აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით აჭარაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ შეჯამდა რეგიონში არსებული ვითარება და გაკეთდა განცხადებები მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.
„სიტუაცია არის აბსოლუტურად მართვადი. როგორც სამედიცინო სექტორი, ასევე მთლიანად სამთავრობო ვერტიკალი მზად არის, ამ მზარდი რისკების ფონზე, ეფექტურად მართოს პროცესი. ჩვენ ხელმისაწვდომი გავხადეთ გაფართოებული ტესტირება ყველა მოქალაქისთვის. შესაბამისად, კოვიდ-ინფიცირების გამოვლენა ხდება სწრაფად.
აჭარაში ჰოსპიტალური სექტორი გაფართოვდა და მობილიზებულია 350-ზე მეტი საწოლ-ფონდი, ლაბორატორიების სიმძლავრე არის შესაბამისი. ამოქმედდა დამატებითი პროტოკოლები და ხდება მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების მართვა ე.წ. კოვიდ-სასტუმროებში. ჩვენ ამ მიზნით უკვე დავაკონტრაქტეთ დაახლოებით 400 ნომერზე მეტი და ეს მოგვცემს საშუალებას, განხორციელდეს შესაბამისი სტაციონარული და სტაციონარის შემდგომი სერვისები“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, არ განიხილება აჭარის, ბათუმის ჩაკეტვა ან კარანტინის დაწესება. სწავლა აჭარაში 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება.