logo_geo
eng_logo
არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერიის სამსახურის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა
- +

11 სექტემბერი. 2020. 11:56

 

 

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მერიის სამსახურის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.

 

„ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა გვაქვს, მაგრამ აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ მდგომარეობა მაქსიმალურად კონტროლდება. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის მხრიდან თავიდანვე დროული და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კოვიდის მართვის მიმართულებით. ბათუმის მერია უწყვეტ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას, მაგრამ ახლა, დავდექით უფრო მეტი გამოწვევის წინაშე. შესაბამისად, როგორც მოქალაქეებმა, ასევე, ეკონომიკის განმახორციელებელმა სუბიექტებმა და საჯარო უწყებების წარმომადგენლებმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ რეგულაციები“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ მგზავრგადამყვანი კომპანიების ხელმძღვანელები, ასევე, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“  დირექტორი ბადრი ფარტენაძე. არჩილ ჩიქოვანმა მათ რეგულაციების მაქსიმალური გათვალისწინება დაავალა.

 

„ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტსა და საქალაქო მიკროავტობუსებში მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები. აქვე, მინდა ვთხოვო ყველა მგზავრს, არ გადაადგილდეს მიკროავტობუსით ფეხზე მდგომი და აუცილებლად გამოიყენოს პირბადე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მძღოლებს  უფლება ექნებათ, არ დაძრან მიკროავტობუსები. მძღოლები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართულები სატრანსპორტო საშუალებაში წესრიგის დაცვის პროცესში. მოვუწოდებ  მძღოლებს, მიკროავტობუსებით გადაადგილებისას დაიცვან უსაფრთხოების წესები“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

 

არჩილ ჩიქოვანის განმარტებით, ყველა მიკროავტობუსსა და მუნიციპალურ ავტობუსში ყოველდღიურად ტარდება დეზინფექცია და მიღებულია ყველა საჭირო ზომა, რომელიც ემსახურება ვირუსის გავრცელების პრევენციას.

 

არჩილ ჩიქოვანმა მუნიციპალურ საბავშვო ბაღებთან დაკავშირებითაც ისაუბრა:

 

„პირველი ოქტომბრიდან ბაღებში აღსაზრდელების მიღება დაიწყება. აქვე, მინდა, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, მამუკა შამილიშვილს დავავალო, სანამ სააღმზრდელო პროცესი განახლდება, დროულად მოხდეს საკვები პროდუქტების გაცემა, რომელიც აღსაზრდელებს სექტემბერში, ორი კვირის განმავლობაში უნდა მიეღოთ. მაქსიმალურად იყოს დაცული საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები, გაკონტროლდეს დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება“, - აღნიშნა მერის მოვალეობის შემსრულებელმა.

 

არჩილ ჩიქოვანმა ასევე მიმართა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, არჩილ კონცელიძეს.

 

„უკვე ამოქმედდა ახალი რეგულაციები, რომლებიც სოციალურ ღონისძიებებზე შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. შესაბამისად, უნდა მოხდეს აღსრულების მექანიზმის გამკაცრებაც. მაქსიმალურად  იყოს თქვენი სამსახურები ამ პროცესებში ჩართულნი. რეკომენდაციების შესაბამისად, გამკაცრდეს მონიტორინგი, კონტროლი და ინტენსიურად შემოწმდეს სასტუმროები, სილამაზის სალონები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. მკაცრად გაკონტროლდეს მუნიციპალურ ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში პირბადის გამოყენება“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

 

არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები მრავალბინიან სახლებსა და ლიფტებში.

 

რაც შეეხება კულტურულ ღონისძიებებს, ყველა დაგეგმილი ღონისძიება  გადაიდო.

 

ბათუმის მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციების დაწესებულებებში შესვლისას ყველა თანამშრომელს უტარდება თერმოსკრინინგი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner