თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ტ.ღ. და გ.ს. დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დამნაშავედ იქნა ცნობილი კ.ჩ. და პ.ყ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 19 დეკემბერს, ქ.თბილისი, გალის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გ.ს.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, ცოტნე გამსახურდიას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რა დროსაც ტ.ღ.-მ ასევე დაზარალებულს თავის არეში ყავარჯნები ჩაარტყა, ხოლო დანის მსგავსი საგნით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. ტ.ღ.-მ და გ.ს.-მ ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს, თუმცა, შემთხვევის ადგილზე შეკრებილი ხალხის სიმრავლის გამო განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს, შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ.
ასევე, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ს.-ს და ტ.ღ.-ს მიერ ჩადენილ ქმედებას პ.ყ. და კ.ჩ. შეესწრნენ და ნამდვილად იცოდნენ, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, თუმცა აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.
სამართალდამცველებმა გ.ს., ტ. ღ., კ. ჩ. და პ.ყ. 2019 წლის 20 დეკემბერს დააკავეს. გ.ს.-ს და ტ.ღ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად), ხოლო კ.ჩ.-ს და პ.ყ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ტ.ღ.-ს და გ.ს.-ს 15-15 წლით, კ.ჩ.-ს 5 წლით, ხოლო პ.ყ.-ს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.