logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: გაუპატიურებული პატიმრებიდან მოვედით ვითარებამდე, როდესაც ყველაზე მეტად ხის გადარგვა გვაწუხებს!
- +

27 ივნისი. 2016. 00:08



"რუსთავი 2"-ის პირდაპირი ეთერით იმართება კორიდა. ჯერ უშვებენ პიკადორებს პატარ-პატარა სიუჟეტებით, ბოლოს კი გამოდის წამყვანი ტორეადორი, უფრიალებს საზოგადოებას წითელ ნაჭერს და განგმირავს მას..."

 

"ქართულ ოცნებას" კონკურენტი არა ჰყავს, რაც კარგი სულაც არ არის"


საქართველომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების მორიგი წლისთავი აღნიშნა. ეს ბრძოლა 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა... დღეს საქართველო მორიგი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. არჩევნების თარიღი - 8 ოქტომბერი - უკვე ცნობილია, თუმცა მისი გამოცხადება ისეთ დროს და იმგვარი ფორმით მოხდა, პოლიტიკურმა სპექტრმა ჯერაც ვერ გაიგო, როდის უნდა დაიწყოს წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა, ერთი ცხადია, ქვეყანა ნელ-ნელა ებმება საარჩევნო მარათონში, რომელიც, როგორც ჩანს, არცთუ მარტივი იქნება, მით უფრო, საგარეო საფრთხეების გათვალისწინებით. მიმდინარე პოლიტიკურ- საზოგადოებრივ პროცესებს შევაფასებთ პოეტ დავით მაღრაძესთან ერთად, რომლის შემოქმედებამაც სულ ახლახან კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ბატონი დათოს წიგნი "ექო" რომში, დონ ლუიჯი დილიეგროს სახელობის ლიტერატურულ საერთაშორისო კონკურსზე ჟიურის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.


- პარტია "ქართულმა ოცნებამ" დამოუკიდებლად გადაწყვიტა არჩევნებზე წასვლა. ელოდით მოვლენების ამგვარ განვითარებას და თქვენი აზრით, რომელ პოლიტიკურ ძალას რა პერსპექტივა აქვს არჩევნებზე?


- ვფიქრობ, კოალიციის დაშლა არც მოულოდნელია და არც საგანგაშო. პოლიტიკური გაერთიანებები დგება და იშლება, ეს არ არის სამუდამოდ, ასე ვთქვათ, ფიცვერცხლით შეფიცული საძმო. რაღაც ეტაპზე ორგანიზაციები ერთიანდებიან გარკვეული მიზნით თუ რიგი საკითხების გარშემო, მერე კი იშლებიან. მთავარი ისაა, რა მოხდა ამ კოალიციის საქმიანობისას. ჩემი აზრით, დემოკრატიის განვითარების გზაზე ქვეყანამ უდიდესი ნახტომი გააკეთა. გაიხსენეთ, სულ რაღაც 4 წლის წინ რა პრობლემატიკა იყო ქვეყანაში  ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ პირდაპირ ქუჩაში ჩადენილი მკვლელობები; სატელევიზიო დაწიოკებები და დაპატიმრებები; საზოგადოების დასაშინებლად და დასაჩაჩანაკებლად ტელეკამერების წინ გაუბედურებული ოჯახები; სისტემური წამების ფაქტები ციხეებში; ფეხქვეშ გათელილი სიტყვის თავისუფლება; ყაჩაღობა, ე.წ. ახევები ბიზნესის სამყაროში და ა.შ. დღეს კი ამ პრობლემატიკიდან მოვედით იქამდე, რომ ქვეყანაში მთავარი პრობლემა ხის გადარგვაა.


უკლებლივ ყველა ტელევიზია ლაპარაკობს, ეს ხე გადარგეს თუ არ გადარგეს, როგორ გადააქვთ ერთი ადგილიდან მეორეზე და ა.შ. აი, ასე, გაუპატიურებული პატიმრებიდან მოვედით ვითარებამდე, როდესაც ყველაზე მეტად ხის გადარგვა გვაწუხებს... დამეთანხმებით, თვალსაჩინო ნახტომია... ასევე დიდი მიღწევა მგონია ისიც, რომ ის პირები, ვინც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გაპროტესტებასაც ვერ ბედავდნენ, დღეს ხის გადარგვას აპროტესტებენ და საერთოდ, 9 წელი ხმა რომ არ ამოუღიათ, ახლა ყველაფერზე თამამად ლაპარაკობენ.


