ბელარუსში გამართული აქციის დროს ათობით ადამიანი დააკავეს. ბელარუსის მედიის ცნობით, 12 სექტემბერს გამართულ „ქალების მარშს“, დაახლოებით 10 ათასი ადამიანი შეუერთდა.
დემონსტრაციის მონაწილეების ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წევრ მარია კოლესნიკოვას გათავისუფლებას ითხოვდნენ და სკანდირებდნენ „სვეტლანა ტიხანოვსკაია – ჩვენი პრეზიდენტია“.
როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, მიტინგის მონაწილეებს ნიღბიანი პირები ხისტად აკავებდნენ. უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვესნას“ ინფორმაციით, დაკავებულია სულ მცირე 69 ადამიანი. ტელეკომპანია „ბელსატის“ ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არის მათი ორი ჟურნალისტი.
ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს შემდეგ არ წყდება. დემონსტრანტები ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას და საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა გამართვას ითხოვენ.