logo_geo
eng_logo
თამაზ მოლაშვილი: მხოლოდ ჩემი კი არა, მთელი საქართველოს მუწუკია!
- +

12 სექტემბერი. 2020. 13:02

 

 

წინასაარჩევნოდ ბილბორდებზე კომპასიც გაჩნდა და როგორც „ევროპული საქართველოს“ თავკაცები გვამცნობენ, იგი გარდამტეხი ცვლილებებებისკენ მიმავალი გზის გასაკვლევად არის საჭირო – აქაოდა, ამ კომპასით პირდაპირ „ევროპულ საქართველოში“ ამოყოფთ თავსო. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, ნაწამები სულხან მოლაშვილის მამა თამაზ მოლაშვილი. ცხადია, ასე არ ფიქრობს:

 

– როდესაც „ასავალ-დასავალში“ ჩემი ბოლო ინტერვიუ დაიბეჭდა, ვიფიქრე, ალბათ, ეს ჩემი უკანასკნელი გამოსვლაა-მეთქი. არც ის მეგონა, სულხანის გარდაცვალების შემდეგ 80 წელს თუ გადავაბიჯებდი და არც ის, რომ 2020 წლის არჩევნების წინ ბოკერია თავისნაირ დამნაშავეებთან ერთად ბილბორდებიდან გამიღიმებდა... სამწუხაროდ, ამასაც მოვესწარი – ჩემი უდანაშაულო, სამშობლოზე შეყვარებული შვილი მიწაშია, მისი მწამებლები კი ამჯერად კომპასების ფონზე მოუწოდებენ ხალხს მხარდაჭერისკენ.

 

მეათედ მაინც ვამბობ, ჩემი შვილი გიგა ბოკერიამ აწამა, მას ლომის წილი მიუძღვის ჩემი ოჯახის გაუბედურებაში და ამ ადამიანს მორალური უფლება არა აქვს, ვინმეს რამე მოუწოდოს. სულხანი მე გავზარდე, ის ტყუილად ცილს მტერსაც არ დასწამებდა.

 

გიგა ბოკერიას მარტო ჩემი შვილის მიმართ რომ ჰქონდეს ჩადენილი ბოროტება, კიდევ ვიტყოდი, იქნებ ჩვენ ვცდებით რამეში-მეთქი, მაგრამ მთელი ქვეყანა აგინებს, მის სახელს ძალიან ბევრი ბოროტება უკავშირდება!

 

შეიძლება შენთვის სულერთია, ვინ რას იტყვის, მაგრამ ნანა ალექსანდრია მაინც არ გეცოდება, ტელევიზორში შენს ყოველ გამოჩენაზე რომ აგინებენ? ბოლოს და ბოლოს, მეზობელი კი არა, დედაა შენი!

 

– ცნობილი ქართველი მოჭადრაკე ნანა ალექსანდრია ამაყობს თავისი შვილით, მეტიც, ფოთში „ევროპული საქართველოს“ სახლი გაიხსნა, რომლის დიასახლისიც თავად ბრძანდება!

 

– ნანა ალექსანდრიას, დამსახურებული მოჭადრაკეობის მიუხედავად, შვილის აღზრდას ვერ შევუქებ. უფრო მეტიც, მის ადგილზე გიგა ბოკერიას გაზრდისთვის თავს გარეთ ვერ გამოვყოფდი! ქუჩაში რომ გავდივარ, სრულიად უცნობი ადამიანები მაჩერებენ და დიდი სიყვარულით მეგებებიან – სულხანის მამა არ ხართო? ქალბატონო ნანა, თქვენთვის თუ უთქვამს ვინმეს – რა კარგი შვილი გაგიზრდიაო? გიგა ბოკერიათი არათუ უნდა იამაყოთ, ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოთ იმ წლებისთვის, რაც მან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად თავს დაატეხა. გასცდით თქვენი შვილის მცირერიცხოვან მხარდამჭერთა სექტას, ნახავთ, რამდენ ბრუნვაში ატრიალებენ თქვენს სახელს. საკუთარი თავი მაინც დაინდეთ და შეიცოდეთ!

 

მე რომ 48 ლარი მოვიპარო, დამიჭერენ. უგულავამ კი ბიუჯეტიდან მილიონები გააქრო და შეწყალებული აქეთ გვიკითხავს მორალს, ან სად არის ირაკლი ოქრუაშვილი?

 

– გააჩნია, რა გაქვთ მხედველობაში?