რაც შეეხება, ვის რა პერსპექტივა აქვს მომავალ არჩევნებზე, გამიჭირდება, ალბათ, პროგნოზის გაკეთება, მაგრამ მე ისე ვხედავ დღეს ვითარებას, რომ "ქართულ ოცნებას" კონკურენტი არა ჰყავს, რაც კარგი სულაც არ არის. იმედი მქონდა, რომ რეალური ოპოზიცია ჩამოყალიბდებოდა ქვეყანაში, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს. დამეთანხმებით, ადამიანთა წამებაში მხილებული ორგანიზაცია ვერავის კონკურენტი ვერ იქნება.


- თქვენი აზრით, კოალიციიდან ცალკე გასულ პოლიტიკურ ძალებსაც არა აქვთ კონკურენტულ ოპოზიციად ჩამოყალიბების შანსი?

- მეეჭვება, შეძლონ ამ მოკლე ხანში ისე ჩამოყალიბება, რომ სათანადო ოპონირება მოახერხონ. არადა, კრიტიკის მოსმენა ნებისმიერი გონიერი ადამიანისთვის წამალია. ჯანსაღი კრიტიკით წამლობის გარეშე ნებისმიერი საზოგადოება იფიტება. თუ კვალიფიციური ოპონირება არ ხდება, საზოგადოების განვითარება ფერხდება. სამწუხაროდ, დღეს ეს ვითარება გვაქვს  "ქართულ ოცნებას" აქვს გამარჯვების დიდი შანსი, ყველა დანარჩენ ორგანიზაციას კი ბარიერის გადალახვის პრობლემა, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობასაც". რაც მათი აქციები ვნახე თავისი ჯაჭვებით და სამაჯურებით, ეს უფრო იყო ამ პოლიტიკური ძალის პანაშვიდი და არა რაიმე პერსპექტივის მქონე პარტიის ღონისძიება. ვისურვებდი, მომავალი პარლამენტი მრავალფეროვანი იყოს, თუმცა მეეჭვება, ასე მოხდეს.


- პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებას დიდი რეზონანსი მოჰყვა. საზოგადოების ნაწილის აზრით, პრევენციული ზომების დროულად მიღების შემთხვევაში ხელისუფლებას შეეძლო მათი გავრცელების თავიდან არიდება.


- ჩვენი ინტერვიუს დასაწყისში, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" "გმირობები" ჩამოვთვალე, გამომრჩა მათ მიერ დამკვიდრებული შანტაჟის სისტემა. ისინი ადამიანებს უთვალთვალებდნენ, იღებდნენ მათ პირად ცხოვრებას და მერე სხვადასხვა მიზნით აშანტაჟებდნენ. უტიფრობაა, როდესაც დღეს ისინი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ამაზრზენ საქმეში, ან მათი მეგობრების ხელით კეთდებოდა მსგავსი სიბინძურეები, გამოდიან და დიდაქტიკური ტონით გმობენ მომხდარს, ან სხვას ადანაშაულებენ...


სამწუხაროდ, მთელი ცხრა წელი ამ საშინელების მომსწრენი ვიყავით, ფაქტობრივად, ჩვენს თავზე გადაიარა ამ ყველაფერმა და გვახსოვს, ეს ადამიანები რა მშვენივრად თანამშრომლობდნენ სააკაშვილის რეჟიმთან. რაც შეეხება იმას, შესაძლებელი იყო თუ არა ამ ჩანაწერების გავრცელების თავიდან არიდება, არ ვიცი. მაშინ, როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან მიმოწერაც არ არის დაცული, ალბათ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ერთი რამ მინდა ვთქვა: იმან, ვინც ამას ავრცელებს, ჩვენი გარყვნილების ხარისხი კარგად იცის. თუ დავუმტკიცებთ, რომ არა ვართ გარყვნილები, არ ვუყურებთ ამ ჩანაწერებს, დასხდნენ, აქვეყნონ და უყურონ თვითონ. ასე მიზანს ვერ მიაღწევენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ისეთი გადაცემებია რეიტინგული, აქედანაც ჩანს, რა ადვილია ამ ჩანაწერებით ხალხის დაინტერესება. ხომ ხედავთ, "რუსთავი 2"-ის პირდაპირი ეთერით იმართება კორიდა. ჯერ უშვებენ პიკადორებს პატარ-პატარა სიუჟეტებით, ბოლოს კი გამოდის წამყვანი ტორეადორი, უფრიალებს საზოგადოებას წითელ ნაჭერს და განგმირავს­ მას... რა ვიცი, ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ეს ჩანაწერები ვიღაცებს თურმე მთლად ტელეფონში აქვთ გადანახული. ტელეფონში რატომ უნდა მოგინდეს ამის შენახვა, ვინ არის ეს ხალხი, რა ინტერესები აქვთ, რა თვალსაწიერი?!


