"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
საარჩევნო პროგრამასთან ერთად შეხვედრაზე ტრანსპორტში არსებულ პრობლემებზე, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის რეგულირებაზე, საავტომობილო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებაზე, პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე ისაუბრეს.
„მამაჩემი დამსახურებული ტრანსპორტელი იყო. საქართველოში ეს წოდება თითზე ჩამოსათვლელ ადამიანს აქვს. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სატრანსპორტო კომპანიას, ამიტომ ეს სფერო ჩემთვის ძალიან ახლობელი და შინაურია. ჩემი ოჯახია და თითოეული ტრანსპორტელი ჩემიანია, ჩემთვის მათი პრობლემებიც ახლობელი და მნიშვნელოვანია. გუნდთან ერთად ყოველთვის მხარს ვუჭერ მათი პირობების გაუმჯობესებას", - განაცხადა მერობის კანდიდატმა.
მისივე თქმით, ქუთაისს მალე ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი ეყოლება.
„60 ახალი, კომფორტული ავტობუსი იმოძრავებს ქალაქში, რაც გაუიოლებს მუშაობას ქუთაისელ ტრანსპორტელებს და მგზავრობას ჩვენს თანაქალაქელებს. მით უმეტეს დღევანდელი პანდემიის პირობებში, როცა ჰიგიენური ნორმების და რეგულაციების დაცვაა აუცილებელი. ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ არ ვაპირებთ ამით შემოვიფარგლოთ. თუ კი გვინდა ქუთაისი ევროპულ ქალაქად ვაქციოთ, უნდა დავიწყოთ ქუთაისური სერვისებით, ტრანსპორტით, ინფრასტრუქტურით, მომსახურების დონის ამაღლებით. ჩვენ გვერდით დავუდგებით ტრანსპორტელებს და ვიცი, რომ ისინიც ჩვენს გვერდით იქნებიან ყველა საინტერესო ნოვაციის დროს, ჩვენთან ერთად იზრუნებენ სერვისისა და ქალაქის იმიჯის გაუმჯობესებაზე", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.