 

– ირაკლი ოქრუაშვილიც შეწყალებულია, რომელმაც 2004 წლის 22 აპრილს პირადად მოაწერა ხელი კონტროლის პალატის თავმჯდომარის დაკავებას. დღეს რომ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გვმოძღვრავს, „ასავალ-დასავალის“ მეშვეობით მასაც მინდა ვკითხო – შემომხედე თვალებში და გამეცი პასუხი – რის საaუძველზე დააპატიმრეთ ჩემი შვილი? სტრასბურგის სასამართლომ 4 პუნქტში რომ გაამართლა სულხან მოლაშვილი, წესით, სახელმწიფომ კი არა, ირაკლი ოქრუაშვილმა, გიგა ბოკერიამ, ვალერი გრიგალაშვილმა, გიორგი ღვინიაშვილმა, მანუჩარ კაპანაძემ, ლევან მურუსიძემ და იმ ადამიანებმა უნდა გადაიხადონ ეს თანხა, რომლებსაც ჩემი შვილის წამებაში წვლილი მიუძღვით.

 

პედაგოგი ვარ, არავის ჩამოხრჩობას, დახვრეტას და წამებას არ მივესალმები, მაგრამ ბევრჯერ მიფიქრია – ნეტა, სადმე შემახვედრა ბოკერია, ქვეყანას დავასვენებდი-მეთქი. ის მხოლოდ ჩემი კი არა, მთელი საქართველოს მუწუკია და როგორც ძირმაგარა, ბოლომდე უნდა ამოიძირკვოს!!!

 

– და მაინც, ერთია სიტყვები, მეორე – რეალობა, გიგა ბოკერია თავის გუნდთან ერთად პარლამენტში შესასვლელად ემზადება...

 

– ბოკერია რომ კვლავ პარლამენტში დავინახო, მე, თამაზ მოლაშვილი, კბილებამდე შეიარაღებული შევვარდები და დედას ვუტირებ იქაურობას! ეს მხოლოდ სიტყვები არ იქნება! კიდევ ერთხელ საქვეყნოდ ვაცხადებ, ეს არამზადა სადმე რომ შემხვდეს, ცოცხალს არ გავუშვებ! ქვა იქნება, იარაღი თუ ფურთხი, არაფერს დავიშურებ მისთვის. აქედანვე იცოდნენ საგამოძიებო ორგანოებმა, რომ ამას ნაწამები სულხან მოლაშვილის მამა თამაზ მოლაშვილი ამბობს და ყველაფერზე წამსვლელი ვარ! სიცოცხლე გამიმწარეს. აბა, ვინმემ მითხრას, რატომ ჩაიდინეო?! მორჩა, გათავდა, ეყოფათ, რაც იჯეჯილეს!

 

ბიძინა ივანიშვილი უდავოდ დიდი ქველმოქმედია, ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული, მაგრამ, სამწუხაროდ, სამართლიანობის აღდგენა ისევ აქილევსის ქუსლად რჩება. 81 წელს მივაღწიე, ორი პარასკევიღა დამრჩა, რა დავაშავე ისეთი, რომ სულხანის მკვლელებს ყოველდღე ეკრანზე ვხედავ?! თანაც ისეთი გონორით საუბრობენ, თითქოს ისინი იყვნენ ამ ქვეყნის მმართველები?!

 

მათი სითავხედე იქამდეც კი მივიდა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ გააჩაღეს ბინძური კამპანია. ვინ საუბრობს ქვეყნის მტრობაზე, ელენე ხოშტარია? ქალი, რომ პირში „შვიშტოკს“ გაიჩრის და მანქანის კაპოტზე შეხტება, იმან ვისზე რა უნდა თქვას? ასეთ ადამიანს რა უნდა პარლამენტში და როგორ უნდა ანდო ქვეყანა? შეეშვი ამ ქვეყანას, შვილო! გეყოფათ, რაც უმტრეთ საქართველოს! კახურად ვიტყვი – ყველა იმ კაცის დედა ვატირე, ვინც ნაცმოძრაობას თავის ბოკერიან, ბაქრაძიან, ხოშტარიან და უგულავიანად ხმას მისცემს არჩევნებზე.

 

დიახ, ყველანი საქართველოს მტრები იქნებით! შვილებზე, საქართველოზე იფიქრეთ, ხალხნო! დღეს კომპასით რომ ცდილობენ საქართველოს მოსახლეობის ვითომ სწორ გზაზე დაყენებას, ამ კომპასს ჩემი შვილის მკვლელებთან მივყავართ! არ შეცდეთ, არ გაბედოთ და ჩემი შვილის მკვლელებს ხმა არ მისცეთ!

 

 

ნატო ფოცხიშვილი

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner