თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე არქიმანდრიტ გაბრიელთან დაკავშირებით დღეს მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„სამღვდელო პირიც ადამიანია და პატრულის თანამშრომელიც. თუ მღვდელი დათვრა, თავდაჭერა დაკარგა, წესებს არ დაემორჩილა და პატრული შეურაცხყო, ხოლი პატრულმა თავი ვერ შეიკავა, -ეს ცალკეული შემთხვვევაა.
არ შეიძლება ამის გამო ერთის მხრივ სამღვდელოების გამოცხადება ობსკურანტებად,ან პატრულის დემონიზაცია მეორეს მხრივ.
ვერ წარმომიდგენია, რომ 10 პატრულის თანამშრომელს მღვდელი ეცემა.
ამავე დროს, არ შეიძლება თვალები დავხუჭოთ ეკლესიის წიაღში მიმდინარე შემაშფოთებელი პროცესებისგან და სიმართლე არ ვთქვათ გარკვეული ხასიათის შიშების გამო.
თუმცა ეს სიმართლე არაკეთილგანწყობილი, ნიშნისმომგები, შურისძიებისა და განკითხვის სულით არ უნდა იყოს გაჟღენთილი, რასაც, სამწუხაროდ, სულ უფრო ხშირად ვხედავთ."- წერს მანჯავიძე.
შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის ინფორმაციით, არქიმანდრიტი გაბრიელი საზოგადოებას ბოდიშს უხდის. ინფორმაციას ამის შესახებ შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„არქიმანდრიტი გაბრიელი თავს ძალიან უხერხულად გრძნობს და ბოდიშს იხდის საზოგადოების წინაშე მომხდარი ინციდენტის გამო. ასევე თხოვნით მიმართავს საზოგადოებას, ნუ მოძებნიან ამ სიტუაციაში მტყუან-მართალს, რადგან აღნიშნული მხოლოდ კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მრწამსს და მორალს", - ნათქვამია განცხადებაში.
ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარმა მამა გაბრიელ კახელიშვილმა სამართალდამცველები ფიზიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გაბრიელ კახელიშვილმა თვითდაზიანებები მიიყენა.