გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მუქარის, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე დააკავეს, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების, მოწმეთა ჩვენებების, საგამოძიებო ექსპერიმენტების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით დგინდება, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ.-ს მამამ, საქმეში არსებული მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, გამოძიებისთვის ხელის შეშლისა და დანაშაულში ბრალდებულთათვის მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, დანაშაული წინასწარ დაგეგმა და სისრულეში მოიყვანა.
„კერძოდ: ბრალდებული დაუკავშირდა მეგობარს, რომელსაც დაავალა რეგისტრაციის გარეშე, ორი მობილური ტელეფონის და სიმ-ბარათის შეძენა, ასევე, გურამ ამირხანაშვილის სახლთან მისვლა და წინასწარ შეთანხმებული ტექსტებით აღნიშნულ ტელეფონებზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.
ბრალდებულის მეგობარი მივიდა ვაზისუბანში, გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმის - გურამ ამირხანაშვილის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც, წინასწარი შეთანხმებით, მისივე ნაყიდი ერთ-ერთი მობილური ტელეფონის საშუალებით გააგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება მეორე ტელეფონზე, რომელიც უკვე არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამას ჰქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროს, ბრალდებული წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და მიზანმიმართულად, აღნიშნული ადგილებიდან ახორციელებდა მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღებას და გაგზავნას.
გამოძიებით დგინდება, რომ არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამამ ფალსიფიცირებული მტკიცებულება შექმნა, თითქოს საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს, საქმის ერთ-ერთ მოწმესთან - გურამ ამირხანაშვილთან, სპეციალურად მისთვის განკუთვნილი მობილური ტელეფონით ჰქონდათ კავშირი.
ამასთან, ბრალდებულმა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ბრალდებული გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების მიმართ, მედიასაშუალებებში გაკეთებული განცხადებებით სისტემატურად ახორციელებდა სხვადასხვა სახის მუქარას. კერძოდ, დაკავებული ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოწმეებს: გურამ ამირხანაშვილსა და იაკობ ბრეგვაძეს, ასევე, გიორგი შაქარაშვილის ბიძას - მირიან ნიკოლაძეს. ამ უკანასკნელის მიმართ, ასევე, ის სისტემატურად ახორციელებდა მუქარას სოციალური ქსელის საშუალებით.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 369(1) მუხლის მესამე ნაწილითა და 370-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.