- ფარული ჩანაწერების გავრცელებიდან მოკლე ხანში დააკავეს წინა ხელისუფლების სამართალდამცავი უწყებების მაღალჩინოსნები. ამ ჩანაწერების არსებობის შესახებ ხელისუფლებამ მშვენივრად იცოდა მოსვლის დღიდან, რატომ ვერ მოხერხდა დამნაშავეების აქამდე დაკავება?


- გამიჭირდება ამაზე პასუხი, ამ კითხვას, ალბათ, პროკურატურამ უნდა უპასუხოს. ამ ხალხის დაკავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს სისტემური დანაშაული იყო. ეჭვმიტანილის დაკავებას მტკიცებულება სჭირდება, ალბათ, დააკავეს მაშინ, როდესაც მტკიცებულებები მოიპოვეს. ისევ წინა ხელისუფლების ცხრაწლიან მმართველობას რომ მივუბრუნდე, ვფიქრობ, ამ ხნის განმავლობაში გამოჩნდა, დღევანდელ საზოგადოებაში საბჭოთა რეპრესიების დროს ვინ იქნებოდა ჯალათი, ვინ  მსხვერპლი და ვინ  ჯალათებთან ანგარებით მოთანამშრომლე.


- ვიდრე კოალიცია ერთიანი იყო, ისმოდა შეფასება, რომ ის საკუთარ თავშივე აბალანსებდა ქვეყნის საგარეო ვექტორებს, ახლა კი უკვე ბევრი კითხვა ისმის ხელისუფლების საგარეო კურსის შესახებ. არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენში პრორუსული განწყობის მიზანმიმართული გაძლიერებისა და ევროინტეგრაციის პოლიტიკის გადახვევის საფრთხე რეალურია.


- ჩვენს პოლიტიკურ ისტებლიშმენტს ევროპაზე ძალიან ზერელე წარმოდგენა აქვს, ევროპარლამენტარების გაცნობით, ჰგონიათ, ევროპას მთელი თავისი ღირებულებებით იცნობენ, იმავდროულად, შეუძლიათ ამ ღირებულებებზე მაღალფარდოვნად ილაპარაკონ, თანაც პატიმრები აწამონ. თავის დროზე, ევროპული ღირებულებები განაპირობა ათენისა და იერუსალიმის სინთეზმა და ჰარმონიამ, რასაც მოჰყვა ევროპული რენესანსი, რომელმაც გაგრძელება პოვა საქართველოში... მაგრამ ამ ხალხმა ამის არაფერი იცის და არც აინტერესებს, თანაც ცდილობენ, დააჯერონ აშშ და ევროპა, რომ მათ გარეშე საქართველო მოსწყდება ევროპას და ჩრდილოეთისკენ წავა. მე ამის საფრთხეს ვერ ვხედავ! ჩემი აზრით, სწორედ ახალი ხელისუფლების პირობებში ჩამოყალიბდა ქვეყნის საგარეო ევროპული კურსი, მანამდე ეს იყო მხოლოდ დეკლარირებული ლოზუნგები და ფრაზები, ეს იყო ქვეყნის სინგაპურიზაცია რუსეთთან ომის ფონზე.


