. აი თუ დაწერდი, რომ ლენინს უყვარდა ეს სიმღერა, მაშინ ... ხოდა რომ დამიბარეს, ვერ მეუბნებოდნენ, პრობლემა რაში იყო, რადგან მე შემეძლო მეთქვა ამ ტექსტში სსრკ როგორ წარმოიდგინეთო, ხოდა მთხოვდნენ, სქოლიოები გამეკეთებინა, აქედან გაარკვევდნენ საიდან ვიცოდი, რომ ეს სიმღერა უყვარდა ლენინს და საერთოდ უყვარდა თუ არა.
და უყვარდა კი ვკითხე.
შეკვეთა იყო. ნომერი ლენინს ეხებოდა. მე უნდა დამეწერა. ვიღაცას უნდა წაეკითხა. ხომ უნდა ესიამოვნა მეც მივეცი საშუალება. ასეთი იყო ცხოვრება. ის ვინც პრობლემა შემიქმნა, ინტელექტუალური იყო, ის მიხვდა, ისინი ვერ მიხვდნენ, ეს ვერ დაწერდა საჩივარში ამ ტექსტში რუსეთი სსრკ არისო დღეს.
და იყო კი ეს ტექსტი ლენინისთვის საყვარელი ვეკითხები.
ვმუშაობდი ამ სტატიაზე, ვამუშავებდი დეკაბრისტების პერიოდს, მომეწონა ეს ლექსი. აქტუალური იყო. ხოდა დავწერე ლენინისთვის საყვარელი ტექსტი იყო მეთქი. ტექსტიც დავბეჭდე. კვესელავა მიხვდა. ბევრი ისეთიც, რომელიც ამ ჩემს ეშმაკობაზე გულს მოიფხანდა. იქ სხვა რაღაც იყო კიდევ ხელმოსაჭიდი, ის გაატარეს, რატომ კვესელავამ ვერ დაინახა.
ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ რევაზ ლაღიძე, დავით თორაძე, ანტონ წულუკიძე, ბიძინა კვერნაძე, ლექსო თორაძე, ალექსი მაჭავარიანი და ოთარ ეგაძე.