"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისელებს მიმართავს და ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
როგორც მერობის კანდიდატი აღნიშნავს, აუცილებელია რეკომენდაციები სრულად იქნას დაცული.
„ბოლო დღეების განმავლობაში იმერეთში, ქუთაისში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ იმატა, თუმცა როგორც სპეციალისტებიც ამბობენ, პანიკის საფუძველი არ გვაქვს, რადგან ხელისუფლება ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად კვლავ სრულად მართავს პროცესს.
აუცილებელია ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები. ჩვენი ეპიდემიოლოგები გვირჩევენ, რომ ვატაროთ ყველგან პირბადე - ღია თუ დახურულ სივრცეებში, ტრანსპორტში, რადგან ინფექციის გავრცელების ყველაზე ძლიერი დამცავი საშუალება სწორედ პირბადეა, დავიცვათ ყველგან დისტანცია და ხშირად დავიმუშაოთ ხელები სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალებებით.
ვირუსის მეტად გავრცელების თავიდან არიდების და ჩვენი ბავშვების, ახალგაზრდების დაცვის მიზნით, დიდ ქალაქებში გადაიდო სწავლის დაწყება უშუალოდ სასწავლო დაწესებულებებში, მათ შორის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსტიტეტში, რომლის გახსნასაც ყველა ჩვენგანი ასე ველოდით. 1 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება.
მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ჯანმრთელობას, რათა უფრო მალე შევძელოთ ამ გლობალურ პრობლემასთან გამკლავებაც, მასთან ერთად თანაცხოვრებაც და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებაც, რადგან წინ ბევრი საქმე გვაქვს.
სიფრთხილე და მეტი ყურადღება გვმართებს ერთმანეთისთვის, თუმცა პანიკის გარეშე, რადგან კორონავირუსთან საბრძოლველად სახელმწიფო სრულ მზადყოფნაშია", - აღნიშნულია ქუთისის მერობის კანდიდატის მიმართვაში.