ევროპას ძალიან საინტერესო სამყარო აქვს, ბევრი რამ შეიძლება მივიღოთ ევროპულ ქვეყნებთან და არა მხოლოდ ევროპარლამენტარებთან ურთიერთობით. სხვათა შორის, ხშირად ევრობიუროკრატია და პოლიტკორექტულობა ბევრად განსხვავდება მოსახლეობის განწყობებისგან. ჩვენში დასავლეთზე მოლაპარაკეთა ერთ ნაწილს ჰგონია, აშშ-ისა და ევროპისკენ სწრაფვა მათ მანიაკური ვნებების დაკმაყოფილების საშუალებას მისცემს, ნაწილს კი ჰგონია, ერთსქესიანთა ქორწინებაა ევროპა. მეტიც, მეტიჩარა ქართველებს რა დალევს და, ეს ხალხი ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ევროპელებზე მეტად ევროპელები არიან და ლამის საერთოდ უსქესო ქორწინება მოითხოვონ. ზოგიერთი ქართველი ხელოვანი ისეა საკუთარი თავით გატაცებული, რომ არ არის გამორიცხული, თვითდამტვერვაზეც გადავიდეს და საკუთარ თავზე იქორწინოს. ესენი ვითომ ლიბერალები არიან, მეორე ნაწილი კი ის ხალხია, რომელთაც ასევე ევროპა ჰგონიათ ერთსქესიანთა ქორწინება, ოღონდ ამას ქრისტიანობის სახელით უპირისპირდებიან. მოკლედ, როგორიც ერთნი ლიბერალები არიან, ისე მეორენი - ქრისტიანები, ეს ხალხი ერთი ჯოხის ორი ბოლოა.


უკვე არაერთი წელია ვურთიერთობ ევროპაში მცხოვრებ ძალიან საინტერესო ხალხთან. ვხედავ, რამხელა შინაარსისა და სიღრმისაა ევროპის კულტურა, რა დონის საგანმანათლებლო სისტემებია ამ ქვეყნებში, ძალიან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია მათგან...


მავანისგან მომისმენია, რუსეთი მირჩევნია ისევ ევროპასო! ეს არის უღირსებო განცდა, ყმის პოზიციიდან ნათქვამი, რომელშიც გამოსჭვივის განწყობა, რომ ძველი ბატონი გვირჩევნია ახალს. ეს ყმის გაკეთებული არჩევანია. არა ვარ წინააღმდეგი რუსეთთან კულტურული ურთიერთობის, მაგრამ ევროპასთან სულიერი ურთიერთობა გაცილებით მნიშვნელოვანია ახლა ჩვენი ქვეყნისთვის, თანაც სჯობს, თავისუფალი ადამიანის პიედესტალიდან გავაკეთოთ არჩევანი, ვიდრე შეზღუდული და დაბეჩავებული სულის გადასახედიდან. ამ ცოტა ხნის წინ მნიშვნელოვანი რამ მოხდა შეხვდნენ რომის პაპი და რუსეთის პატრიარქი, ანუ კონსტანტინეპოლისა და რომის დიალოგის აღდგენას ეყრება საფუძველი. უნდა მოვახერხოთ და ახლა საქართველოს ადგილი ევროპასთან ურთიერთობაში როგორმე განსაკუთრებულად გამოვკვეთოთ.


უნდა ვამცნოთ სამყაროს, რომ რუსეთი კონსტანტინეპოლის ერთადერთი მემკვიდრე არ არის. შეხედეთ ჯვრის მონასტერს და გაიგებთ, ვინ არის მემკვიდრე ბიზანტიისა.

რომთან დიალოგში ჩვენი ნიშა უნდა მოვნახოთ. დიდი სიბრძნითა და სიდინჯით შეიძლება სწორი ნაბიჯების გადადგმა.


- ხელისუფლების ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ქვეყნის მნიშვნელოვანი პრობლემა არაფორმალური მმართველობაა, ანუ ხელისუფლებას მართავს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც, ფაქტობრივად, პოლიტიკიდან წასულია.


