ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ გასული 24 საათის განმავლობაში აჭარიდან 16 კოვიდ-ინფიცირებული შეიყვანეს. ამ დროისათვის კლინიკა „ბომონდში“ სულ 52 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 12 ბავშვი და ორი ორსულია.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი პაციენტებიდან რამდენიმეს აღენიშნება პნევმონია, ხოლო აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი ერთ-ერთი ხანდაზმული, 78 წლის ქალბატონი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ქალბატონს ძირითად დაავადებასთან ერთად, სხვა თანხმლები დაავადებებიც აქვს.
კლინიკა „ბომონდში“ ასევე იმყოფება ხუთი საეჭვო პაციენტი, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულებთან კონტაქტებს წარმოადგენენ. აღნიშნულ პირებს ლაბორატორიული კვლევა უკვე ჩაუტარდათ და შედეგებს ელოდებიან.
„გასული ღამის განმავლობაში კლინიკას ასევე მომართა მშობიარემ, რომელსაც სამშობიარო ტკივილები უკვე დაწყებული ჰქონდა, თუმცა იმის გამო, რომ 40 კვირის ორსული, 23 წლის გოგონა კოვიდ-დადებითი პაციენტის კონტაქტს წარმოადგენდა, კლინიკებმა უარი უთხრეს მიღებასა და მშობიარობაზე. უნდა ითქვას ისიც, რომ მშობიარეს ერთხელ უკვე ჰქონდა ჩატარებული PCR-კვლევა, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა, თუმცა, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტის გამო, საკონტროლო კვლევა ჩაუტარდა, რომლის პასუხიც გოგონას მშობიარობის დროისთვის არ იყო ცნობილი. გოგონამ ჩვენს კლინიკაში იმშობიარა ფიზიოლოგიური გზით. დაიბადა ჯანმრთელი ნაყოფი. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. დღეს დილით ცნობილი გახდა კვლევის პასუხი და დედას კორონავირუსი არ დაუდასტურდა,“- განაცხადა კლინიკა „ბომონდის“ მეან-გინეკოლოგმა თეონა ლორთქიფანიძემ.