30 აგვისტოდან მოყოლებული COVID 19-ის 606 შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში, 294 – დაახლოებით 49 პროცენტი უკავშირდება აჭარას, ანუ აჭარა ყველაზე ცხელ წერტილად რჩება“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვირუსის შედეგად ლეტალობის მაჩვენებელი ქვეყანაში 0.92 პროცენტია, რაც ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია ევროპაში.
„მიუხედავად შემთხვევების ძალიან საყურადღებო ზრდისა, პანიკის საფუძველი არ არის“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
მისი თქმით, მეტი დამატებითი ღონისძიების გატარებაა საჭირო, მაგრამ პირველ რიგში, იმ რეგულაციების დაცვა, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის დადგენილი. „ესაა ძალიან მარტივი შესასრულებლად – პირბადის ტარება დახურულ სივრცეში და ღია სივრცეში სადაც მეტრნახევრიანი დისტანციის დაცვა ვერ ხდება. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სანიტარული წესრიგის გამკაცრებას ქვეყანაში და აუცილებელია, თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრისგან. განსაკუთრებით მოვერიდოთ ხანდაზმულ ადამიანებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, გამოკვლევების რაოდენობა საგრძნობლად არის გაზრდილი.
„დღეს დილისთვის გვქონდა 10 000 PCR ტესტი, თითქმის ერთი დღის განმავლობაში, ამას ემატება ყოველდღიურად ასევე დაახლოებით 1 600 სწრაფი ტესტით კვლევა. ეს ხელს უწყობს დადებითი შემთხვევების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას.
შემთხვევების რაოდენობა იზრდება და რომელიც პროგნოზირებადი იყო, რომ ზაფხულში შიდა ტურიზმის განვითარებით და დიდი რაოდენობით ადამიანების მობილობის გაზრდის საფუძველზე, გვექნებოდა შემთხვევათა ზრდა, ისიც პროგნოზირებადი იყო, რომ შემთხვევათა ზრდის ერთ-ერთი წყარო შეიძლება ყოფილიყო შავი ზღვისპირეთი, რადგან მოსახლეობის დიდი რაოდენობის კონცენტრაცია იყო და არ ხდებოდა პირბადის ხმარება და დისტანციის დაცვა.
ამ ყველაფერმა მოგვიტანა შემთხვევების ზრდა. ეს ზრდა სრულად მართვადია და კონტროლს ექვემდებარება. მაქსიმალურად დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით, რომ შემთხვევათა ზრდა შევაკავოთ. შეკავება აღარ მოხდება იმ მეთოდებით, რაც ჩვენ გამოვიყენეთ გაზაფხულზე – ჩაკეტვით, იზოლირებით და მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებებით, რადგან სლოგანი ახლა გახლავთ, რომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ თანაცხოვრებას კორონავირუსთან ერთად. ჩვენ მასთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს მინიმუმ ერთი წელი“, – განაცხადა გამყრელიძემ.