- ხელისუფლებასთან არა მაქვს მჭიდრო ურთიერთობა და შიგნით რა ხდება, არ ვიცი, თუმცა ლოგიკურია, ივანიშვილს ჰქონდეს ხელისუფლებაზე გავლენა და მის აზრს ითვალისწინებდნენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გიორგი კვირიკაშვილი არ მართავს მთავრობას. სწორედ ივანიშვილმა მოიყვანა ეს ხელისუფლება, მისი მორალური ავტორიტეტის წყალობით შეიცვალა სააკაშვილის დესპოტური რეჟიმი. ჩემთვის მნიშვნელოვანი სხვა რამ არის, მაგალითად, ის, რომ ჩვენ გარშემო ყველგან ცეცხლია, საქართველომ კი, მგონი, პირველად მოახერხა, რომ ამ სიგიჟეში თავით არ გადაეშვა. ვიღაცებს ესეც არ მოსწონთ, ამის გამოც აკრიტიკებენ მთავრობას. მათგან ზოგიერთს აქ სირიის გადმოტანა სურდა, ვიღაცას - უკრაინის პრობლემების... საბედნიეროდ, ვერ ახერხებენ. მაგათ უტიფრობას საზღვარი არა აქვს. არადა, ეს ის ხალხია, ვინც მიწა-წყალი დაკარგა და მარტო გორი და თბილისი რომ შეენარჩუნებინათ, გორს დაარქმევდნენ ნიკოფსიას და თბილისს - დარუბანდს და იტყოდნენ, გავჭიმეთ საქართველო ნიკოფსიით დარუბანდამდეო... ეს ის ხალხია, რომლებიც 2008 წელს ყვიროდნენ, გავიმარჯვეთ, რადგან ხელისუფლება არ ჩამოიშალაო, არად მიიჩნიეს დაკარგული მიწა-წყალი. რომელი ერთი იყო ერეკლე მეორეზე თავგანწირული მებრძოლი, რომელსაც არსად უთქვამს, კრწანისის ბრძოლა მოვიგეო, თუმცა არ ვიცი, "რუსთავი 2" და "რეალ TV" რომ ყოფილიყო იმჟამად, რა მოხდებოდა... საბედნიეროდ, დღეს "ისტერიკოსები" ვეღარ წერენ ისტორიას, მას ისტორიკოსები წერენ... კიდევ ერთიც, ხელისუფლებაზე თავისუფალი საზოგადოების რაც მეტ წევრს ექნება გავლენა, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის.


- რეზონანსული გახდა კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომ კონცერტების სერიაში, რომელიც უცხოელი მუსიკოსების ჩამოყვანასაც ითვალისწინებს, 29 მილიონი დახარჯოს. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს მორიგი საარჩევნო ხრიკია და ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის ქვეყანაში ამხელა თანხა არ უნდა იხარჯებოდეს.


- ამ კითხვაზე სჯობს კულტურის მინისტრმა უპასუხოს. როდესაც მე ვიყავი კულტურის მინისტრი, მაშინ სად იყო კონცერტების ფული. ერთ რამეში კი ვარ დარწმუნებული, ეს ხელისუფლება საკუთარი დანაშაულების, მკვლელობებისა და მიწა-წყლის დაკარგვის გადასაფარავად არ მოაწყობს კონცერტებს, თუმცა რაღა დაგიმალოთ და, მოჭარბებული კონცერტების ენთუზიასტი არ გახლავართ. ერთიც, ვიმედოვნებ, ამ კონცერტებს არჩევნების დემოკრატიულობას მიუძღვნიან. იცით, ამ ხელისუფლების მთავარ ნაკლად რა მიმაჩნია? - ის, რომ თავიანთი წრე ვერ გააფართოეს, არადა, პირდაპირ ევალებათ, რომ უკეთესი პროფესიონალები ეძებონ. ვურჩევ, თვალსაწიერი გააფართოონ და საპარლამენტო სიისთვის ადამიანები ეძებონ იქ, სადაც პატიოსანი, განათლებული, პატრიოტი და მაღალი კვალიფიკაციის საზოგადოებაა.


2012 წლის არჩევნები იყო ბრძოლა, კლასიკური გაგებით, ეს არჩევნები არ ყოფილა. იქ ბევრი ნაბიჯის გადადგმა უწევდათ იძულებით, როცა ბრძოლაა, სანგარში ადამიანს არ ეკითხებიან ბიოგრაფიას. ახლა კი აქვს საშუალება "ქართულ ოცნებას", შეადგინოს ისეთი საარჩევნო სია, რომლითაც ღირსეულად წარდგება საზოგადოების წინაშე. ეს ევალებათ და მოეთხოვებათ კიდეც!


აუცილებელია, თვითგათავისუფლება მოხდეს საქართველოში. წინა ხელისუფლების დროს უმაღლესი სასწავლებლების საბჭოებში, სტუდენტურ თვითმმართველობებსა თუ სხვა დაწესებულებებში ადამიანების შერჩევა პოლიტიკური ლოიალურობის ნიშნით ხდებოდა. არ მინდა, ეს ხალხი ახლა "ქართული ოცნების" მომხრეებით ჩანაცვლდეს, მინდა გზა კვალიფიციურ ადამიანებს დაეთმოს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner